იაპონიაში გასამართ ტურნირამდე ”ბარსელონას” პრიმერას 5 და ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩის გამართვა მოუწევს. ორივე ტურნირზე გადამწყვეტი შეხვედრები გაიმართება ”რეალთან” და ”მილანთან”.
”ბარსა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 1/2 ფინალიდან ჩაერთვება. გუნდი პირველ შეხვედრას 15 დეკემბერს გამართავს. ამ მატჩამდე კი 7 შეხვედრაა გასამართი.
”სან სიროზე” ჯგუფის ლიდერობისთვის
სანაკრებო პაუზის შემდეგ ”ბარსა” შინ ”სარაგოსას” უმასპინძლებს. ამის შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდი ”სან სიროზე” ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ”მილანს” შეერკინება. პრიმერას შემდეგ მატჩს კატალონიელები კვლავ გასვლაზე, ”ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართავენ. ამ შეხვედრის შემდეგ საკლუბო ჩემპიონატის გამო პრიმერას გადმოტანილი მატჩი გაიმართება ”რაიო ვალეიკანოსთან”. შეხვერდა 29 ნოემბერს, ”ნოუ კამპზე” გაიმართება.
კლასიკო ”ბერნაბეუზე”
რაც შეეხება დეკემბერს, ”ბლაუგრანა” საკლუბო ჩემპიონატამდე 3 შეხვედრას გამართავს. პირველად ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ ”ლევანტე” ჩავა, შემდეგ ამავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ”ბატე” ითამაშებს. ბოლო შეხვედრა კი იაპონიაში გამგზავრებამდე არც მეტი, არც ნაკლები – ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.



