”ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა და ”ოქროს ბურთის” მფლობელმა, ლუის სუარესმა წარმატება უსურვა ყოფილ გუნდს სამეფო თასის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ და გამოხატა აღფრთოვანება ”ბარსასადმი”.
კლასიკოს წინ გამართულ უკანასკნელ ვარჯიშზე განსაკუთრებული სტუმარი იყო: ლუის სუარესი. ის ”ბარსელონაში” 1954 წლიდან 1961 წლამდე ასპარეზობდა. ყოფილმა ფეხბურთელმა სესიაზე გუნდისთვის წარმატების სასურველად შეიარა: ”ამ გუნდის ფეხბურთელები აღმაფრთოვანებლად თამაშობენ და შევლენ ისტორიაში, როგორც საუკეთესოები, რადგან უამრავ ტიტულს იგებენ, აჩვენებენ შესანიშნავ ფეხბურთს, რაც ადვილი არაა”.
განუმეორებელი და განსაცვიფრებელი სტილი
ლუის სუარესმა გუნდის წარმატებაში ამჟამინდელი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დამსახურება გამოყო: ”ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მწვრთნელს გარკვეული იდეები აქვს და ფეხბურთელებს ამ იდეების განხორციელება შეუძლიათ. ის გუნდს ლამაზად და პრაქტიკულად თამაშს ერთდროულად ასწავლის”.
ასევე სუარესმა ”ბარსას” მეტოქეებს ურჩია: ”ეს გუნდი საერთოდ განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. მე უკვე ბევრ გუნდს ვუთხარი, რომ ამის კოპირება არ სცადონ. ”ბარსას” თამაშის იმიტირება ძალიან ძნელია, რადგან გუნდის განკარგულებაში ასეთივე ფეხბურთელები უნდა გყავდეს. ამიტომაც ყველამ საკუთარ სტილში ითამაშოს, ხოლო ”ბარსამ” საკუთარი თამაში აჩვენოს, რომელსაც ყველა განცვიფრებაში მიჰყავს”.
ელოდება შესანიშნავ მატჩს
ბოლოს კი ”ოქროს ბურთის” ერთადერთმა ესპანელმა მფლობელმა შემდეგ ეტაპზე ”ბარსელონას” გასვლა ივარაუდა: ”მე შესანიშნავ მატჩს ველოდები და იმედი მაქვს, რომ ”ბარსა” კარგ თამაშს აჩვენებს და შემდეგ ეტაპზე გავა”.



