გუნდმა კვირის პირველი სესია სანაკრებო შეხვედრებში გამოძახებული 11 ფეხბურთელის გარეშე ჩაატარა. კარლეს პუიოლი, რომელმაც მცირე ტრავმის გამო ბუქარესტში მატჩი გამოტოვა სრულად ივარჯიშა. ტიაგო განცალკევებით, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა.
2012/13 წლის პრე-სეზონი დასრულდა და 2 დღიანი დასვენების შემდეგ გუნდი ”სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა სესიაზე ის 11 ფეხბურთელი არ იმყოფებოდა, რომლებიც სანაკრებო ამხანაგურ მატჩებში გამოიძახეს.
ტიტო ვილანოვას განკარგულებაში პირველი გუნდის მხოლოდ 10 მოთამაშე იყო – ჩავი, ვილია, პინტო, ალბა, ადრიანო, დოს სანტოსი, მონტოია, ფონტასი, ბარტრა და პუიოლი. სესიაზე ასევე სარეზერვო გუნდის მოთამაშეები, ტელიო, სერხი რობერტო და ბანიუსი იმყოფებოდნენ.
ტიაგო აღდგენაზე მუშაობს
ტიაგო ალკანტარა ახალ სეზონში პირველად გამოჩნდა სავარჯიშო მოედანზე, თუმცა ის განცალკევებით ასრულებდა სპეციალურ დავალებებს. ტიაგოს ტრავმა გასული სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ აწუხებს, როცა მარჯვენა ფეხში ძლიერი დარტყმა მიიღო.
გუნდმა ამ სავარჯიშო სესიით კვირას, ”რეალ სოსიედადთან” გასამართი შეხვედრის დაუწყო მზადება. შემდეგი სავარჯიშო სესია ხვალ დილით ჩატარდება, რომელსაც კვლავ გამოტოვებენ სანაკრებო მატჩებზე გამოძახებული ფეხბურთელები.


