18 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მას კიდევ უფრო განვითარების იმედი აქვს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თქმით, მისი მიზანი ტიტულების მოგებაა და ამისათვის სეზონის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.
“ყოველი ახალ სეზონში, ვცდილობ კიდევ უფრო მოვუმატო. არ ვგულისხმობ გოლების რაოდენობას. საუბარი მაქვს ზოგადად თამაშზე. იმედი მაქვს, განვითარებას კიდევ შევძლებ. ჩვენი მთავარი მიზანი ტიტულების მოგებაა. ამ მიზნის მიღწევა ყოველწლიურად უფრო და უფრო რთული ხდება. ყოველი ტიტულისთვის სეზონის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, თითქოს ეს უკანასკნელი შანსი იყოს.
ვწუხვართ იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგა დავთმეთ და “რეალთან” “კამპ ნოუზე” წავაგეთ, მაგრამ წინა სეზონი უკვე ისტორიაა. ახალი სეზონისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ.
ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ ვთვლი, რომ ახალი თავდამსხმელი არ გვჭირდება. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვილია გვიბრუნდება. გუნდისთვის და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისეთივე ვილია ვიხილოთ, როგორსაც ტრავმის მიღებამდე ვხედავდით. მას ბევრი გოლი გაჰქონდა და ტრავმის შემდეგ, დავიდი ძალიან დაგვაკლდა”.
FIFA-ს ოქროს ბურთი
“გამარჯვებულის გამოვლენამდე დიდი დროა დარჩენილი. ისიც კი არ ვიცით, ვინ იქნება ჯილდოზე წარდგენილი. იმედი მაქვს, ოქროს ბურთი “ბარსელონაში” დარჩება და რაც მეტი კანდიდატი იქნება ჩვენი გუნდიდან, მით უკეთესი. ვთვლი, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების გამო, ოქროს ბურთს ჩავი და ინიესტა იმსახურებენ”.
ტიტო ვილანოვა
ტიტო ვილანოვა მესის იმ დროს წვრთნიდა, როდესაც არგენტინელი “ბარსას” ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. დღეს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იმ დროს ღიმილით იხსენებს: “მაშინ, ჩვენ ბავშვები ვიყავით. ის პატარა ფეხბურთელებს წვრთნიდა და მათ განვითარებაში ეხმარებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთს პირველ გუნდში შევხვდებოდით, მაგრამ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ტიტო “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელია.



