მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპის გზა მესამე დივიზიონიდან მსოფლიო ბატონობამდე

პეპის გზა მესამე დივიზიონიდან მსოფლიო ბატონობამდე

ამონარიდი გრემ ჰანტერის წიგნიდან – “ბარსა: როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი”

 

2003 წელს, “კამპ ნოუზე” ისტორიული მნიშვნელობის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ჟოან ლაპორტას გამარჯვებით, კლუბის აყვავების ხანა დაიწყო, მისი უმთავრესი კონკურენტი კი ლუის ბასატი გახლდათ.

ბასატი საკმარისად გამჭრიახი იყო საიმისოდ, რომ სათანადოდ შეეფასებინა, მაშინ ჯერ კიდევ “რომაში” მყოფი გვარდიოლა, კლუბისთვის ძალზე ფასეული იქნებოდა. ს/კ “ბარსელონის” პრეზიდენტობის კანდიდატს ჯერ მხოლოდ 32 წლის გვარდიოლას მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სურდა.

ის იხსენებს: “როდესაც 2003-ში პრეზიდენტობისთვის ვიყრიდი კენჭს, რომში პეპთან შესახვედრად ჩავედი. ვიცოდი, რომ ჭკვიანი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც “ბარსა” უყვარდა და კლუბისთვის დაუღალავად იშრომებდა. ექვსი საათი ვისაუბრეთ და დამარწმუნა, რომ მწვრთნელობისთვის ჯერჯერობით მზად არ იყო. მას მწვრთნელის ლიცენზიაც არ ჰქონდა აღებული.

ამის შემდეგ გადავიფიქრე და გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნებოდა, გამარჯვების შემთხვევაში, კლუბის საფეხბურთო დირექტორად მომეწვია. ამ ადგილზე ისეთივე ბრწყინვალე იქნებოდა, როგორი ბრწყინვალე მწვრთნელიც ის ახლაა”.

ბასატი არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა, ამიტომ გვარდიოლა მინდორს დაუბრუნდა და თავისი მომავლის მზადებას შეუდგა. სამწვრთნელო ლიცენზია მოიპოვა და თითქმის მაშინვე “ბარსა ბ”-გუნდის მწვრთნელადაც დაინიშნა.

2007 წლის ივნისში, კლუბის მესვეურთა ჯგუფმა – ლაპორტას, კრუიფის, ბეგირისტაინისა და ევარისტ მურტრას (საბჭოს წევრი) შემადგენლობით გადაწყვიტა, რომ გვარდიოლას სამშობლოში დაბრუნების დრო დამდგარიყო, თუმცა ცოტა იმაზე იკამათეს, თუ რამდენად სწორი იქნებოდა “ბარსა ბ”-გუნდის მწვრთნელად მისი დანიშნვნა. 

გვარდიოლას დანიშვნას გარკვეული სევდისმომგვრელი გარემოება ახლდა, რადგან მან შეცვალა კუიკე კოსტასი, ანუ კაცი, რომელმაც წლების წინ “ბარსა ბ”-ს მწვრთნელობისას, ახალბედა ნახევარმცველს მრავალი რჩევა მისცა და კრუიფის გუნდში მოსახვედრად გზაც გაუხსნა. ახლა გვარდიოლა, გუნდის მიერ ჩატარებული უფერული სეზონის შემდეგ, მის პოსტს იკავებდა.

გვარდიოლაში, თუმც ჯერჯერობით გაუმჟღავნებლად, უკვე ღვიოდა ციცნცხალი, მტკიცე, დამშეული ლიდერის თვისებები. “ბარსა ბ”-ს მწვრთნელად წარდგენისას, მან განაცხადა: “ის, რასაც მინდორზე თამაშის დროს წარმოვადგენდი, წარსულს ჩაჰბარდა. როგორც მწვრთნელს, ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია და ნოლიდან ვიწყებ. მხოლოდ გამარჯვებით მოვიპოვებ ნდობას, მხოლოდ ამ გზით შეიძლება გაიზარდო, როგორც მწვრთნელი.

უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი დონის ფეხბურთელების აღზრდა უნდა განვაგრძოთ, მაგრამ თუ გამარჯვებებს ვერ მოვიპოვებ, თუ წინსვლას ვერ მოვახერხებთ, აქ აღარ გამაჩერებენ. საკითხი სწორედ ასე დგას.

სხვა წინადადებები არ მიმიღია, ამიტომ “ბარსას” მადლიერი ვარ, რადგან რომ არა ისინი, შინ უსაქმოდ ჯდომა მომიწევდა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვგრძნობ დიდ სიამაყესა და პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ამ კლუბში დავბრუნდი. ჩემს მისიას არა როგორც მესამე დივიზიონში მუშაობას, არამედ როგორც “ბარსა ბ”-ში საქმიანობას, ისე აღვიქვამ. ფეხბურთელები იმაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, რომ მესამე დივიზიონში თამაშობენ, არამედ მთავარ გუნდში მოსახვედრად უნდა გაისარჯონ”.

ლაპორტა, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხით, მოგვიანებით იხსენებდა: “ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ პეპი “ბარსა ბ”-ს უხელფასოდ გაწვრთნასაც კი დათანხმდებოდა”.

იმ პერიოდში “ბ” გუნდი მესამე დივიზიონში დაქვეითებას განიცდიდა და პეპს სტაბილური, შეთამაშებული გუნდი როდი დახვდა. “კამპ ნოუდან” ასიოდე მეტრის მოშორებით მდებარე 15000-კაციან “მინი ესტადიზე” პირველი მატჩის წინ ერთობ სახალისო სიტუაცია შეიქმნა. მისი გუნდის მონდომებული, გამოუცდელი მოთამაშეები ვარჯიშის დროს ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ მასზე შთაბეჭდილება მოეხდინათ და გვარდიოლას ხშირად უხდებოდა იმ სიტყვების წამოძახება, რომელიც კატალონიური ტელევიზიისთვის მის მიერ 20 წლის წინ მიცემულ პირველ ინტერვიუს მოგაგონებდათ.

“მე არ ვითხოვ თქვენგან მესის დრიბლინგის გამეორებას; გადაცემა, გადაცემა და კვლავ გადაცემა. ზუსტი პასები, კარგი მოძრაობა, ისევ პასი, პასი, პასი და პასი.

მინდა ნებისმიერი მოძრაობა აზრიანი, ყველა პასი ზუსტი იყოს – სწორედ ამით გამოვირჩევით სხვა გუნდებისგან და ამის ხილვა მსურს”.

სეზონის დაწყებამდე გვარდიოლა კაპიტნებს შეხვდა და შეჰპირდა, რომ ზედიზედ სამი შეხვედრის მოგების შემდეგ, ის მთელ გუნდს საკუთარი ხარჯით, ვარჯიშის დამთავრებისთანავე, ლანჩით გაუმასპინძლდებოდა. მის ბიჭებს მხოლოდ ერთი თვე დასჭირდათ მისი საფულის პირველად შესათხელებლად და ეს იმ სეზონში ერთადერთი შემთხვევა არ იყო – ისინი არაერთხელ ნახეს სხვადასხვა რესტორანში.

ბევრი რამის ნახვა, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, მაშინ გაცილებით იაფი ბილეთის ფასად იყო შესაძლებელი. როცა ფლანგის მცველები გარბოდნენ ფლანგზე შეტევაში, ცენტრალური მცველები ფლანგის მცველებად გარდაიქმნებოდნენ, ამ დროს ვინგერები (ფლანგის შემტევი ნახევარმცველები) მოედნის შუაგულისკენ მიიწევდნენ და ხუთფორვარდიან წინა ხაზს ქმნიდნენ. სერხიო ბუსკეტსი ძირითადად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე იღებდა პრაქტიკას და ხშირად უკან იხევდა მცველების დასახმარებლად, როდესაც საწყისი 4-3-3 ტაქტიკა 3-4-3-ად გარდაიქმნებოდა. ცენტრალური თავდამსხმელი და ორი ფლანგის ნახევარმცველი ერთობლივ პრესინგს მიმართავდნენ, როცა მოწინააღმდეგეს თამაშში ბურთი, დაცვითი ხაზიდან შეყავდა.

”ბარსა ბ”-მ 21 თამაში დაუმარცხებლად ჩაატარა. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად ის, რაც მომავალში, 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინასამატჩე მზადებისას რომში იქნა გამოყენებული – სამოტივაციო ვიდეო. სეზონის დასკვნითი შეხვედრის – “ბარბასტროსთან” პლეი ოფის განმეორებითი მატჩის წინ, მან თავის შეგირდებს უჩვენა ფილმი 60 წლის კაცისა და ცერებრალური დამბლით დაავადებული მისი შვილის შესახებ, რომლებიც ერთად ე.წ. “რკინის კაცის” შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ. პეპმა ფილმი გუნდს მატჩამდე 15 წუთი უჩვენა. ფილმში ასახული ბევრი სხვადასხვა ტიპის შეჯიბრის დროს, მამას საკუთარი შვილის ხელით ტარება ან სირბილი უწევდა. მოგვიანებით, ზოგიერთმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მინდორზე გასვლისას, თვალზე ცრემლები ჰქონდა მომდგარი. შემდეგ კი, “მინი ესტადიზე” შეკრებილმა ათი ათასმა მაყურებელმა იხილა ვიქტორ ვასკესის გოლი, რომლის წყალობითაც, “ბარსა ბ”-მ “სეგუნდა ბ”-ში დაბრუნების უფლება მოიპოვა.

ამ პერიოდში გვარდიოლამ უკვე რამდენიმე თვით ადრე იცოდა, რომ სავარაუდოდ, მომდევნო სეზონში, ის რაიკაარდს შეცვლიდა.

 

გრემ ჰანტერი – “ბარსა: როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი”

 

მალე გაყიდვაში

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში