დღეს ღამით კატალონიელები ვალენსიურ კლუბს დაუპირისპირდებიან. ალბათ, სეზონის დაწყების წინ ვინმეს რომ კალენდარში ჩაეხედა და 25 ნოემბერს მონიშნული შეხვედრისთვის მოეკრა თვალი, დიდ ყურადღებას არც მიაქცევდა, რადგანაც ლევანტე არც ისტორიით, არც ფინანსებითა და არც შემადგენლობით არ განეკუთვნება გრანდთა კატეგორიას, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. ეს გუნდი საშინაო არენაზე წელს მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ისიც უშუალო კონკურენტ მადრიდის რეალთან. დიახ, სატურნირო ცხროილის მიხედვით მე-13 ტურის წინ მადრიდელები და ვალენსიელები სწორედაც რომ გვერდიგვერდ გახლდნენ განლაგებულნი, შესაბამისად მე-3 და მე-4 ადგილებზე.
ლევანტელებთან სერიოზულად მიდგომის აუცილებლობას კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმაც გაუსვა ხაზი წინასამატჩო განცხადებებში და არც ის ფაქტი ეჩვენა დამაარხეინებელ არგუმენტად, რომ აქაოდა ლევანტეს შემადგენლობა გადაბერებულიაო. ერთი სიტყვით, წინ საინტერესო მატჩი გველის. მითუმეტეს, რომ მოწინააღმდეგე გუნდის სახელი კატალონიელ გულშემატკივრებში ნამდვილად სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს.
გავიხსენოთ 2005 წლის გაზაფხული. კატალონიელები მაშინ გაჩემპიონების მცირე იმედებით გაემგზავრნენ დებიუტანტებთან სათამაშოდ. მაგრამ ამ მატჩს წინ უძღვოდა სევილიასა და მადრიდის რეალის თამაში ანდალუზიაში, რომელშიც, ყველასთვის მოულოდნელად, მადრიდელებმა ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება, რაც, პირველ რიგში, დალაქების ბრაზილიელი ლიდერის ჟულიო ბაპტისტას შესანიშნავი თამაშის დამსახურება გახლდათ. მატჩი ფრედ 2–2 დასრულდა. ამის შემდეგ “ბარსას” უკვე ქულის აღებაც ჰყოფნიდა ლევანტეში თასის ასაწევად. მთელი მატჩის განმავლობაში შეინიშნებოდა ნერვიულობა და ჩემპიონობის აღნიშვნის სამზადისი. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, კატალონიელები 7 წლიანი პაუზის შემდეგ ასე ახლოს იყვნენ ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულთან! მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა, რადგანაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, ამას ისიც დაემატა, რომ ლევანტე პირველ ტაიმშივე დაწინაურდა, პირველი ტაიმი ამ შედეგითვე დასრულდა და რაღაც მომენტში შეიძლებოდა გულშემატკივარს ის აზრიც დაეშვა, რომ კატალონიელთა გაჩემპიონება ერთი ტურით გადაიწევდა, თუმცა ერთ–ერთი კუთხურის მოწოდებისას დასწრებაზე საუცხოოდ ითამაშა რაფაელ მარკესმა. მის მიერ ნახტომში თავით გაგზავნილი ბურთი პირდაპირ სამუელ ეტო’ოსკენ გაფრინდა, რომელმაც უპრობლემოდ გამოავლინა თავისი ჩვეული ცივსისხლიანობა და წყნარად მიუჩინა ადგილი ბურთს მეტოქის კარის ბადეში. მატჩიც ასე, ფრედ 1–1 დასრულდა და კატალონიელებმა ზეიმი საფინალო სასტვენის შემდეგ მომენტალურად დაიწყეს. ამ სეზონს, ამ ტიტულსა და ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა “ბარსელონას” ისტორიაში, რადგანაც სწორედ ამის შემდეგ დაიბრუნა გუნდმა ძველი, დროებით დაკარგული, დიდება და დღემდე მისაბაძი მაგალითს წარმოადგენს. ამ ყველაფერს კი საფუძველი სწორედ ლევანტეში ჩაეყარა.
ერთი სიტყვით დაველოდოთ. ორივე გუნდს კონკრეტული ამოცანა აქვს: კატალონიელები ცდილობენ გაზარდონ ქულადა სხვაობა უშუალო მდევართან- ატლეტიკოსთან, რომელიც თავის მხრივ სევილიას ეთამაშება, ხოლო ლევანტელების საზრუნავი კი სავარაუდოდ მინიმუმ ქულის აღება და რეალთან მესამე ადგილისათვის ბრძოლის გაგრძელება იქნება.



