გერმანული “ვოლფსბურგის” ფეხბურთელმა ალექსანდრე ჰლებმა, გაიხსენა თავისი კარიერის ის ნაწილი, როდესაც იგი კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას იცავდა. ბელორუსიელი მოთამაშე მიიჩნევს, რომ დიდი შეცდომები დაუშვა ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურის ტარების პერიოდში და ახლა ამის გამო ძალზედ შეწუხებულია.
“სიტუაცია არ იყო კარგი. როდესაც “ბარსაში” გადავედი, თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში მოვითხოვე ადგილი და არ ვიყავი მართალი. ეს ხომ “ბარსელონაა”. თუ არ ხარ მესი, მაშინ სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს გარანტირებული. თავად ვარ დამნაშავე, რადგან კონფლიქტი შევქმენი, რაც ძალიან არ მსურდა. პირველივე სეზონის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე გუნდის დატოვება. ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო (იღიმის). რა თქმა უნდა მე ამბიციებით აღსავსე ვიყავი და მინდოდა უფრო გამომეჩინა ჩემი თავი, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. იმის მაგივრად, რომ დამენახებინა გვარდიოლასთვის, თუ რა შემიძლია სინამდვილეში, ჩხუბზე გადავედი. ზოგადად კატალონიაში გადასვლას შეცდომად არ მივიჩნევ, რადგან სწორედ იმ სეზონში მოვიგე ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულები: ესპანეთის პრიმერა დივიზიონის თასი, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი.” –განაცხადა ჰლებმა.

