ყოველ დღე ხორდი ალბა უფრო მეტად უახლოვდება ”ნოუ კამპს”. ”ბარსელონას” აღზრდილი, რომელიც ამჟამად ”ვალენსიას” ღირსებას იცავს სავარაუდოდ უახლოეს ზაფხულში კატალონიური გუნდის ფორმას მოირგებს.
თანხაზე შეთანხმებისთვის ”ბარსას” და ”ვალენსიას” ხელმძღვანელებს 4 მილიონი ევრო აშორებთ. კატალონიელები 23 წლის ფეხბურთელში ”ღამურებს” 8 მილიონს სთავაზობენ, კლუბი კი 12 მილიონს ითხოვს.
”ვალენსიამ” იცის, რომ ფეხბურთელში დიდი თანხის მოთხოვნა არ შეუძლია, რადგან ფეხბურთელს მომავალ სეზონში კლუბთან კონტრაქტი უსრულდება, რომელიც ხორდიმ არ გაახანგრძლივა. ფეხბურთელს ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2013 წლის 30 ივნისს ეწურება, ამიტომაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ბოლო შანსია იმისთვის, რომ ”ვალენსიამ” ფეხბურთელის სანაცვლოდ ფული მიიღოს.
ყველა ამბობს, რომ კლუბების შეთანხმება დროის საკითხია. დიდი შანსია, რომ ხორდი ალბა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე გახდება ”ბარსელონას” ფეხბურთელი.


