“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, აღნიშნა, რომ “სანტოსთან” გასამართი ფინალი ძალიან მძიმე იქნება: “სანტოსთან” თამაში ისეთივე რთული იქნება, როგორც “რეალთან”. ეს გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს და მახსენებს 1992 წლის “სან პაოლოს”.
ხოსეპ გვარდიოლამ შაბათს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ბოლო პრეს–კონფერენცია გამართა და ისაუბრა იმ პრობლემებზე, რისი შექმნაც “სანტოსის” ფეხბურთელებს შეუძლიათ მისი გუნდისთვის. “სანტოსი” ძალიან ძლიერი გუნდია. იქ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გამოდის და ყველას შეუძლია ინდივიდუალურად მაღალ დონეზე თამაში. მთავარია, ბურთი ნეიმარს არ მივცეთ და ამის ერთადერთი საშუალება იქნება მატჩის სრულად გაკონტროლება და ბურთის გორაობა, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ ხოლმე. თუმცა “სანტოსში” მარტო ნეიმარი როდია, იქ არიან ისეთი ვარსკვლავებიც, როგორებიც არიან: დანილო, განსო, ბორხესი…”
რაც შეეხება საკუთარი ფეხბურთელების მდგომარეობას, პეპმა კიდევ ერთხელ უთანაგრძნო დავიდ ვილას და ასევე ორი სიტყვით შეეხო ალექსის სანჩესის სავარაუდო არ თამაშს ფინალში. “ვნახოთ, როგორ ჩაატარებს ვარჯიშებს ალექსისი და შემდეგ გადავწყვეტთ ითამაშებს თუ არა ის. კიდევ ერთხელ მინდა ვუთანაგრძნო ვილას და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. ბევრმა ფეხბურთელმა კიდევ ვერ გაიარა ადაპტაცია და კვლავ ვერ ახერხებს დაძინებას თავის დროზე. იაპონიასა ესპანეთს შორის საათების მხრივ სხვაობა დიდია და ძნელია კალაპოტში ჩადგომა.”
ასევე გვარდიოლამ აღნიშნა ისიც, რომ ძალიან აფასებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშის შესაძლებლობას. “არ ვიცით კიდევ როდის შევძლებთ ამ ტურნირში მონაწილეობის მიღებას და ამიტომ ახლა აუცილებელია კარგად ვითამაშოთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. კარგი იქნება თუ გავიმარჯვებთ და ამისთვის ვიბრძოლებთ კიდეც, თუმცა იმაზე ფიქრი, რომ ფავორიტები ვართ კარგს არაფერს მოგვიტანს.”



