კიდევ ერთი დიდებული მატჩი ვიხილეთ, კიდევ ერთი ქამბექი სიმეონეს “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, შეუძლებელია ეს სეზონი უტიტულოდ დასრულდეს, ასეთი მატჩების მერე როგორც წესი, ტიტულები მოდის, რომელი და რამდენი – აი, ესღა არის საკითხავი. მატჩის წინ ჩოლო სიმეონემ თქვა “ბარსა” თუ მოგვიგებს ჩემპიონობაში ვეღარავინ შეეცილეობაო. ნაადრევი ნათქვამია, თუმცა, საჩემპიონო მატჩს კი ჰგავდა, თავისი დაძაბულობითა და დრამატურგიით.
“ბარსა” დაუბრუნდა პირველ ადგილს, ერთი მატჩი აქვს მარაგში. ჩემპიონთა ლიგაზეც მშვენიერი ბადე აქვთ, ფეხბურთელებიც განაგრძობენ ჩვენს გაოცებას. ამჯერად, ფერან ტორესის ჯერი იყო.
მძიმე ტაიმი
პირველი ტაიმი ისეთი გამოდგა როგორსაც ველოდით, ჩაკეტილი, ნელი, ნერვების თამაშით, ხისტი და მძიმე, ყველა შეცდომას რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გუნდებს ბევრი არაფერი შეუქმნიათ, დასაწყისში გაცვალეს მომენტები, ლამინე იამალმა იჯადოქრა ფლანგზე, როგორღაც შეძვრა მცველებს შორის და ოლმოს ძალიან კარგი პასის მერე ერთი-ერთზეც აღმოჩნდა, ცარიელი კუთხისკენ დაარტყა და გოლიც მეგონა, მაგრამ არ გავიდა, ძელს გაჰკრა და ააცილა. პირველი ტაიმის ყველაზე გამორჩეული მომენტი სწორედ ეს იყო, ტაიმის დასაწყისში, ამის მერე ტაქტიკური ომი დაიწყო მოედნის ცენტრში, “ატლეტიკო” სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდა პასუხს და ტაიმის ბოლოს მიაღწია კიდეც საწადელს, გრიზმანი-სიმეონე-ალვარესის კომბინაცია გოლით დასრულდა. ყოველთვის ძალიან რთულია მატჩში გარდატეხის შეტანა, როცა ზედ ტაიმის მიწურულს გაგიტანენ, და გაგატანენ გოლს გასახდელში.
იღრიალეს გულმოკლულმა “ათლეტებმა”, წინა კვირას ისევ წააგეს მეზობლებთან, წესით მოალურად განადგურებულები უნდა გვენახა, მაგრამ ჩოლო გაუტეხელი კაცია, ყოველ ჯერზე ახერხებს წამოდგომას, რაც დაფასებას იმსახურებს. როგორღაც ისევ შეაკოწიწა ეს ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილი გუნდი, ისევ შთააგონა, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ, გინდა ჩემპიონატში და გინდა თასზე, გამოვარდნენ მოედანზე და მოიგეს კიდეც პირველი ტაიმი, მაგრამ.. ფლიკის “ბარსა” სასწაული გუნდია.
მორიგი დაბრუნება
მეორე ტაიმი ისე დაიწყო, როგორც პირველი დასრულდა, ეს კიდევ ვერ იყო კარგის მანიშნებელი, რაღაც აუცილებლად იყო შესაცვლელი, ფლიკმა 67-ე წუთზე გადაწყვიტა თამაშის გადაწყობა, კასადოს ნაცვლად ერიკ გარსია გამოიყვანა (მატჩს ფრენკი დე იონგი ტოვებდა) დანი ოლმოს ნაცვლად კი ფერან ტორესი. ამ ცვლილებით ყველაზე მეტად პედრი უნდა დატვირთულიყო, რადგან ერიკ გარსია გუნდს უფრო დაცვითს გახდიდა, ფერან ტორესი კი ოლმოსთან შედარებით გაცილებით წინ მოქმედებს, შესაბამისად, იყო რისკი ზონებს შორის დისტანციის გაზრდის, ამ სივრცეში პედრის უნდა ემოქმედა ძალიან ყურადღებით, მოგვიანებით კი აღმოჩნდა რომ მხოლოდ პედრი არა, რაფინიამაც შეავსო სივრცე მცველებსა და ფორვარდებს შორის.
თუმცა, კინაღამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ფლიკის ცვლილებებიდან სამ წუთში, შეცვლაზე შემოსულმა სორლოტმა ანგარიში ორამდე გაზარდა, ამ კაცმა შეგვჭამა, ამჟამად არ არსებობს ფორვარდი, რომელიც “ბარსასთან” ისეთი ეფექტური იყოს, როგორიც სორლოტია. ვერა და ვერ აჩერებენ, რამდენჯერაც მოედანზე გამოვა, იმდენი გოლი გააქვს. ისევ სწრაფი კონტრშეტევა, გამჭოლი პასი საჯარიმოში და ნორვეგიელმაც თავის სტილში შეასრულა. კარის წინ, მარტო დარჩენილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.
“ბარსამ” ორივე გოლი ურთულეს დროს მიიღო – პირველი გოლი ტაიმის ბოლოს გაატანეს, მეორე გოლი თამაშის გადაწყობიდან სამ წუთში. თითქოს მორჩა, დამთავრდა, ასეთ დროს მატჩის მოტრიალება ფაქტობრივად შეუძლებელია. მხოლოდ ერთი რამ გიშველის, სწრაფად თუ მოახერხებ საპასუხო გოლის შეგდებას – ასეც მოხდა, ბებერმა ლევანდოვსკიმ ერთი წამიც იმყოფინა, არაფრიდან გოლი შექმნა, ზურგითმყოფს საზამთრო გადაუგდეს, ინიგომ გადაწყვიტა ასეთი პასი, როგორც დე ბურმა გადაუკიდა რივალდოს, რა უნდა უქნა ამ ბურთს? ვინმეს თუ დაუგდებ დასარტყმელად.. პოლონელმა თავისთვის დაიგდო, თავისგან მარცხენა მხარეს, იქ სადაც მცველი ნაკლებად ელოდა, მერე კი ერთი შეხებით უზუსტესად გაგზავნა “ატლეტიკოს” კარში – 1:2. “ბარსა” თამაშში დაბრუნდა.
ეს იყო გარდამტეხი გოლი, მკვდარი გუნდი გამოაცოცხლა.
ექვს წუთში “ბარსამ” ანგარიში გაათანაბრა, ფერანის გამოსვლის მერე რაფინიამ ცენტრში გადმოიწია, რიგ შემთხვევებში იამალსაც უცვლიდა ადგილს ფლანგზე, სწორედ აქედან გააკეთა საგოლე პასი, ზუსტად ის გააკეთა, რაც ჩაიფიქრა, მოჭრა მთელი დაცვა და ტყვიასავით გაუშვა კარის გასწვრივ, ამ დროს მცირე შეხებაც საკმარისია სახიფათო დარტყმის შესასრულებლად, ფერანმა კი მნიშვნელოვნად შეუცვალა ბურთს მიმართულება, ესე იგი, საერთოდ შეუძლებელი გახადა ობლაკისთვის ამ ბურთის მოგერიება. ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა. ფლიკის “ბარსა” კიდევ არ ჩერდება. გერმანულ მანქანას დაამსგავსა გუნდი.
სიმეონემ საფრთხე იგრძნო და სამი ცვლილება გააკეთა, ავტობუსი ნამდვილად არ ჩაუყენებია, თავადაც სურდა მოგება, რადგან ქულების დაკარგვის შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებოდა რბოლაში დაბრუნება. ამ დროს კი უკვე დამატებულ დროში, ლამინე იამალმა ჩვეული მანევრით შემოიწია ცენტრისკენ, დაარტყა კარის მიმართულებით და.. ყველაფერთან ერთად იღბალიც მასთან არის, ძლიერებს უმართლებთ, იმათ უმართლებთ ვისაც სჯერა, იამალს ნამდვილად სჯერა, რომ რასაც ჩაიფიქრებს ყველაფერი გამოვა – ბურთი მცველს მოხვდა და ობლაკი ისევ უშანსოდ დარჩა – 2:3.
ფლიკმა ისევ დააქამბექა, და არც ამის მერე ჩამდგარა დაცვაში, პირიქით, “ბარსამ” მაღალი პრესინგი ითამაშა და მეოთხეც შეაგდო, ფერან ტორესმა დუბლი შეასრულა. რაფინიამ მოედნის ცენტრში ჩაჭრა ბურთი, რა თქმა უნდა, ლანგლე შეცდა, ფერანმა კი წერტილი დასვა – 2:4. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
“ბარსა” ახალი წლის მერე დაუმარცხებელია.
“ბარსა” დაფრინავს!
პაუზის დროა
პაუზა ორ კვირამდე გაგრძელდება, ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებებს მიაშურებენ და იმედია ჯანმრთელადაც დარჩებიან. ეს ბოლო სანაკრებო პაუზა იქნება მიმდინარე სეზონში. უკვე ბოლო ეტაპია საჩემპიონო რბოლებში.
ორ კვირაში “ბარსა” “ჟირონას” უმასპინძლებს, მერე კი განმეორებითი ნახევარფინალის ჯერი დადგება, ისევ მადრიდში, ისევ “ატლეტიკოსთან”, გადამწყვეტი მატჩია ჩანიშნული, სიმეონე კიდევ უფრო მეტად განრისხებული დაგვხვდება.
იოლი საქმე არაა ავტობუსა ჩოლოს გუნდს 2:0-ის მერე 4 გოლი გაუტანო.
სადაც გრიზმანი თამაშობს ის გუნდი ლა ლიგას ვერ მოიგებს. ეს კაცი არის თარსი, ლუზერი რაც გინდა ის დაარქვით.
არანაირი დათმობა, კოპაზეც უნდა მივარჭოთ ავტობუსებს და ტრებლზე გავიწიოთ, ვამოს ბარსა!
ამ თამაშს ერქვა "ესენიც ვიხმარეთ" ამ სეზონში თუკი ვინმეს გრანდი ერქვა და ჩვენ შეგვხვდა ყველა გადავაფარჩაკეთ და ატლეტიკო იყო ერთადერთი რომელმაც ორივე თამაში საკუთარ ნებაზე მოგვიტრიალა თან მონჟუიკზე და არა მათ სტადიონზე, სიმბოლური იყო ასეთ სტილში მოგებაც, როგორც თვითონ იგორავეს იმ ორ თამაშში ბარსასაც ამ მატჩში პირველ გოლამდე ფაქტიურად არაფერი უკეთებია, აი ლევანდოვსკის გოლის მერე ატლეტიკოს საჯარიმოში სიმეონე თავის შვილს აღარ აიყანდა ხელში, პატარა განკითვა მოუწყვეს ჩვენებმა ბოლო 20 წუთში, იმათ თუ დამატებითში ერთი გააქვთ ჩვენ ორს გავუტანთ და დამაჯერებლად მაინც მოვიგებთ, საჭირო იყო ხასიათის გასამტკიცებლად ასეთი მოგება და მით უფრო ატლეტიკოსთან და პოლიტანოზე, თამაშამდე დავწერე კიდეც ატლეტიკოს თუ გადავუარეთ ჩავთვალოთ რო ამ გუნდის გამჩერებელი წელს არცერთი შემადგენლობა არაა მეთქი, ახლა სანაკრებო ჩამთავრდეს მშვიდობიანად და აპრილიდან დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანოთ!
სიმეონეს სხვა გზა აღარ დარჩა, კოპას გარდა ვეღარაფერს მოიგებს და მე მგონი ამ კოპას განმეორებითში დაგვჩეხავს საბოლოოდ. არადა ჩემპიონობაც გვინდა და ლიგაზე მინიმუმ ფინალში გასვლაც რომ მაყუთი ავაგროვოთ. ატლეტიკოსთან განმეორებითში კლოპმა ყველაზე დაღლილი ძირითადის წევრები დაასვენოს. ეგ თასი იმდენი გვაქვს თვლა აერევა კაცს, გავატანოთ ატლეს ფინალი და იქნებ შეჭამოს რეალი, ნუ დაღეჭავს მაინც საკმაოდ, იმიტომ რო სხვა შანსი ტიტულზე არ ექნება.
განრისხებულოი დაგხვდება და მაქსიმუმ წაგვახტეს აგერ სორლოტზე….როგორ მეზიზღება რა ეს გუნდი…