მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უამრავი ბრწყინვალე თავდამსხმელი გვინახავს, მაგრამ მისნაირი არც ისე ბევრი იყო. სისწრაფე, ტექნიკა, დარტყმა, სიზუსტე და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი თვისება ახასიათებდა მას. სახელად ტიერი ჰქვია, გვარად კი ანრი. იგი უამრავი სპორტის მოყვარულის ფავორიტი მოთამაშე იყო, არის და იქნება. ფრანგ ფორვარდს თითოეულ მატჩში რაღაც საოცრება რომ არ გაეკეთებინა, ისე მოედნიდან არ გავიდოდა.
ანრის უამრავი გოლი გაჰქონდა, მაგრამ ყოველ გოლში რაღაც ბრწყინვალება და საოცრება იდო. ეს არ იყო უბრალოდ მეტოქის კარში შეგორებული ბურთი. ტიერის თითქმის ყველა ტოპ–კლასის მეკარე ჰყავს დამწუხრებული. ახლაც თვალწინ მიდგას ჩემპიონთა ლიგის მატჩი, როდესაც ჯერ კიდევ ლონდონის “არსენალში” თამაშობდა და მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასაოგნებელი თამაში აჩვენა. დიდი სიამოვნებით ვუყურებ სწორედ ამ დაპირისპირებაში მის მიერ გატანილ გოლს, როცა ცენტრინად დაიწყო და “გადაურბინა” “თეთრების” დაცვას, ბოლოს კი იკერ კასილიასი უძლური დატოვა.
ტიერის ჩემპიონთა ლიგის მოგება სურდა, რასაც “არსენალთან” ერთად უამრავი მცდელობის შემდეგ მაინც ვერ ახერხებდა. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კი ითამაშა, მაგრამ ვინ შეუშლიდა ხელს თუ არა “ბარსელონა”? კატალონიელებმა თავიანთ სტილში, ლამაზად და დამსახურებულად აღმართეს იმ ღამეს თასი პარიზში. ანრი მიხვდა, რომ სწორედ ესპანურ გრანდში გადაბარგებით მოახერხებდა ოცნების ახდენას. ლონდონელ ქომაგებს უყვარდათ და უდიდეს პატივს სცემდნენ მას. იგი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელადაც იქნა აღიარებული მათ მიერ. სწორედ ამიტომ, გულშემატკივრებმა დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც გაუგეს მას და “ბარსაში” გადასვლისას სასიამოვნოდ გამოემშვიდობნენ. ტიერი “მეთოფე” იყო და გახდა “კულე”…
პირველ სეზონში არც ისე დამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. “ბარსელონაში” მოვიდა ხოსეპ გვარდიოლა და კლუბს იმ წელსვე 6 თასი მოაგებინა. ამ ტიტულებს შორის ერთ–ერთი ჩემპიონთა ლიგა იყო. ანრის ოცნება ასრულდა. მან და თავის თანაგუნდელებმა 2009 წლის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს და რომი დაიპყრეს (სწორედ იტალიის დედაქალაქი მასპინძლობდა ამ შეხვედრას). ამის შემდეგ, ტიტიმ თავაწეულმა და ამაყმა გაიხადა ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური. იგი კატალონიური გრანდის დიდი მადლობელი იყო. მათი დამსახურებით მან სურვილი დაიკმაყოფილა და შემდეგ წავიდა ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ–იორკის გუნდ “რედ ბულსში”, სადაც დღემდე გამოდის და ასაკის მიუხედავად კვლავ ხშირად აკეთებს საოცრებებს.
…მაგრამ მარტო ჩემპიონთა ლიგის მოგება როდია საკმარისი ფეხბურთელისთვის. “ოქროს ბურთი”? ეს ხომ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზია მოთამაშესთვის? ზუსტად ამიტომაა ანრი უგვირგვინო მეფე. მის ბრწყინვალებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ეს ჯილდო მაინც არ ეღირსა. უგვირგვინოდ დარჩა… თუმცა ტიტის გვირგვინი მაინც ყოველთვის ჩვენ, ფეხბურთის გულშემატკივრები ვიქნებით, რადგან ვინც მისი თამაში ნახა, ყველა გაოგნებული დარჩა. ის ერთ–ერთი იმ სპორთსმენთაგანია, რომელიც ყველას უყვარს, ყველა პატივს ცემს. ფრანგია, “მამლების” ღირსებას იცავს, მაგრამ მამლად არასოდეს მოიხსენიებენ. იგი პანტერაა…უსწრაფესი და უსხარტესი პანტერა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო…



