პეპ გვარდიოლა, გასული სეზონის მიღწევების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის წოდების მოგების კანდიდატია. საუკეთესოს ვინაობას “ფიფა” 2012 წლის 9 იანვარს, ციურიხში გამოავლენს.
პეპ გვარდიოლა გასულ წელსაც იყო წარდგენილი აღნიშნულ წოდებაზე ვისენტე დელ ბოსკესა და ჟოზე მოურინიოსთან ერთად, თუმცა მაშინ გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა.
საფეხბურთო კომიტეტის წევრებს უკვე გადაეცათ 20 კანდიდატის სია, რომელთაგან მათ 10 საუკეთესო უნდა დაასახელონ. პეპ გვარდიოლასთან ერთად აღნიშნულ სიაში შევიდნენ გასული წლის გამარჯვებული ჟოზე მოურინიო და მეორე ადგილოსანი ვისენტე დელ ბოსკე. საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს ვილაშ-ბოაშიც, რომელმაც გასულ წელს “პორტოსთან” ერთად ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. “ფიფას” სიაში მოხვდნენ რობერტო მანჩინი (“მანჩესტერ სიტი”), მასიმილიანო ალეგრი (“მილანი”), სერ ალექს ფერგიუსონი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), არსენ ვენგერი (“არსენალი”), ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი (ურუგვაი), ლიოვი (გერმანია), ბერტ ვან მარვიკი (ჰოლანდია), გუუს ჰიდინკი (თურქეთი), ლორან ბლანი (საფრანგეთი), ჯიოვანი ტრაპატონი (ირლანდია), ფაბიო კაპელო (ინგლისი).
კანდიდატთა სრული სია 1 ნოემბერს გამოქვეყნდება.
საუკეთესო გახდება ის მწვრთნელი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ მსოფლიოს ნაკრებთა მთავარი მწვრთნელებსა და კაპიტნების და ასევე სპორტული ჟურნალისტები.