ორი ეპიზოდი “ბარსელონას” ლეგენდის იოჰან კრუიფის შესახებ, გრემ ჰანტერის წიგნიდან – “ბარსა: როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი”
მალე საქართველოში
პირველი ეპიზოდი
1974 წლის 17 თებერვალს სწორედ კრუიფის დამსახურებით, “ბარსამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ანგარიშით 5:0 მადრიდის “რეალზე” ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ეს მატჩი კაუდილიო ფრანკოს – დესპოტის, რომელიც 1939 წლიდან რკინის ხელით მართავდა ესპანეთს – სიცოცხლის უკანასკნელ წელს მოხდა, ამიტომ კატალონიელთა უმრავლესობამ ეს გამარჯვება დიქტატორის კუბოში ჩაჭედებულ უკანასკნელ ლურსმნად და საკუთარი მონობის დასასრულად აღიქვა: მადრიდის “რეალი” ფრანკოს მთელი მმართველობის განმავლობაში, ბევრი თვალსაზრისით, მის სახელთან ასოცირდებოდა, რის გამოც ელ-კლასიკოს მნიშვნელობა ყოველთვის სცილდებოდა მხოლოდ თამაშის ფარგლებს.
კრუიფის პირველი კლასიკო, “ბარსაში” მისთვის პირველი ტიტულის მომტან სეზონში შედგა. მისი პირველი შვილი, ჟორდი სწორედ ამ მატჩის დღეს – 17 თებერვალს უნდა დაბადებულიყო. კრუიფი ამბობს: “სანამ ცოცხალი ვარ, ის თამაში არასოდეს დამავიწყდება. დანის (ცოლს) სწორედ ამ დღეს უნდა ემშობიარა, მაგრამ მინდორზე გასვლა რომ შემძლებოდა, გადავწყვიტეთ, საკეისრო კვეთა ერთი კვირით ადრე ჩაგვეტარებინა.
გულახდილად გეტყვით, იმ დღემდე სრულად არც მქონდა გააზრებული, თუ რამდენად ძლიერ გრძნობებს აღძრავდა “ბარსელონისთვის” “რეალთან” თამაში, ამიტომ იმ ეფექტმა, რომელიც დიდი ანგარიშით მოგებამ გამოიწვია, სულ სხვა თვალით დამანახა “ბარსელონა” და შესაძლოა, სწორედ ამან მიმაჯაჭვა კლუბს მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე”.
რომ არა საკეისრო კვეთა, დიდი ალბათობით არც 5:0 იქნებოდა…
მეორე ეპიზოდი
კრუიფისთვის არაერთგზის უსაყვედურიათ, რომ ის ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებდა ფულს. ეს შეხედულება ნამდვილად სასაცილო და ცინიკურია, რადგან ფეხბურთელებს, რომლებიც ტალანტით მას ბევრად ჩამოუვარდებოდნენ, კვირაში 100.000 გირვანქა სტერლინგს და მეტსაც უხდიან. თუმცა მისი, როგორც მოთამაშის კარიერაში იყო სახალისო ამბავი, რომელშიც ნათლად ჩანს მისი ხასიათი. მან კარგად იცის საკუთარი ფასი, ოღონდ ამ საკითხისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს და, ბევრი თანამედროვე ფეხბურთელისგან განსხვავებით, გადაჭარბებით როდი აფასებს საკუთარ ღირსებებს. ამასთან, როცა ამით სარგებლის მიღების შანსი ეძლევა, შეუძლია, საოცარი გამომგონებლობაც გამოიჩინოს.
1980-ანი წლების დასაწყისში, შეერთებულ შტატებსა და ლა-ლიგაში “ლევანტეს” შემადგენლობაში გატარებული პერიოდის შემდეგ, კრუიფი “აიაქსში” ჯერ დირექტორად დაბრუნდა, მერე კი კვლავ მინდორზე გამოვიდა. შედეგად, დასუსტებულ გუნდს კვლავ ტიტულების მოსაპოვებლად გაუძღვა და 1982-83 წლებში დუბლიც შეასრულებინა. მიუხედავად ამისა, “აიაქსის” პრეზიდენტმა ტონ ჰარმსენმა მიიჩნია, რომ 36 წლის კრუიფს საკუთარი შესაძლებლობები ამოეწურა და მასთან ახალი კონტრაქტის დადება არ ისურვა.
კრუიფს რთული არჩევანის გაკეთება მოუხდა. ის “ფეინოორდში”, “აიაქსის” დაუძინებელ მტერთან გადავიდა. ახალ კლუბს მისთვის შესაფერისი ხელფასის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამიტომ მან წამოაყენა შესანიშნავი გეგმა, რომლის მიხედვითაც, “ფეინოორდი”, რომელიც სტადიონზე საშუალოდ 10000 კაცს აგროვებდა, გუნდში კრუიფის მოსვლის წყალობით ამაზე მეტი მაყურებლის მოზიდვის შემთხვევაში, გაზრდილი შემოსავლის წილს გადაუხდიდა. კრუიფის წინადადებით, შემოსავალი, რომელსაც პირველი 1000 ნამატი გულშემატკივარი მოიტანდა, გუნდს უნდა დარჩენოდა, ხოლო “დე კუიპის” სტადიონზე მოსული ყოველი მომდევნო 1000-ეულის მიერ გადახდილი თანხა მასსა და “ფეინოორდს” შორის თანაბრად გაიყოფოდა. ამგვარად, სტადიონზე სულ მოსული 20000-იდან, 4500 გულშემატკივრი, ბილეთის ყიდვისას, ბილეთის ფულს კრუიფს უხდიდა.
ის სიამოვნებით იხსენებს: “ჩვეულებრივ, მატჩებს 40000 კაცით ვავსებდით და ამას ეკონომიკური წარმატება მოჰქონდა ჩემთვისაც და კლუბისთვისაც. უფრო მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ თასიც მოვიგეთ და ჩემპიონატიც. ამდენად, იმ სეზონმა დიდი სიამოვნება მომანიჭა”.
გრემ ჰანტერი – “ბარსა: როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი”
მალე საქართველოში



