“ოსასუნას” მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი მეტად გაღიზიანებული იყო სამეფო თასის 1/8 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ პამპლონელები “ბარსელონას” ეწვივნენ და ფაბრეგასისა და მესის დუბლების წყალობით დამარცხდნენ, ანგარიშით 4:0.
“ბარსელონასა” და “ოსასუნას” მატჩის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიელთა მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა ლეო მესი, რომელსაც გრიპი ჰქონდა და ექიმების გადაწყვეტილებით სახლის პირობებში მკურნალობდა. ყველასთვის მოულოდნელად მესი განაცხადში აღმოჩნდა, მეორე ტაიმში მოედანზე შევიდა და ორი გოლიც გაიტანა. სწორედ ამან გამოიწვია მენდილიბარის გაღიზიანება.
“უცნაური მატჩი იყო. თავდაპირველად აურზაური მოაწყვეს პირველი მატჩის გამართვის ადგილთან დაკავშირებით, ამბობდნენ რა, რომ კატალონიელებს “კამპ ნოუზე” საფარი უნდა შეეცვალათ. შემდეგ იყო ისტორია დაკავშირებული მესის გრიპთან, რომელიც მოედანზე მოგვევლინა. ჩვენ გვითხრეს, რომ მესი მატჩს სახლიდან ადევნებდა თვალს. შეხვედრის დაწყების წინ, როცა იგი გასახდელში დავინახე, ვუთხარი, რომ გაკვირვებული ვიყავი. მან უბრალოდ გადაიხარხარა. ჩემს ბიჭებს მე ვერაფერში ვუსაყვედურებ. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ვთვლი, რომ “ბარსა” მისიას შესრულებულად მიიჩნევს. მათ შეუძლიათ განაცხადონ, რომ პამპლონაში მეორე შემადგენლობით ჩამოვლენ, მაგრამ მოედანზე პირველი შემადგენლობა გამოიყვანონ.” – განაცხადა მენდილიბარმა.