ვიქტორ ვალდესი: “ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ “სევილიასთან” ყოველთვის ასეა. საჭიროა ამავე გზით გავაგრძელოთ სვლა და მოვიგოთ ყველა დარჩენილი შეხვედრა. იმედი მაქვს, ლიდერთან სხვაობას შევამცირებთ. ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ძალიან რთულია ლა ლიგის მოგება. ლიდერებს უდიდესი უპირატესობა აქვთ და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მოსაგებად გავიდეთ მინდორზე და დაველოდოთ მადრიდელთა შეცდომას. ჩვენ პროფესიონალები ვართ”.
“ეს გამარჯვება აბიდალს ეკუთვნის. რთული პერიოდია, რომელიც წარმატებულად უნდა გავიაროთ. ის ძალა და რწმენა, რაც ერიკს აქვს, დაეხმარება, რომ ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს. კიდევ ერთი შედევრი მესისგან, შესანიშნავი გოლი გაიტანა”.
სერხიო ბუსკეტსი: “ძალიან მნიშნველოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. უნდა ვეცადოთ, რომ ლიდერთან სხვაობა შევამციროთ. დიდებულად ვითამაშეთ პირველ ტაიმში და შეგვეძლო გასახდელში ბევრად დიდი უპირატესობით გასვლა, თუმცა ასე არ მოხდა. მეორე ნახევარშიც მრავლად გვქონდა მომენტები, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. “სევილიამ” შესანიშნავად ითამაშა, დიდებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. საჭირო იყო მატჩის გაკონტროლება, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ცოტა მოვეშვით. ძალიან გვინდა “რეალთან” მიახლოვება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. იმედია, ქულებს დაკარგავენ”.
ხერარდ პიკე: “კარგად ვითამაშეთ. “სანჩეს პისხუანზე” ასპარეზობა ყოველთვის რთულია, ჩვენ ვდომინირებდით პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში კი უბრალოდ ვაკონტროლებდით მის მატჩის მიმდინარეობას. ყველანი აბიდალის მხარეს ვართ, მას ჩვენი სიყვარული და გვერდში დგომა სჭირდება. უნდა დავივიწყოთ რა ხდება მოედნის გარეთ და მხოლოდ თამაშზე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ცუდია, რომ ერიკი გვერდით არ გვყავს. ვცდილობთ მასთან ერთად ვიყოთ, მაგრამ მინდორზე ჩვენი საქმე კარგად უნდა შევასრულოთ. ყოველ კვირა სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ და დაველოდებით მადრიდელთა შედეგებს. ბრძოლას არ ვწყვეტთ”.
პედრო როდრიგესი: “ქულების დაკარგვის გარეშე უნდა ვითამაშოთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მიჭირს გოლი გატანა, მაგრამ ცდას არ ვაკლებ. ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გავუშვით ხელიდან”.
ფრანსესკ ფაბრეგასი: “პირველ ტაიმში ვდომინირებდით მინდორზე. შეგვეძლო 0:4-ის მოგება, მაგრამ სევილიაში თამაში ყოველთვის დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. მათი ფეხბურთელები ძალიან სწრაფები არიან. ვეცდებით, რომ საჩემპიონო რბოლას დავუბრუნდეთ. გვსურს ყველა შეხვედრის მოგება. ერიკ აბიდალი სრულყოფილი, პატიოსანი და გულწრფელია როგორც პრივონება, ისე ფეხბურთელი. ჩვენ 100%-ით მხარში ვუდგავართ ფრანგს”.



