მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიდი ფეხბურთის პატარა ვარსკვლავი–რა, არ იმსახურებს?

დიდი ფეხბურთის პატარა ვარსკვლავი–რა, არ იმსახურებს?

ახლოვდება 2011 წლის დასასრული. ფიფამ უკვე გამოაცხადა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც წარდგენილნი არიან ნომინაციაზე “წლის საუკეთესო ფეხბურთელი”. როგორც მოგეხსენებათ გამარჯვებულს “ოქროს ბურთს” გადასცემენ. სპორტის ქომაგების უმრავლესობა თვლის, რომ ამ პრიზს კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების ნამდვილი ვარსკვლავი ლიონელ მესი, უკვე ზედიზედ მესამედ მიიღებს. მინდა ამის შესახებ ჩემი აზრიც მოგახსენოთ…

ბევრი თვლის, რომ ფიფას მიერ შედგენილ ფეხბურთელთა სიაში, რომლებმაც შესაძლოა “ოქროს ბურთი” მოიგონ, მეტისმეტად ბევრი “ბარსელონას” მოთამაშეა. საზოგადოების რაღაც ნაწილის აზრით, ფიფა ყოველთვის კატალონიელთა მხარეს იჭერს და ცდილობს, მათ ხელი შეუწყოს წარმატებების მიღწევაში. რატომ მოხვდა “ლურჯ–ბროწეულისფერთა” შემადგენლობიდან ამდენი ფეხბურთელი? პასუხი მარტივია…”ბლაუგრანას” 9 ღირსების დამცველს (ალექსისს არ ვთვლი) იმიტომ აქვს წლის საუკეთესოდ გახდომის შანსი, რომ სწორედ ისინი გახდნენ ევროპის და ალბათ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის, “ჩემპიონთა ლიგის” გამარჯვებულნი. და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი დამსახურებული იყო. ბევრი საგონებელშია ჩავარდნილი, თუ რატომ არ მოხვდა ლონდონის “ჩელსის” არცერთი მოთამაშე ამ სიაში, მაგრამ აქაც ძალიან იოლია პასუხის გაცემა. “ლურჯებმა” ვერ შეძლეს რომელიმე ჩემპიონატის მოგება მაშინ, როცა “ბარსამ” ყველა თასი აღმართა, რაც შეეძლო, გარდა “კოპა დელ რეისა”.

ასევე ბევრი მითქმა–მოთქმაა იმის შესახებ, რომ გასულ წელს უესლი სნეიდერი, რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა, წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულშიც კი ვერ მოხვდა. როგორც მოგეხსენებათ შარშან “ოქროს ბურთი” მესის გადასცეს, მაშინ, როცა მან არგენტინის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერაფრით გაგვაოცა და ჩემპიონთა ლიგაც ვერ მოიგო “ბარსასთან” ერთად. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჰოლანდიელმა 2010 წლის სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, მაგრამ “მუნდიალის” შემდეგ ვერაფერი გაახერხა. ხოლო ლეომ, ევროპაში ნომერ პირველად წოდებულ ტურნირზე 8 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირიც გახდა. ასევე იგი მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურად თამაშობდა.

ახლა მოდით ლიონელის არგენტინის ნაკრებში გამოსვლასაც შევეხოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერს ვიტყვი, რადგან ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. საინტერესოა, რომ ხალხი ხშირად აღნიშნავს მესის დაბალ რეზულტატიანობას. მოდით გავიხსენოთ ბოლო მატჩები, სადაც მან მონაწილეობა მიიღო. ეს გახლდათ “კოპა ამერიკა”. ამ ჩემპიონატზე, ლეო ფლეიმეიქერის ფუნქციებს ასრულებდა (ვინც არ იცით რას ნიშნავს ფლეიმეიქერი, გეტყვით, რომ ეს გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც თავისი შესანიშნავი პასებით თავდამსხმელებს ამარაგებს და აძლევს მეტოქის კარის აღების შანსს). მან ძალიან ბევრჯერ დატოვა იგუაინიც და დი მარიაც მეკარესთან პირისპირ, თუმცა მათ უმრავლესობა შანსებისა ქარს გაატანეს. ასე და ამგვარად აშკარაა, რომ ლიონელი იმ პოზიციაზე, სადაც მას უწევს თამაში არგენტინაში, ყველაფერს ბრწყინვალედ ართმევს თავს.

რაც შეეხება იმსახურებს თუ არა მესი წელს “ოქროს ბურთის” მოგებას, პასუხი დადებითია. მან უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვა და ასევე პირველზე გავიდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. ყველაფერი მაინც 9 იანვარს, ციურიხში გაირკვევა. მანამდე კი, ჩემს მიერ ერთ–ერთ სტატიაში ადრე დაწერილ სიტყვებს გავიმეორებ: პატივი ეცით დედამიწაზე დასახლებულ უცხოპლანეტელს, რადგან ის თქვენზე ზრუნავს და განიჭებთ სიამოვნებას. ლიონელ მესი-მან ირწმუნა, მოინდომა და გაიმარჯვა!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში