“ბარსელონამ” კიდევ ერთი რთული მატჩის მოგება მოახერხა. ანგარიში(3-1) ერთი შეხედვით კომფორტულია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს კატალონიელებისთვის უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი მინდორზე 59-ე წუთზე გამოჩნდა სესკის მაგივრად, თუმცა მატჩის მსვლელობისას ფეხბურთელმა მწვავე ტკივილი იგრძნო ფეხში, რის შემდეგაც ექიმების თანხლებით დატოვა მოედანი.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ალექსის სანჩესი ერთ თვე ვერ დაეხმარებოდა კატალონიურ კლუბს, თუმცა მოგვიანებით კლუბის ოფიციალურმა საიტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც იტყობინებოდა, რომ ჩილელს მუხლის ქვედა მყესის ტრამვის გამო 10-დან 15 დღემდე გაუცდებოდა.
სანჩესმა ოთხშაბათს შეერთებულ შტატებში ჩაატარა მატჩი და ბარსელონაში მხოლოდ პარასკევს ჩამოფრინდა, რის შემდეგაც თანაგუნდელებთან სავარჯიშოდ გაემართა. ალბათ, ესაა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მოახერხა ალექსისმა გუშინდელი მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა. თუმცა იმ გარემოებამ, რომ მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩენილი გუნდი გამარჯვებას ვერ ახერხებდა, აიძულა პეპი მინდორზე შეეშვა სანჩესი, რომლისთვისაც 14 წუთიც კი საკმარისი აღმოჩნდა დაზიანების მისაღებად.



