ყველაფერი უცნაურად და მარტივად დაიწყო. 7-8 წლის ვიქნებოდი, ეს ის დროა როცა შუქის მოსვლით გამოწვეული სიხარული, როგორც წესი რამდენიმე წუთში ქრებოდა და მას შუქის წასვლით გამოწვეული გაბრაზება ცვლიდა. იმ დღეს ტელევიზორი ჩართული იყო…ვიჯექი და ვუყურებდი საფეხბურთო გადაცემას, რომლის დასასრულს წამყვანმა თქვა: “ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ მცირე ვიდეოკოლაჟი საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” შესახებ”. ის ხალხი, ვინც იმ პერიოდში ჩემი ასაკის იყო, დამეთანხმება რომ ბევრ ჩვენგანს როლანდოს მეტი არავინ გაეგო და ყველა მისი ფანი ვიყავით შეგნებულად თუ მეტის არცოდნით გამომდინარე. რომ არ მოგატყუოთ, მეც ასეთი ვიყავი და დღედაღამ როლანდოს მაისურზე ვოცნებობდი.
ჰოდა ვიდეოკოლაჟი ჩართეს…მახოვს ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმაში ჩაცმული მაღალი, გამხარი ბიჭი, რომელიც ლამაზად ატყუებდა მცველებს და ერთმანეთზე უკეთეს გოლებს იტანდა. პატარა ვიყავი და ბევრი მეტყვის, ნეტა 7–8 წლის ბავშვმა როგორ იგრძენი ფეხბურთის სილამაზეო, მაგრამ დამიჯერეთ ვიგრძენი! ვიგრძენი და თან როგორ…ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის ფრაზის არ იყოს, მე იმ დღეს მივხვდი, რომ ის ის არის.
რივალდომ მე ფეხბურთი შემაყვარა, არ ვიცოდი რა იყო “ბარსელონა”, მაგრამ ვიცოდი სადღაც თამაშობდა გენიოსი, სახელად რივალდო. ჩემს პირველ მაისურზეც სწორედ მისი სახელი იყო დატანილი. ორად გაყოფილი ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური, რომელზეც ეწერა: 11,RIVALDO … ახლა, როცა ვიცი მისი ისტორია, ისიც კი გაკვირვებას იწვევს ჩემში, თუ როგორ გახდა რივა პროფესიონალი ფეხბურთელი. როგორ მოახერხა უკიდურესი გაჭირვებისთვის თავი დაეღწია და ათასობით ჩემნაირისთვის ფეხბურთი და “ბარსელონა” შეეყვარებინა. როდესაც მისი კარიერა იწყებოდა “პატაპალოს” ეძახდნენ, რაც ხისფეხას ნიშნავს. ეგონათ, რომ მისგან კარგი ფეხბურთელი არ გამოვიდოდა, რადგან მარცხენა ფეხს ხის ფეხივით ხმარობდა.
რივა თითქოს გარინჩას მაგონებს: სიღარიბეში გაზრდილს, მაგრამ შემდგომში საუკეთესოდ ქცეულს. ორივე განაკუთრებული ტექნიკით და საგოლე ალღოთი იყვნენ დაჯილდოვებულნი და აშკარაა ერთ–ერთი საუკეთესონი იყვნენ იმ ხალხს შორის, ვისაც “სელესაოში უთამაშია.
თუმცა მათ შორის მაინც არის განსხვავება. თუ გარინჩა “ხალხის სიხარულად” იქცა, რივალდო არ მიიღო ბრაზილიელმა ხალხმა იგივე სიყვარულით. 1999 წელს, როდესაც რივალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, იგი ბრაზილიელ ჟურნალისტებს არც კი გახსენებიათ. ეს ფაქტი რივამ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნშიც დანანებით აღნიშნა.
“ბარსელონას” ბევრი გულშემატკივარი დღესაც ამბობს, რომ რივამ რამდენიმეჯერ ტრავმა მოიმიზეზა, რათა კლუბში არ ეთამაშა და ნაკრებს დახმარებოდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა მე ღრმად მწამს, რომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა მოედანზე. კატალონიაში გატანილი ულამაზესი გოლების, მაკრატელების, ფინტების, საჯარიმო დარტყმების შესახებ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ალბათ და ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. 2002 წლის მუნდიალზე იგი რონალდოსთან და რონალდინიოსთან ერთად ბრაზილიის ნაკრების საკვანძო ფიგურა იყო. შესარჩევ ეტაპზე გატანილ 8 გოლს, მან ფინალურ ეტაპზე გატანილი 5 გოლი მიამატა და ფინალში გატანილ ორივე გოლში ლომის წვლილი დაიდო.
რივალდოს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მედიას არ სწყალობდა. ეს ერთ–ერთი მიზეზია თუ რატომ მიყვარს იგი! გოლეადორი, ფლეიმეიქერი, მაკრატელების უბადლო შემსრულებელი ყოველთვის ერიდებოდა ფოტორეპორტიორებს და აქცენტს მათ წინაშე პოზირების ნაცვლად, ფეხბურთის თამაშზე აკეთებდა.
ბევრი მის დაკნინებას ცდილობს იმ საქციელის გამო, რომელიც მან მსოფლიო თასზე თურქეთთან ჩაიდინა, თუმცა მე მისი ცხოვრებიდან გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტები მახსენდება, ვიდრე ის ავადსახსენებელი დღე. მახსენდება ბიჭი, რომელმაც 15 წლის ასაკში მამა დაკარგა, მახსენდება ბიჭი, რომელიც ყოველდღე 25 კილომეტრს გადიოდა, რათა ვარჯიშზე მისულიყო, მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც მილიონების კერპად იქცა და ამიტომ ვთვლი, რივალდომ დაიმსახურა ერთი შეცდომა აპატიონ. მისი ისტორია თითქმის ყველა ფეხბურთელისაზე მეტად დასაფასებელია, რადგან მის სახეს დღესაც ატყვია სიღარიბის კვალი. რივალდო თითქოს ისევ ისეთია, როგორც წლების წინ, როდესაც ოკეანის სანაპიროზე ტკბილეულს და სასმელებს ჰყიდდა, რათა ოჯახი ერჩინა. უყრებ და თითქოს მართლა ასე გამოიყურება, ოღონდ იქამდე, სანამ შენი თვალით არ ნახავ, რა შეუძლია მისი მარცხენა ფეხს!
[media=http://www.youtube.com/watch?v=zNynCfePQ7I]



