წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
28 ოქტომბერს “ბარსელონამ” 22 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 16 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1973 წელი
იოჰან კრუიფმა “ბარსელონას” შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ლა ლიგის მე-8 ტურში კატალონიელებმა “კამპ ნოუზე” “გრანადა” 4-0 დაამარცხეს. ნიდერლანდელმა ვარსკვლავმა 50-ე და 68-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა. დანარჩენი გოლები ტონიო დე ლა კრუსმა და უგო სოტილმა გაიტანეს.
კრუიფის დებიუტამდე “ბარსელონას” ჩემპიონატის პირველ შვიდ ტურში მხოლოდ ორი გამარჯვება ჰქონდა და სატურნირო ცხრილის ბოლოსკენ იმყოფებოდა. მისი გამოჩენის შემდეგ გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ 26 მატჩი წაუგებლად ჩაატარა და 14-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა.
1986 წელი
“ბარსელონას” საკალათბურთო გუნდმა “პალაუ ბლაუგრანაზე” ზაგრების “ციბონა” 99-87 დაამარცხა და ევროპის სუპერ თასი მოიპოვა.
პირველი მატჩი კატალონიელებს სტუმრად 101-102 ჰქონდათ წაგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში სხვაობა აღმოფხვრეს და ორი მატჩის ჯამში 200-189 გაიმარჯვეს. “ბარსელონას” საუკეთესო მექულე ჩიჩო სიბილიო იყო 20 ქულით, ხოლო მეტოქის რიგებში დრაჟენ პეტროვიჩმა 23 ქულა მოაგროვა.
2015 წელი
“ბარსელონამ” ესპანეთის თასის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრაში მესამე დივიზიონის წარმომადგენელ “ვილიანოვენსესთან” სტუმრად 0-0 ითამაშა.
ლუის ენრიკემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და ახალგაზრდებს მისცა თამაშის შესაძლებლობა. 64-ე წუთზე მოედანზე გამოსულმა აიტორ კანტალაპიედრამ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა “ბარსელონას” მთავარ გუნდში.
საპასუხო შეხვედრაში კატალონიელებმა მეტოქე 6-1 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
2018 წელი
“ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” გამართულ კლასიკოში “რეალ მადრიდი” 5-1 გაანადგურა.
- ლუის სუარესმა ჰეთ თრიქი შეასრულა.
- თითო გოლი ფილიპე კოუტინიომ და არტურო ვიდალმა გაიტანეს.
- სტუმართა ერთადერთი გოლი მარსელოს ანგარიშზე იყო.
ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ეს შთამბეჭდავი გამარჯვება ლიონელ მესის გარეშე მოიპოვა, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა მოტეხილი.
ეს იყო პირველი შემთხვევა 1954 წლის შემდეგ, როდესაც “ბარსელონამ” “რეალ მადრიდს” 5-1 მოუგო.
2020 წელი
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ტურინის “იუვენტუსი” სტუმრად 2-0 დაამარცხა. მე-14 წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში ლიონელ მესიმ პენალტი გამოიყენა.
ეს იყო “ბარსელონას” პირველი გამარჯვება “იუვენტუსის” მოედანზე. წინა ექვსი ვიზიტიდან კატალონიელებს სამი ფრედ ჰქონდათ დასრულებული და სამი წაგებული.
გარდა ამისა, რონალდ კუმანმა მოთამაშისა და მწვრთნელის კარიერაში იტალიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
2021 წელი
რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ “ბარსელონამ” პირველი გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად სერჟი ბარჟუანი დანიშნა.
ბარჟუანი მანამდე “ბარსა ატლეტიკს” ხელმძღვანელობდა. პირველი გუნდის დროებით მწვრთნელად მისი გადაყვანის შემდეგ სარეზერვო გუნდის ხელმძღვანელობა ალბერტ კაპელიასს დაევალა.
ბარჟუანი პირველ გუნდს ჩავის დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა.
2023 წელი
“ბარსელონამ” მონჟუიკის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ კლასიკოში “რეალ მადრიდთან” 1-2 წააგო.
ილქაი გიუნდოგანმა მე-6 წუთზე ანგარიში გახსნა და “ბარსელონას” მაისურით პირველი გოლი გაიტანა, თუმცა ჯუდ ბელინგემმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.
მიუხედავად მარცხისა, შეხვედრა ისტორიული გამოდგა ლამინ იამალისთვის. ის მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა და 16 წლისა და 107 დღის ასაკში კლასიკოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა.
2024 წელი
ლამინ იამალმა პარიზში გამართულ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე კოპას ჯილდო მიიღო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს გადაეცემა.
17 წლის იამალი გახდა “ბარსელონას” მესამე წარმომადგენელი, რომელმაც ეს პრიზი მოიპოვა. მანამდე ჯილდოს პედრი 2021 წელს დაეუფლა, გავი კი 2022 წელს.
2024 წელი
“ბარსელონას” ქალთა გუნდის ნახევარმცველმა აიტანა ბონმატიმ კარიერაში მეორე “ოქროს ბურთი” მოიპოვა.
საპრიზო სამეული მთლიანად “ბარსელონას” ფეხბურთელებმა შეავსეს:
- აიტანა ბონმატი
- კაროლინ გრემ ჰანსენი
- სალმა პარალუელო
ეს ქალთა “ოქროს ბურთის” ისტორიაში განსაკუთრებული მიღწევა იყო. “ბარსელონას” წარმომადგენელმა ჯილდო ზედიზედ მეოთხედ მოიგო: 2021 და 2022 წლებში ალექსია პუტელიასმა გაიმარჯვა, ხოლო 2023 და 2024 წლებში – ბონმატიმ.
2024 წელი
იმავე დაჯილდოების ცერემონიაზე “ბარსელონას” ქალთა გუნდმა ზედიზედ მეორედ მიიღო წლის საუკეთესო ქალთა გუნდის ჯილდო.
აღიარება 2023/24 წლების ისტორიულ სეზონს მოჰყვა, როდესაც კლუბმა ოთხივე მთავარი ტურნირი მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერ თასი.
ჯილდო კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფეხბურთელებისა და გუნდის წარმომადგენლების თანხლებით მიიღო.




ნამეტანი ღარიბია 28 ოქტომბერი სიახლეებით.
ვალიკოს დრო❤️