“ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 20 წლის სერხიო არაუხო, მომდევნო სეზონში, კატალონიელთა მე-2 გუნდში ითამაშებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” და “ბოკა ხუნიორსმა” შეთანხმებას მიაღწიეს. მომდევნო 1 წლის განმავლობაში, არაუხო “ბარსა ბ”-ში ითამაშებს და გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ამჟამად, არაუხო ბარსელონაში მიემგზავრება, სადაც იგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ახალგაზრდა თავდამსხმელი სერხიო არაუხო, რომელსაც ზედმეტსახელად “ჩინოს” ეძახიან, 1992 წლის 28 იანვარს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დაიბადა. ფეხბურთის თამაში მან “ატლეტიკო ატლანტაში” დაიწყო, სადაც ახალგაზრდა ტალანტი სკაუტმა, რამონ მადონიმ შეამჩნია. ამის შემდეგ, არაუხომ კარიერა “ბოკა ხუნიორსში” განაგრძო.
ბუენოს აირესელებთა პირველ გუნდში არაუხოს დებიუტი 2009 წელს ჰქონდა. “ბოკას” მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ალფიო ბასილემ, “ბანფილდთან” გამართულ შეხვედრაში, არაუხო მე-2 ტაიმში ათამაშა. პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი არაუხომ 2010 წლის 21 ნოემბერს, “არსენალ სარანდის” კარში გაიტანა.



