“ბლაუგრანასა” და “ფურია როხას” რვა ფეხბურთელი და ერიკ აბიდალი “რასინგთან” მატჩისთვის მზადებას დღეს შეუდგება.
პეპ გვარდიოლა სანტადერის “რასინგთან” მატჩისთვის მზადებას დღეს პირველი გუნდის ფეხბურთელების დიდი ნაწილით დაიწყებს. ევროპელი მოთამაშეები, რომლებიც სანაკრებო ბატალიებში იღებდნენ მონაწილეობას, სამშობლოში დაბრუნდნენ. დღეს, ესპანეთის დროით 18:30 საათზე მისტერს განკარგულებაში ძირითადი გუნდის დამატებით ცხრა ფეხბურთელი ეყოლება, აქედან რვა ესპანელი (ვალდესი, პუიოლი, პიკე, ჩავი, პედრო, ბუსკეტსი, ვილია და ტიაგო) და ერთი ფრანგი (ერიკ აბიდალი). სრული შემადგენლობით “ბარსა” ვარჯიშს ხვალ განაახლებს. გვარდიოლამ ხვალინდელი ვარჯიში უკვე დაგეგმა და ის საღამოს გაიმართება. ხვალ კატალონიაში ლეო მესი, ხავიერ მასკერანო, დანიელ ალვესი და ადრიანო კერეია ბრუნდებიან. არგენტინელებმა მსოფლიოს 2014 წლის საკვალიფიკაციო მატჩები გამართეს ჩილესა და ვენესუელას ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ, ხოლო ბრაზილიელები ამხანაგურ შეხვედრებში კოსტა-რიკელებსა და მექსიკელებს დაუპირისპირდნენ. კიდევ ერთი ბრაზილიელი მაქსველი დღეს პრეს-კონფერენციას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო ნაკრებში არ იყვნენ გამოძახებულები ანდრეს ინიესტა და სესკ ფაბრეგასი. ტრავმირებული ალექსის სანჩესი მკურნალობას სამშობლოში გადის. სეიდუ კეიტამ მალის ნაკრებთან ერთად წარმატებით გაიარა აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპი და გუნდს გუშინ შეუერთდა. მაქსველი, პინტო და ფონტასი კი სანაკრებო განაცხადების მიღმა დარჩნენ. ფაბრეგასის გარდა ყველა ხსენებული ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას გასულ კვირას გამართულ ვარჯიშებში. მათ პარტნიორობას “ბარსა ბ”-ს მოთამაშეები უწევდნენ.



