მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: “ერთ დღეს ვიტყვი, რომ მე ლეო მესისთან ერთად ვთამაშობდი”

ვილია: “ერთ დღეს ვიტყვი, რომ მე ლეო მესისთან ერთად ვთამაშობდი”

ინტერვიუში, რომელიც დავიდ ვილიამ El País-ს მისცა, საუბარი იყო ფეხბურთელის მიერ “ბარსაში” გატარებულ ერთ წელზე, სწავლის პროცესზე, გაუმჯობესებულ თამაშზე და თანაგუნდელებზე. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ქვემოთ.

 

დავიდ ვილია “ბარსელონაში” ერთი წლის წინ მივიდა და ფორვარდის პოზიცია მოირგო. მან შეწყვიტა თავდამსხმელის პოზოციაზე თამაში და “ვინგერის” ტიპის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ის გახლავთ ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი (49 გოლი). აღსანიშნავია ისიც, რომ შოტლანდიასთან მატჩი ვილიასთვის იქნება რიგით 80-ე ესპანეთის ნაკრების მაისურით.

 

– როგორი იყო თქვენს სამეზობლოში გაზდრა?

– მე ვცხოვრობდი უამრავი შენობით დაკომპლექტებულ ადგილას. მე გავიზარდე ქუჩაში ფეხბურთის თამაშით. ჩვენ ყველგან ვაკეთებდით საფეხბურთო მოედნებს ქვების მეშვეობით. ახლა ვუყურებ ჩემს შვილებს და ვხედავ, რომ მათ გაცილებით მეტი რამ აქვთ, ვიდრე მე მქონდა მათ ასაკში, მაგრამ მათ არ აქვთ ქუჩაში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა, ჩემგან განსხვავებით.

 

– როგორი ბავშვობა გქონდათ?

– ეს იყო ძალიან ბედნიერი პერიოდი.

 

– რამდენად ახლოსაა ერთმანეთთან ის ქუჩაში თამაში და ის ფეხბურთი, რომლითაც ეხლა ხართ დაკავებული?

– საერთო ჯამში მე ფეხბურთელობა მინდოდა. მე მივაღწიე ისეთ სიდიდეებს, რომლებზეც ვერც კი ვიოცნებებდი. როცა პატარა ვიყავი, ფეხბურთი უბრალოდ თამაში იყო, ახლა კი ის ჩემი სამუშაოა. პროფესიულ ფეხბურთში არ არსებობს ცნება “მთავარია მონაწილეობის მიღება”. ჩვენ მოგებისთვის ვთამაშობთ.

 

– ამბობენ, რომ ფეხბურთი ისე გიყვართ, სხვა არაფერზე ფიქრობთ!

– ფეხბურთს მხოლოდ მაშინ ვეთიშები, როცა ჩემს შვილებთან ერთად ვარ. ალბათ მართალია, ძალიან დიდ დროს ვატარებ ფეხბურთზე ფიქრში, მაგრამ მე ეს მიყვარს. მადლობა ღმერთს, რომ ქალიშვილები მყავს. ბიჭები რომ მყოლოდა, უფრო იშვიათად გამოვეთიშებოდი ფეხბურთს, მაგრამ ჩემს უფროს გოგოს ძალიან უყვარს სტადიონზე სიარული.

 

– როგორც ჩანს, ის ფაქტი, რომ თქვენი ცოლი ადრე ფეხბურთს თამაშობდა, გეხმარებათ…

– ის ძალიან დიდი ხანია მიცნობს. ის მუდმივად არის ჩემს ცხოვრებაში. მას ესმის ჩემი, იცის ჩემი პროფესია და უბრალოდ სიამოვნებს. ის ფეხბურთს 15 წლამდე თამაშობდა.

 

– მწარე კრიტიკოსია?

– არა, ის ამ საქმეში არ ერევა, მაგრამ რთული პერიოდის დროს ყოველთვის ჩემს გვერდითაა.

 

– როგორ მიდის თქვენი ახალი სახლის საქმეები?

– (იცინის) რემონტს დრო მიაქვს… სავარაუდოდ ჩავიმ გითხრათ, რომ ეს შეკითხვა დაგესვათ, არა? ამ ყველაფერს ჩემი ცოლი კურირებს. ჩემთვის მისაღებია მისი ნათქვამი. ამ სფეროში ჩემზე მეტი გაეგება და თავად მეც მინდა, რომ მას მოეწონოს ყველაფერი. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დასრულდება.

 

– თქვენ სახლი ბარსელონაში იყიდეთ. საუბრობს თუ არა ეს თქვენს ადაპტაციის პროცესზე?

– ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ბარსელონაში. სიმართლე გითხრათ ძალიან გაგვიმართლა. ვალენსიაშიც კარგად ვგრძნობდით თავს. ქალაქების ცვლა ყოველთვის სარისკოა, მაგრამ აქ ძალიან ბედნიერები ვართ.

 

– როგორ ართმევთ თავს კატალონიურს?

– შესანიშნავად. მე ისედაც ვიცოდი მათი კულტურის შესახებ, კლუბის კულტურის შესახებ… ვიცოდი, რასაც აღმოვაჩენდი აქ, ამიტომ გაკვირვებული არ ვარ… ერთი რამ, რაც არ ვიცოდი არის რაღაც, რასაც ისინი საწებელში აგდებენ… კალკოტი (პატარა მწვანე ხახვი)!… ერთხელ მითხრეს “წამოდი, კალკოკადაში წავიდეთ!” და მე ვიფიქრე, “სად”? ძალიან გაკვირვებული ვიყავი. დანარჩენი ყველაფერი ვიცოდი საკმაოდ კარგად. ვალენსიაში ცხოვრებისას ენასაც მივეჩვიე.

 

– ფიქრობთ, რომ ესპანური კატალონიურისგან იზოლირებულია?

– არა, საერთოდ არა. იგივე სიტუაციაა ვალენსიაშიც. ხალხს თავისი კულტურა აქვს, თავიანთ ენაზე საუბრობენ და ისინი, ვინც სხვა ქალაქებიდან მოდიან, უნდა შეეჩვიონ ამას. მე არავითარი პრობლემა არ მქონია. კატალონიური ძალიან კარგად მესმის, თუმცა ამ ენაზე საუბარი რთულია.

 

– კლუბების ცვლამ, თქვენს შემთხვევაში, გამოიწვია უნარების ცვლა საფეხბურთო მოედანზე…

– დიახ, მე ვაკეთებ იმისგან განსხვავებულ საქმეს, რასაც ადრე ვაკეთებდი. თავდასხმაში ზოგიერთი რამ არ შეცვლილა: მზად უნდა იყო მცველისგან პასისთვის, თავი შორს უნდა დაიჭირო ცენტრალური მცველებისგან. ჩემი სიმაღლიდან და ფიზიკურობიდან გამომდინარე, ყოველთვის მიწევდა ცენტრალური მცველებისგან მოშორებით ყოფნა. მაგრამ “ბარსაში” დაცვაში თამაში სრულებით შეიცვალა. ვამაყობ, რომ შევძელი და ამ გუნდს მოვერგე.

 

– ახალ უკეთესი ფეხბურთელი ხართ?

– მე ვიტყოდი, რომ ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ. შესაძლოა, რომ გოლის გატანის უფრო ნაკლები შანსი მომეცეს, მაგრამ თამაშით ისეთ სიამოვნებას ვიღებ… არ ვიტყოდი უკეთესი, ვიტყოდი უფრო სრულყოფილი.

 

– თქვენ უფრო ნაკლები გაგაქვთ, მაგრამ უფრო კავშირში ხართ თანაგუნდელებთან.

– გოლების გატანის შანსი მეძლევა, მაგრამ უფრო მეტ პასებს ვიძლევი. ვალენსიაში უფრო მაღლა ვთამაშობდი – იქ, სადაც მარტო ვიყავი და ვეძებდი მხოლოდ სივრცეებს და გოლის გატანის შესაძლებლობებს. აქ შუა ხაზში თამაში შემიძლია, ან გარემარბობა. ეს განსხვავებული და უფრო რთული მიდგომაა, მაგრამ ყველაზე რთული დაცვაში თამაშის სწავლა იყო.

 

– ადრე უფრო ნაკლები შრომა ან ნაკლები სირბილი გიწევდათ, ვიდრე ახლა?

– არა. აქ იმის გამო ვარ, რომ ყოველთვის თავდაუზოგავად ვშრომობდი. არასდროს ვყოფილვარ ისეთი თავდამსხმელი, რომელიც უბრალოდ დგას, მაგრამ ეს იყო არსებითი ცვლილება: რომ იცოდე, თუ როდის მოახდინო პრესინგი, როდის ითამაშო დაცვაში… დროთა განმავლობაში აანალიზებ, რომ, როცა ამ ყველაფერს ითვისებ, ნაკლები სირბილი გიწევს… არაერთხელ მითქვამს, რომ სწავლების პროცესში ძალიან დამეხმარა პედრო. როცა ეჭვები მქონდა, მოედანზე დაკარგული ვიყავი, ვუყურებდი, თუ რას აკეთებდა ის საპირისპირო ფლანგზე და ჩემს პოზიციას ამით ვასწორებდი.

 

– ამბობენ, რომ ზოგჯერ აბიდალი გიყვირით…

– დიახ, მიყვირის. აბის უკეთესი ხედვა აქვს თამაშში და ამ გაგებით დიდი ხანია მუშაობს. იგი ჩემი პოზიციის ლოკაციაში მეხმარება. კიპერს უკეთესი ხედვა აქვს. ფორვარდები მოედანს ისე კარგად ვერ ხედავენ, როგორც მცველები. ასე რომ, აბი ძალიან დამეხმარა. ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ მიდის საქმეები.

 

– პეპ გვარდიოლა როგორ დაგეხმარათ?

– რომ არა ის, მე გუნდს ვერ მოვერგებოდი. ვარჯიშის დროს საუბრებით, იგი დამეხმარა ჩემთვის სწორი პოზიციის მოძებნაში. ეს გუნდი დიდ სამუშაოს სწევს. ჩვენი წარმატება მხოლოდ ნიჭიერი ფეხბურთელების დამსახურება არაა. მწვრთნელი არის ის პიროვნება, რომელიც ამ ტალანტებს არგებს გუნდს. “ბარსას” ყოველდღიური მუშაობა ყველასგან განსხვავდება; სავარჯიშო სესია და მომდევნო თამაშისთვის მზადება განსხვავებულია.

 

– ჩავი ამბობს, რომ თქვენი წარმატება თქვენივე თავმდაბლობიდან გამომდინარეობს.

– არამგონია ეს ჩემზე იყოს. მე თავმდაბალი ოჯახიდან ვარ და ყველაფერი იქ ვისწავლე. ჩემი ცოლიც ანალოგიურადაა და ჩვენ ბავშვებსაც ამას ვასწავლით. არამგონია ამაში მე განსაკუთრებული როლი მიმიძღვოდეს. მე მასწავლეს, რომ ვიყო თავმდაბალი და რომ თუ ბევრს ვიშრომებ, მიზანსაც მივაღწევ. სხვაგვარად ქცევა არ ვიცი.

 

– მიმდინარე სეზონში რის გაუმჯობესებას ისურვებდით საკუთარ თამაშში?

– ვფიქრობ, გასულ წელთან შედარებით ყველაფრის გაუმჯობესება შემიძლია. ყოველთვის მინდოდა ჩემი თავის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ფეხბურთში, სადაც დროთა განმავლობაში ყველაფერი უფრო და უფრო რთული ხდება. ეს ძალიან კონკურენტული გარემოა და თუ თავს ძალას არ დაატან, ყველაფერს ჩამოშორდები. და სიმართლე ისაა, რომ “ბარსაში” მოთხოვნა უფრო დიდია და ყველა მეტოქესთვის, რომელსაც ხვდები, ჩვენთან თამაში არის წლის ყველაზე დიდი მატჩი.

 

– თქვენი გატანის საშუალო მაჩვენებელი გაუმჯობესდა…

– გატანისას დიდი იღბალია საჭირო. ერთ დღეს შეიძლება ბურთი კუთხურზე გადავაგდო, როგორც პრაღაში, ან შეიძლება ბადეში გავახვიო, როგორც “უემბლიზე”.

 

– ეს “ბარსაში” თამაშისას თქვენი საუკეთესო გოლი იყო?

– ამ გოლით მე კლუბის ისტორიაში შევედი. კიდევ 50 წლის განმავლობაში ვიქნები იქ. როდესაც ვინმე გაიხსენებს “უემბლის”, ჩემი გოლი ყოველთვის იქ იქნება თავის მნიშვნელობიდან და სილამაზიდან გამომდინარე და კიდევ იმიტომ, რომ ვან დერ სარს გავუტანე…იმ მომენტში არ მიფიქრია, რომ ასეთ ფანტასტიკურ და ისტორიულ მეკარეს კარიერაში უკანასკნელი გოლი მე გავუტანე, მაგრამ ეს ნამდვილად სასიამოვნო იყო. ეს იყო შესანიშნავი თამაში ევროპის ორ უდიდეს კლუბს შორის. ვამაყობ ამ გოლით და იმ თამაშით, რომელიც მე ჩავატარე, მაგრამ ყველაზე მეტად გუნდის თამაშით ვამაყობ. ისეთი დიდი გუნდი, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია” პატარად გამოვაჩინეთ, რაც ნამდვილად წარმოუდგენელია.

 

– პუიოლის ჟესტი (აბიდალისთვის სამკლავურის გადაცემა “უემბლის” ფინალში) ამ გუნდის მოთამაშეებს ასახავს?

– ასე ვფიქრობ. კიდევ უამრავი ჟესტი იყო, რაც ხალხს არ უნახავს, მაგრამ ეს ერთ-ერთია, რა თქმა უნდა. აბის ავადმყოფობა შოკის მომგვრელი იყო. როცა ამის შესახებ მანელმა (ექიმი) მითხრა, ვერ ვიჯერებდი. მადლობა ღმერთს, აბი ყველაფერს გაუმკლავდა. რაც პუიმ გააკეთა, ამას მხოლოდ წარმოუდგენლად დიდსულოვანი ხალხი აკეთებს. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვაზე, მაგრამ პუიმ ამის შესაძლებლობა აბის დაუთმო.

 

– შეიძლება გკითხოთ ჩავიზე? ის “ბარსას” და ესპანეთის ნამდვილი ქვაკუთხედია?

– ჩავი მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში მთავარი ფიგურა იქნებოდა. ნებისმიერ დროს და არა მხოლოდ ახლა. ის უნიკალურია. “ბარსა” და ესპანეთის კარგ თამაშში ლომის წილი მას მიუძღვის.

 

– რას იტყოდით მესის შესახებ?

– ის განსხვავებულია. ჩვენი მწვრთნელი ამბობს: არ უნდა ისაუბროთ მესიზე, უნდა უყუროთ მის თამაშს. ცხოვრებაში მისი მსგავსი არავინ მინახავს. როცა ფიქრობ, რომ იგი ვეღარ გაუმჯობესდება, რომ უკვე მისი ყველა შესაძლებლობა ნახე, მეორე დღეს ის რაღაც ახალს აკეთებს. ის ნორმალური ბიჭია, რომელიც წარმატებებს არ აჰყვა. მისი ოჯახი მიწასთან ახლოსაა და არ დაფრინავს და ისინი მუდამ მასთან ერთად არიან, მხარს უჭერენ მას. ყველამ იცის მისი ფესვები თავისი ოჯახიდან. გარდა მისი თამაშისა, ის არაჩვეულებრივი თანაგუნდელია, რომელმაც ჩვენი პატივისცემა არამარტო განსაცვიფრებელი ტალანტის გამო დაიმსახურა, არამედ იმის გამო, თუ როგორია ის.

 

– როგორია ლეო მესი?

– ის არის ფეხბურთელი, რომელიც საუკეთესოს მოითხოვს მათგან, ვინც მის გვერდით თამაშობს, ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყო. ხანდახან გეჩვენება, რომ წარმოუდგენელია, რომ ის გხედავდეს (მოედანზე), მაგრამ ის ამას აკეთებს. ამიტომ, როცა მის გვერდით თამაშობ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რადგან ის მხოლოდ თავად არ აკეთებს ყველაფერს, ის გვაიძულებს ყველას, რომ გავაკეთოთ. გარდა იმისა, რომ უამრავი გოლი გააქვს, ის გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. ის გვითავისუფლებს სივრცეებს, ის იცავს წინა ხაზს, ის იძლევა საგოლე პასს, ის გულუხვია… სიამოვნებაა მის გვერდით თამაში. გულწრფელად ვამბობ, მის გვერდით თამაშმა მე უკეთეს ფეხბურთელად მაქცია. მისმინეთ, ვიცი, რომ ერთ დღეს, როცა აჩვენებენ ჩემს ვიდეოს, სადაც ლეოს გვერდით ვთამაშობ, მე სიამაყით ვიტყვი: “მე ვთამაშობდი ლეო მესისთან ერთად.” ეს პრივილეგიაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში