იმ დღეს ძლიერ თოვდა. თებერვლის ბოლო დღე იყო და ზამთარიც ხალხს ემშვიდობებოდა. ყველაფერი გადათეთრებული იყო. ქუჩაში დიდი ჩოჩქოლი იყო. ზოგი სამსახურში მიდიოდა, ზოგი მოდიოდა, ზოგიც კი ალკოჰოლური სასმელის მაღაზიისკენ მიიჩქაროდა, რომელიც დილის 9 საათზე უნდა გაღებულიყო. თოვლი არ ჩერდებოდა, თუმცა მზეც ანათებდა და ეს ორმაგად სასიამოვნოს ხდიდა სიტუაციას. გზის ხვეტას და მარილის დაყრას ვერ აუდიოდნენ სპეციალური მანქანები, რომლებიც ცდილობდნენ მოძრაობა არ შეეფერხებინათ. გზა სავსე იყო ნაირ–ნაირი ავტომობილებით და ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, საცობი მაინც იქმნებოდა. ზოგი ადამიანი სწორედ ამიტომ არჩევდა ფეხით გადაადგილებას, თან მითუმეტეს თუ სადმე ახლოს მიდიოდნენ. ავტობუსები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ, მაგრამ დილის 6 საათიდან მათი რაოდენობა გახუთმაგდა და გაჩერებებზე მდგომ პირებსაც არ უწევდათ დიდი ხნით ლოდინი.
ქუჩაში მოსიარულე ხალხის ყურედღებას ერთი არც ისე მაღალი ადამიანი იპყრობდა. ერთი შეხედვით, მას თბილი ქურთუკი ეცვა, რომელიც მუხლებამდე გრძელდებოდა და საყელოებიც საკმაოდ დიდი ჰქონდა. ამ ინკოგნიტო პირს თავზე ქუდი ეხურა, რომელიც ლამის თვალებამდე ჰქონდა ჩამოფხატული. ქურთუკის საყელოები მის ლოყებს სრულად ფარავდა. სწორედ ამით იქცევდა იგი ყურადღებას, რადგან მხოლოდ თვალები უჩანდა, ისიც ძალიან ცუდად. ვინც კი გვერდზე ჩაუვლიდა, ყველა გაიფიქრებდა ხოლმე: “თოვლია, მაგრამ არც ისე ძალიან ცივა ასე რომ გეცვას. ნეტავი საერთოდ როგორ ხედავს გზას? სად მიდის თავად თუ იცის? საინტერესო იქნებოდა მისი სახის ნახვა…”
საინტერესო პიროვნება ავტობუსის გაჩერებასთან, იქვე ახლოს დადგა. როდესაც ავტობუსი მოვიდა, იგი მაშინვე გაქანდა და სწრაფად ჩაჯდა შიგ. მან მიიხედ–მიმოიხედა და ბოლოში ცარიელი ადგილი დაინახა, რამაც ძლიერ გაახარა და სწორედ იმ ადგილს მიაშურა. იღლიაში სპორტული გაზეთი ჰქონდა ამოჩრილი, რომელიც ავტობუსის გაჩერებასთან დგომისას იქვე მდებარე ჯიხურში შეიძინა. ინკოგნიტომ ამოიღო გაზეთი და კითხვა დაიწყო. იქ ყველაფერი იყო სპორტის, კერძოდ კი ფეხბურთის შესახებ: რა ხდებოდა, ვინ სად აპირებდა გადასვლას, რომელმა გუნდმა დაამარცხა რომელი გუნდი და ა.შ. მისი ყურადღება უამრავმა სათაურმა მიიპყრო, მაგრამ ერთ–ერთმა ყველაზე მეტად დააინტერესა. ის–ის იყო კითხვა უნდა დაეწყო, რომ მობილურზე ზარი გაისმა.
–გისმენთ! ხო ძვირფასო.
–დილა მშვიდობისა! როდისღა მოასწარი წასვლა? მეგონა დღეს არ მუშაობდი და გავალთ მეთქი სადმე…
–რა ვუყო, დამირეკეს სასწრაფო საქმეაო. არაუშავს, გპირდები შემდეგ დასვენების დღეს მთლიანად შენ დაგითმობ.
–კარგი, კარგი. ძალიან კარგად მესმის შენი. სამსახურია და თან როგორი? მთელი ქალაქი შენზეა დამოკიდებული და შენ გეტრფის!
–(იცინის) მთლად მასეც არ არის. ხო, მართლა, ჩემი მანქანა სახლში დავტოვე, სასიამოვნო ამინდი იყო და ფეხით წამოსვლა გადავწყვიტე. თუ სადმე გასვლას დააპირებ, გასაღები სამზარეულოში, მაგიდაზე დევს.
–კარგი, ვისარგებლებ დასვენებით, ცოტას კიდევ დავიძინებ და შემდეგ ვნახოთ. შენ როდისთვის განთავისუფლდები?
–არ ვიცი როგორ წარიმართება ყველაფერი. ისიც არ ვიცი რატომ დამიბარეს და ასე ზუსტ დროს ვერ გეტყვი. მოკლედ, თუ ადრე გამოვედი აუცილებლად დაგირეკავ.
–დამირეკე, გამოგივლი და სადმე გავიდეთ.
–მასე ვქნათ. მიდი მაშინ განაგრძე ძილი. დროებით!
–კარგად, საყვარელო!
მობილურზე საუბრისას, საფეხბურთო გაზეთი სულ გადაავიწყდა და იქვე ავტობუსში დარჩა; თვითონ კი ჩამოვიდა, რამდენიმე კვარტალი გაიარა და მიუახლოვდა კიდეც ოფისს, სადაც შეხვედრა ჰქონდა თავის უფროსთან. როგორც კი შევიდა კარში, მაშინვე მოიხადა ქუდი, გაიძრო ქურთუკი და ისე განაგრძო სვლა.
–ოოო, გამარჯობა! მოხვედი უკვე? ასე ადრე არ გელოდი.
–დიახ, ცოტა ადრე გამოვედი რადგან მანქანით არ ვარ და არ დამაგვიანდეს მეთქი…
–შენში ყოველთვის ეს მიყვარდა, ხოსეპ! ცდილობ საქმე სწრაფად მოამთავრო და რაც მთავარია, ხარისხიანად!
–კარგით რა ბატონო სანდრო, ისე მესაუბრებით, თითქოს გინდათ რაღაც სტიმული მომცეთ.
–არა, არა პეპ! მართლა ასეა. ბევრ ადამიანთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ შენ განსაკუთრებული ხარ. ჩემი “ბარსელონაში” მოსვლისთანავე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. შენნაირი ძლიერი სპეციალისტი მთელს მსოფლიოში არ მეგულება.
–დიდი მადლობა, მაგრამ მე მაინც ცოტა გადამეტებულად მეჩვენება თქვენი შეფასება.
–ვიცი, ვიცი. არ გიყვარს შენი თავის ყველაზე მაღლა დაყენება. შენ ნებისმიერ მეტოქეს აფასებ და პატივს სცემ, არ ხარ შენს თავზე შეყვარებული ეგოისტი, ზოგ–ზოგიერთივით! ესეც ძლიერ მომწონს შენში.
–კარგით სენიორ როსელ, მოვეშვათ ჩემს შესაძლებლობებზე საუბარს. თუ შეიძლება მითხარით, რისთვის დამიბარეთ?
–აი მაგაზე სულ ცოტა ხანში ვისაუბრებთ, როდესაც ერთი ჩვენი საერთო მეგობარი მოვა…
(კარზე კაკუნი)
–მოგესალმებით, ბატონო იოჰან! დიდი პატივია ჩემთვის თქვენი სტუმრობა!
–გამარჯობა, გამარჯობა! აი პეპიც აქ ყოფილა უკვე!
–დიახ, გამარჯობა სენიორ კრუიფ!
–სანდრო, უთხარი უკვე რაზე დავიბარეთ?
–არა, თქვენ გელოდებოდით.
–კარგი, მაშინ პირდაპირ ვეტყვი ბევრი მიკი–მოკიბვის გარეშე! მოკლედ, მისმინე პეპ, შენ უდიდესი სპეციალისტი ხარ. შენ შექმენი “ბარსელონას” და საერთოდ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გასაოცარი და დაუვიწყარი ერა. შენ ქმნი ისტორიას! აქ ყველას უყვარხარ და ყველა გეტრფის. ფეხბურთელები უდიდეს პატივს გცემენ. განა ვერ ხვდები, რომ შენი ადგილი აქ არის? ბევრი კარგი სპეციალისტი წვრთნიდა “ბარსას”, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლა…–ეს რაღაც სხვაა. შენ “ბლაუგრანას” გული ხარ. შენს ძარღვებში ვხედავ არა წითელ, არამედ ლურჯ–ბროწეულისფერ სისხლს. ახლა ალბათ იტყვი, რა უნდა, ამას ვინ ეკითხებაო, მაგრამ ძალიან მინდოდა ჩემი აზრი მეთქვა. მე მჯერა, რომ დარჩები. ფეხბურთის მხრივ, ძალიან სწრაფი ხარ და დროულად ფიქრობ ნებისმიერ ტაქტიკაზე თუ მატჩზე და ჩინებულ გადაწყვეტილებებს იღებ, თუმცა ვიცი, რომ ასეთ საკითხებში უფრო დიდი ხნით გიყვარს ფიქრი. შენ “ბარსელონა” ერთ სახელმწიფოდ, სამეფოდ ჩამოაყალიბე და მეფე თავად ხარ. რა გინდა, სამეფო მეფის გარეშე დატოვო? შენი გული აქ არის. ეს არის შენი ოჯახი, შენი სახლი! მე ჩემი ვთქვი, ახლა კი დანარჩენი შენთვის მომინდია!
–(სანდრო როსელი დუმდა, ხმას არ იღებდა და გვარდიოლას პასუხს ელოდა)
–სენიორ კრუიფ, თქვენგან დიდი პატივია ასეთი განცხადების მოსმენა. ძალიან კარგად მესმის რასაც ამბობთ. მოდი ჯობია წავალ, თქვენ კი ბატონ სანდროსთან განაგრძეთ საუბარი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მართლაც ბრწყინვალე შეფასებისთვის. ნახვამდის ბატონებო!
–(პეპმა კარი გააღო და გასვლისას, სავარძლებში ჩუმად მჯდომ ორი ადამიანისკენ შემობრუნდა)
–ნუ გეშინიათ, სამეფო მეფის გარეშე არ დარჩება!
გარეთ კი კვლავ თოვდა. ბატონმა გვარდიოლამ ქურთუკი ჩაიცვა, ქუდი დაიხურა და ფეხით გაუდგა გზას. საით მიდიოდა თავადაც არ იცოდა. არც ცოლი ახსოვდა, რომელმაც უთხრა, თუ ადრე გამოხვედი დამირეკეო. მის გონებაში მხოლოდ ერთი რამ ტრიალებდა…ერთი რამ, რაზეც უკვე კვირების მანძილზე წერდა პრესა და საუბრობდა მთელი მსოფლიო: წავა მაგიური პეპი თუ დარჩება? პასუხის ძიებით იყო გატაცებული პეპი და არაფერი ახსოვდა…
–დიახ ბატონო სანდრო, მოვდივარ და კონტრაქტი გაამზადეთ!
შენიშვნა: სტატია არის მხოლოდ და მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი. ამ სტატიის მიზანი არ არის ვინმეს შეცდომაში შეყვანა და სხვაგვარი გონებრივი აზრის ჩამოყალიბება ამა თუ იმ საკითხზე! მუდამ თქვენს სამსახურში, ავთანდილ ჭყონიძე (THIERRYHENRY14).

