რა უთხრა ლეო მესიმ ნეიმარს ბარსელონას დატოვებამდე?

რა უთხრა ლეო მესიმ ნეიმარს ბარსელონას დატოვებამდე?

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა თავისი კარიერის ბარსელონური პერიოდი გაიხსენა.

“არ ვნანობ, რომ რეალ მადრიდს ბარსელონა ვამჯობინე – იქ გულით წავედი. რა თქმა უნდა, მესისთან თამაში მსურდა. ბარსა ჩემი სიყვარული იყო, რონალდინიოს ტრანსფერიდან მოყოლებული მათ მატჩებს ყოველთვის ვუყურებდი და ვამბობდი, რომ ამ გუნდში თამაში მინდოდა, რაც მოხდა კიდეც.

ინტენსიური დღეები იყო. 2-3 დღე არცკი ვვარჯიშობდი. უბრალოდ სახლიდან ოფისში დავდიოდი, რომ საქმე მომეგვარებინა. რეალ მადრიდი და ბარსელონა მიკავშირდებოდნენ, ორივე კლუბის პრეზიდენტი მირეკავდა. ვერაფერს ვაანალიზებდი. საკუთარი თავი ორივე გუნდში წარმოვიდგინე… მაგრამ შემდეგ გულმა ბარსელონამდე მიმიყვანა.

ბარსაში გატარებული პირველი 6 თვის განმავლობაში მუცელში პეპლები დაფრინავდა. ვამბობდი: “ჯანდაბა, დრიბლინგს ვეღარ ვახორციელებ, ყველაფერს არასწორად ვაკეთებ.”

ერთ დღეს სასოწარკვეთილი ვიყავი – ბილბაოსთან მატჩში, შესვენებაზე, გასახდელი ოთახისკენ საკუთარ თავზე გაბრაზებული წავედი. ძალიან ცუდად ვთამაშობდი. სააბაზანოში ატირებული შევედი და ვფიქრობდი: “რას ვაკეთებ?”. შემდეგ, კარზე კაკუნი გავიგე… მესი იყო. მან მკითხა, თუ რატომ ვტიროდი, მე კი ვუპასუხე, რომ კარგად ვიყავი. შემდეგ დანი ალვესიც მოვიდა, და ლეომ მითხრა: “დამშვიდდი, ჩვენ დაგეხმარებით. გვინდა, ისეთი იყო, როგორიც სანტოსში იყავი, და წნეხის გარეშე ითამაშო. თუ რამე დაგჭირდება, შენ გვერდით მიგულე.” ამის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი და თამაშისგან სიამოვნების მიღება დავიწყე. ყველაფერი გამოსწორდა.

მესისა და სუარესს იდეალურად ვუგებდი, მოედანზე და მის მიღმაც, ეს ბუნებრივად ხდებოდა. ერთმანეთს მხარს ვუჭერდით… ეს საკუთარ კარიერაში საუკეთესო პარტნიორობა იყო.

ბარსელონა იმიტომ არ დამიტოვებია, რომ პსჟ-ში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

მესიმ მითხრა: “იმიტომ მიდიხარ, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გახდე? შემიძლია, საუკეთესო მოთამაშე მე გაგხადო.” ლეოს ვუთხარი, რომ ასე არ იყო და პირადი მიზეზების გამო მივდიოდი. რა თქმა უნდა, ფინანსურად პარიზში უკეთესი კონტრაქტი მქონდა, ვიდრე ბარსაში… ასევე, იქ მეტი ბრაზილიელი ასპარეზობდა, მათთან თამაში მსურდა – ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ლუკას მოურა, დანი ალვესიც დაგვემატა – ყველა ჩემი მეგობარი იყო.

კარიერაში არაფერს ვნანობ. ყველა შეცდომა, რაც ცხოვრებაში დავუშვი, პიროვნულად გაზრდაში დამეხმარა,” – განაცხადა ნეიმარმა.

ნეიმარი ბარსელონაში 2013-2017 წლებში ირიცხებოდა. ბარსამ ის სანტოსიდან €88 მილიონად შეიძინა, შემდეგ კი €222 მილიონად გაყიდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • nika 54
    19 იან 2025, 16:54

    და მაინც, ეს უვარგისი კაცი თვლიდა რო მესიზე უკეთესი იყო და 2015-ში ოქროს ბურთი მას ეკუთვნოდა. ამას ეგონა მესის ჩრდილიდან გამოვიდოდა და პსჟ-ს იმიტომ მიაშურა. ფაქტიურად კი მაინც ფულის გულისთვის გაიქცა.

  • M10 S9 D11
    18 იან 2025, 20:40

    არ მოუსმინა ლომს და კია ახლა ნოლ-ნოლში

  • Don Leo
    18 იან 2025, 16:22

    ფულს ახლაც საკმარისად იშოვიდა და ახლა არაბებია არიან შენი მეგობრები ალბათ !!

  • Rick Sanchez
    18 იან 2025, 13:27

    აღიარა თვითონაც ფულის გამო რო წავიდა. ეჰ ნეტავ რაფინიას ხასიათი ჰქონოდა ხო გახდებოდა საუკეთესო მესის წასვლის შემდეგ… ეჰ როგორ მიყვარს მაინც ეს მაიმუნი…

  • C.PC5
    18 იან 2025, 08:33

    რიგითი ბრაზილიელი ხარ რაც არუნდა იმართლო თავი, ჯერ დიდებამ გაგაბითურა და მერე ფულმა

  • ზებულონი
    18 იან 2025, 02:56

    ფულის გულისთვის დაიღუპე კარიერა