მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

14 ნოემბერს “ბარსელონამ” 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და და 4 წააგეს.

1920 წელი

14 ნოემბერს “ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა არმანდ მარტინეს-საგის, რომელიც მხოლოდ 14 წლის, 6 თვისა და 16 დღის იყო.

კატალონიის ჩემპიონატში “ბარსელონა” სტუმრად “ინტერნასიონალს” დაუპირისპირდა და შეხვედრა 2-2 დასრულდა.

მარტინეს-საგი კლუბის ისტორიაში ოფიციალურ მატჩში მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მისი რეკორდი დღემდე ძალაშია, რადგან ლამინ იამალის დებიუტის დროს ის 15 წლის, 9 თვისა და 16 დღის იყო.

1950 წელი

“ბარსელონას” საგანგებო ასამბლეაზე 159-მა დელეგატმა ერთხმად დაამტკიცა რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, რომლებიც ახალი სტადიონისთვის მიწის შეძენას ეხებოდა.

8-12 ნოემბერს კლუბის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში. ახალი სტადიონისთვის ტერიტორიის შეძენას მხარი დაუჭირა 7 835-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო 1 132, ხოლო ექვსი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.

პრეზიდენტ აგუსტი მონტალ გალობარტის ხელმძღვანელობით კლუბმა 19 დეკემბერს საბოლოოდ შეიძინა ტერიტორია, რომელზეც მოგვიანებით “კამპ ნოუ” აშენდა. სტადიონი 1957 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა.

1953 წელი

“ბარსელონაში” ჩატარდა კლუბის ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმის მიცემის უფლება მამაკაც წევრთა ფართო წრეს ჰქონდა.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფრანსესკ მირო-სანსი და ამატ კასაჟუანა. არჩევნებში მონაწილეობა 17 241-მა წევრმა მიიღო, ხოლო მირო-სანსმა მეტოქე მხოლოდ 301 ხმით დაამარცხა.

არჩევნებს მნიშვნელოვანი ხარვეზებიც ჰქონდა: ქალებს ხმის მიცემა ეკრძალებოდათ, ხოლო მამაკაცებს რამდენიმე წევრობის ბარათის წარდგენით ერთზე მეტი ხმის მიცემა შეეძლოთ.

მირო-სანსის პრეზიდენტობის დროს, 1957 წელს, “კამპ ნოუ” გაიხსნა. იგი კლუბს 1961 წლამდე ხელმძღვანელობდა.

1985 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ბელგიელი მცველი ტომას ვერმალენი. 2014-2019 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 53 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ვერმალენმა კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1989 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ანდრეუ ფონტასი. 2008-2012 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 18 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ფონტასმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1993 წელი

კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში დაიბადა სამუელ უმტიტი, საფრანგეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი ცენტრალური მცველი.

უმტიტი “ბარსელონას” 2016 წელს ლიონის “ოლიმპიკიდან” შეუერთდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2017/18 წლების სეზონში, როდესაც კატალონიურმა კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

“ბარსელონასთან” ერთად მან ორჯერ მოიგო ლა ლიგა და სამჯერ ესპანეთის თასი. 2018 წელს კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კარიერის მომდევნო წლებში მის სათამაშო შესაძლებლობებს ტრავმები მნიშვნელოვნად ზღუდავდა. კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში გაწყვიტა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 14 ნოე 2021, 16:56

    განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 ნოემბერს მოხდა.
    ანუ რუბრიკაში "ერთი დღე ბარსელონას ისტორიაში" შემოგვთავაზებთ ბარსელონასთან დაკავშირებულ მოვლენებს? შესანიშნავია. აბა სხვა რა შეიძლებოდა შემოგეთავაზებინათ?