ტიტო ვილანოვამ კვლავ აღნიშნა ლა ლიგის შეხვედრების სირთულე და შეგვახსენა, რომ “შეხვედრები “ლევანტესთან” ყოველთვის რთული გამოდიოდა. ვიცით, თუ როგორ გაგვიჭირდება. ისინი შეტევაში ძალაინ სწრაფად თამაშობენ. შინ მათ ფრედ ითამაშეს “ატლეტიკოსთან” და დამარცხდნენ “რეალთან”, დანარჩენ შეხვედრებში კი იმარჯვეს” – დაამატა მწვრთნელმა.
მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე გუნდს ელის გასვლითი შეხვედრები “ბეტისთან” და “ვალიადოლიდთან”, ასევე საშინაო მატჩები “ატლეტიკთან” და “ატლეტიკოსთან”.
როდესაც ვილანოვას “ლევანტეს” ფეხბურთელების მაღალ ასაკზე შეეკითხნენ, თუ როგორ გაუწევენ ისინი კონკურენციას ახალგაზრდა “ბარსას” მწვრთნელმა მიუგო: “ასაკი მოედანზე განსხვავდება პასპორტის ასაკისგან. მთავარია, რომ თავად ფეხბურთელები იყვნენ მაღალი კლასის და არა მათი ასაკი“. მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ “მიუხედავად “ლევანტესთან” რთული გასვლითი მატჩებისა გულშემატკივრები კარგად გვღებულობენ“.
ტრავმირებულები
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ 2 დღიანი დასვენების შემდეგ “ფეხბურთელები კმაყოფილები და დასვენებულები დაბრუნდნენ. სეზონის განმავლობაში მათ დასვენების საშუალებას მივცემთ. განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც მატჩებს შორის 5 დღე გვექნება” – ახსნა მწვრთნელმა. ტიტომ სიხარული გამოხატა ტიაგო ალკანტარას და ადრიანო კორეიას დაბრუნების გამო: “მათი დაბრუნება დიდი სიხარულია ჩვენთვის. ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან“. რაც შეეხება დავიდ ვილიას, რომელიც მარცხენა ტერფში ტკივილს გრძნობს ვილანოვამ აღიარა: “ზუსტად ამ მიზეზის გამო არ ითამაშა მან მეორე ტაიმში მოსკოვში. ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვირჩევნია, რომ მან დაისვენოს” – დაამატა მან.
1 წელი ოპერაციიდან
ტიტო ვილანოვამ ასევე ისაუბრა ოპერაციაზე, რომელიც მან 1 წლის წინ გაიკეთა და იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მას შემდეგ მისი ცხოვრება: “ხუთშაბათს ზუსტად 1 წელი გავიდა. ყოველ დღე შენი ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ უნდა იყოთ ძლიერები და ოჯახის წევრები გიჭერდნენ მხარს. თუკი ვინმეს ასეთი რამ მოუვა მე ვურჩევ, რომ კარგად დაისვენოს. მე ეს დღე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ავღნიშნე, ეს განსაკუთრებული დღე იყო“.



