სანდრო როსელს იმედი აქვს, რომ სესკ ფაბრეგასი მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე “ბარსას” ახალი შენაძენი გახდება.
” “არსენალში” ჩვენი წინადადებების განხილვაც არ სურთ, ისინი ფაბრეგასს ტრანსფერზე არ აყენებენ. რამდენიმე თვის წინ ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და მათ ეს არ დავიწყებიათ. ფაბრეგასი “ბარსას” ფეხბურთელი წელს გახდება თუ მომავალ ზაფხულს, ამას ვნახავთ. სესკში ასტრონომიული თანხის გადახდას არ ვაპირებთ. ფაბრეგასის ყიდვას იმ ფასად შევეცდებით, რაც რეალურად ღირს”, – განაცხადა როსელმა TV3-თან ინტერვიუში.
ჩავი ერნანდესმა ბრაზილიელი ადრიანოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. ასევე შეეხო ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალში” მისვლასაც.
“ადრიანოს მოსვლა ჩვენს გუნდს გააძლიერებს. ის ორივე ფეხით კარგად თამაშობს და მისი პოზიციის ფეხბურთელებს დიდ კონკურენციას გაუწევს. იმედი მაქვს, ფაბრეგასიც გადმოვა, მაგრამ ეს კლუბებზეა დამოკიდებული. სესკი “ბარსელონასთვის” ზედგამოჭრილია, მას “ბარსას” დნმ(დეენემი) აქვს”.

ბუსკეტსი: “არსენალის” უფლებებს პატივი უნდა ვცეთ
სერხიო ბუსკეტსი ორიოდ სიტყვით ფაბრეგასის “ბარსაში” სავარაუდო დაბრუნებას შეეხო.
“ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და ჩვენს გუნდს ბევრს შემატებს, მაგრამ ჩვენ “არსენალის” უფლებებს პატივი უნდა ვცეთ. ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ბუსკეტსმა.



