სახელი: ხერარდო დანიელ მარტინო
დაბადების ადგილი: როსარიო (არგენტინა)
დაბადების თარიღი: 20.11.1962
ხერარდო “ტატა” მარტინო “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად 2013 წლის 26 ივლისს დაინიშნა, როდესაც მისი პრეზენტაცია “აუდიტორია 1899”-ში მოხდა. ტატა მარტინომ ტიტო ვილანოვა შეცვალა, რომელმაც გუნდი ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა. ამ დროისთვის, “ბარსას” 2013-14 წლების სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებული ჰქონდა.
ტატა მარტინო 1962 წლის 20 ნოემბერს, არგენტინაში, როსარიოში დაიბადა. მან სამწვრთნელო კარიერა 1998 წელს, “ბრაუნ დე არესიფეში” დაიწყო. 1999-2000 წლების სეზონში, მარტინომ კიდევ ერთ არგენტინულ კლუბს, “პლატენსეს” მიაშურა, ხოლო მომდევნო სეზონში, მან “ინსიტუტო კორდობა” ჩაიბარა.
2002 წელს, ხერარდო მარტინომ სამუშაოდ პარაგვაის მიაშურა, სადაც მან თავისი პირველი ტიტული მოიგო. ტატას კარიერაში პირველი პარაგვაული კლუბი “ლიბერტადი” იყო, რომელთანაც ერთად მან პარაგვაის აპერტურა და კლაუსურა მოიგო. ეს 2002 წელს მოხდა. მომდევნო წელს, მისმა გუნდმა აპერტურა კიდევ ერთხელ მოიგო. მარტინოს კარიერაში მომდევნო კლუბი “სერო პორტენიო” იყო, რომელსაც მან არგენტინის ჩემპიონატი 2004 წელს მოაგებინა. არგენტინულ “კოლო დე სანტა ფეში” ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2005 წელს, ის “ლიბერტადს” დაუბრუნდა.
2006 წელს, ხერარდო მარტინო პარაგვაის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მან გუნდი 1/4-ფინალში გაიყვანა, სადაც სამხრეთ ამერიკელებს მომავალმა ჩემპიონმა, ესპანეთმა გაჭირვებით სძლია. მომდევნო წელს, მარტინო პარაგვაის კოპა ამერიკის ფინალამდე გაუძღვა.
ეროვნულ ნაკრებში მუშაობის დროს, ტატა მარტინომ არგენტინული “ნიუელზ ოლდ ბოიზი” ჩაიბარა, რომელიც იმ დროისთვის უმაღლესში დარჩენისთვის იბრძოდა. მომდევნო სეზონში, მარტინომ გუნდს არგენტინის ჩემპიონატის, ტორნეოს ფინალი მოაგებინა. ეს 2013 წელს მოხდა. იმავე წელს, “ნიუელზ ოლდ ბოიზი” ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში გავიდა.
ტატა მარტინოს მიერ გაწვრთნილ ყველა გუნდს რამდენიმე რამ ახასიათებდა: შეტევაზე ორიტენტირებული ფეხბურთი, შემოქმედებითი და სწრაფ პასებზე დაფუძნებული თამაში. გარდა ამისა, მარტინოს გუნდები მეტოქეს მისსავე ნახევარზე აპრესინგებენ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდ მნიშვნებლობას ანიჭებენ.
ტატა მარტინო “ბარსელონას” მე-4 არგენტინელი მწვრთნელია. აქამდე, კატალონიური გრანდის გაწვრთნის შესაძლებლობა ელენიო ერერას (1958-60, 1980, 1980-81), როკე ოლსენსა (1956-57) და სეზარ ლუის მენოტის (1983-84) ჰქონდათ.
სანამ მწვრთნელობას დაიწყებდა, ტატა მარტინოს “ნიუელზ ოლდ ბოიზში” წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. არგენტინულ კლუბში მისი დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა. “ნიუელზ ოლდ ბოიზში”, მარტინოს 505 თამაში აქვს ჩატარებული. ტატა მარტინო, რომელსაც მარსელო ბიელსასთან ერთად მუშაობის გამოცდილება აქვს, ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი იყო. “ნიუელზ ოლდ ბოიზის” გარდა, მას “ტენერიფეში”, “ლანუსში”, “ო’იგინსსა” და “ბარსელონა გუაიაკილში” უთამაშია. მარტინომ ბუცები ლურსმანზე 1996 წელს ჩამოჰკიდა.
მიღწევები
ფეხბურთელი
ნიუელზ ოლდ ბოიზი
არგენტინის ჩემპიონი (3): 1987-88, 1990-91, 1992 (კლაუსურა)
მწვრთნელი
ლიბერტადი
პარაგვაის ჩემპიონი (3): 2002, 2003, 2006
სერო პორტენიო
პარაგვაის ჩემპიონი: 2004
ნიუელზ ოლდ ბოიზი
არგენტინის ჩემპიონი: 2013
ინდივიდუალური ჯილდოები
სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2007