კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, მონაწილეობა მიიღო პრესკონფერენციაში, რომელიც გვარდიოლას გუნდიდან წასვლის თემას შეეხებოდა. გამოცდილი მცველი ნანობდა გვარდიოლას წასვლას, მაგრამ განაცხადა რომ გუნდი პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას.
“პეპის გადაწყვეტილების შესახებ ჩვენ დილით ადრე, ვარჯიშის წინ გავიგეთ. ყველანი შოკში ვიყავით. ლონდონის “ჩელსისთან” განცდილი მარცხის შემდეგ ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ პეპი დარჩებოდა. ჩვენ ძალიან გვინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. მინდა დაგრწმუნოთ იმაში, რომ თითოეული ფეხბურთელი პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას. ეს გვარდიოლასთვის ძალზედ რთულია, მაგრამ ამასთანავე რთულია მიიღო ფეხბურთისგან სიამოვნება როდესაც 24 საათის განმავლობაში მუშაობ, ეს ყველაფერი გღლის და ძალ-ღონეს გართმევს. ტიტო – საუკეთესო ვარიანტია პეპის შესაცვლელად. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ტიტოს შესახებ ცუდი კუთხით არაფრის თქმა არ შეიძლება. როგორც მწვრთნელი ის თითოეულ ჩვენთაგანს ბევრად უკეთ იცნობს ვიდრე ნებისმიერი სხვა, მან იცის გუნდის ფილოსოფია, იგი გვარდიოლასთან ერთად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, ასე რომ ტიტო საუკეთესო კანდიდატურაა”.
მთელი გუნდის სახელით კარლეს პუიოლმა მადლობა გადაუხადა პეპს, ერთად გატარებული დროისთვის.
“მინდა მადლობა გადავუხადო პეპს, რომელმაც ჩვენ ძალზედ დიდი ცოდნა შეგვძინა. ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე მადლიერნი ვიქნებით მისდამი. ასეთია ფეხბურთი, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება. ჩვენ შევეცდებით ყველაფერს რათა გავაგრძელოთ პროექტი, რომელიც მან წამოიწყო”.
კარლესი თვლის, რომ საუკეთესო საშუალებს რითიც გუნდს შეუძლია მადლობა გადაუხადოს პეპს, ესპანეთის თასის მოგებაა.
“ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი შანსი რათა წლევანდელ სეზონში ტიტულს დავეუფლოთ, ჩვენ მწვრთნელისთვის ვითამაშებთ. ვითამაშებთ ისე, როგორც არასდროს, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ პეპის გულისთვის”.
პუიოლმა აგრეთვე დაიცვა თანაგუნდელი, ლიონელ მესი, რომელსაც პრესკონფერენციაზე არ დასწრების გამო აკრიტიკებდნენ.
“ის ძალიან განიცდიდა მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას, მისთვის ეს ძალზედ რთულია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პრესკონფერენციას მხოლოდ კაპიტნები დაესწრებოდნენ, მაგრამ შემდეგ სხვა ფეხბურთელებიც შემოგვიერთდნენ. აქ არ არის საუბარი რაიმე კონფლიქტზე. თქვენ ამბობთ, რომ გუნდი გაყოფილია, ეს კი სრული სიცრუეა. გვარდიოლასთვის სიცოცხლესაც კი არ დავიშურებთ”.



