workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეალ მადრიდი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

რეალ მადრიდი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ბოლო დროს “ბარსელონას” საქმეები ცუდად მისდის და ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი “სანატიეგო ბერნაბეუზე” გასამართი “ელ კლასიკოა”. ეს არის სტადიონი, სადაც დიდი ანგარიშით მოგება “ბარსას” ყოველთვის შეუძლია, რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს. “ბერნაბეუზე” “ბლაუგრანას” განსაკუთრებით კარგი შედეგები აქვს ესპანეთის თასზე – ამ ტურნირზე ამ სტადიონზე კატალონიელებს უკვე 53 წელია, არ წაუგიათ.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონა” ზედიზედ 2 თამაშში დამარცხდა, რაც 2022 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა. მანამდე კი ჩავის გუნდს 18-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

ორივე თამაში “ბარსამ” მეტოქის მოედანზე წააგო. მანამდე სტუმრად კატალონიელებს ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში ჰქონდათ წაგებული, “რეალ მადრიდთან”.

“რეალ მადრიდმა” ლა ლიგის ბოლო ტურში “ატლეტიკოსთან” ქულები დაკარგა, მაგრამ “ალმერიასთან” “ბარსას” მოულოდნელი მარცხის წყალობით ეს ტური მაინც “ბლანკოსის” აქტივში ჩაიწერა, რადგან კარლო ანჩელოტის გუნდმა ლიდერ კატალონიელებთან ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა. მანამდე “რეალ მადრიდს” ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა მოგებული. აშკარაა, რომ დღევანდელი მეტოქე ჩვენზე უკეთეს ფორმაშია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ “ატლეტიკოსთან” გუნდმა საკმაოდ ცუდად ითამაშა.

დანაკლისი

დღევანდელ შეხვედრას ტრავმები დაღს აუცილებლად დაასვამს. დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, მაგრამ გადატვირთულმა კალენდარმა უფრო მეტად “ბარსა” დააზარალა.

“ბარსელონას” ნახევარდაცვისა და შეტევის გამოკვეთილი ლიდერები, პედრი და რობერტ ლევანდოვსკი არ ეყოლება. ტრავმირებულია უსმან დემბელეც. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მოედანზე ანდრეას კრისტენსენის გამოჩენაც. გამოჯანმრთელდა ანსუ ფატი, მაგრამ ის ფორმაში არც მანამდე იყო და ნაკლებად მოსალოდნელია, ჩავიმ სასტარტოში დააყენოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბლაუგრანასგან” ისევ 4 ნახევარმცველით თამაშს ველით.

მასპინძლებს დავიდ ალაბა და ფერლან მენდი არ ეყოლება. ეს ნიშნავს, რომ “რეალ მადრიდის” მთავარი პრობლემა დაცვის მარცხენა ფლანგი იქნება. განაცხადში მოხვდა, მაგრამ მაინც საეჭვოა როდრიგოს თამაშიც.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” ერთმანეთის პირისპირ სულ 288-ჯერ უთამაშიათ. “ბლაუგრანას” 118 მოგება, 62 ფრე, 105 მარცხი, 496 გატანილი და 462 გაშვებული გოლი დაუგროვდა.

თუ მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებს ჩავთვლით, უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა – 250 თამაშში 101 მოგება, 52 ფრე, 98 მარცხი, 419 გატანილი და 412 გაშვებული გოლი.

ესპანეთის თასზე გამართული 35 “ელ კლასიკოდან” “ბარსამ” 15 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 12 დათმო. ამ ტურნირზე კატალონიელებს “რეალ მადრიდთან” 5-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, რომელიც 2019 წელს “სანტიაგო ბერნაბეუზე” მეტოქის 3-0 განადგურებით შეწყდა. მას შემდეგ გუნდები ერთმანეთს თასზე პირველად შეხვდებიან.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული ბოლო “ელ კლასიკო” მასპინძლებმა 3-1 მოიგეს, თუმცა ამ სტადიონზე ჩატარებულ ბოლო 9 თამაშში “ბარსელონას” 6 მოგება აქვს, აქედან ორჯერ 4-0 და ორჯერ 3-0.

ესპანეთის თასზე სტუმრად გამართულ 15 “კლასიკოში” სრული თანაფარდობაა – 5-5 მოგება გუნდებს და 5 ფრე. “ბარსას” კოპა დელ რეიზე “რეალ მადრიდთან” სტუმრად 1970 წლის შემდეგ არ წაუგია. მას შემდეგ გამართულ 5 მატჩში სტუმრებს 2 მოგება და 3 ფრე (სამივე 1-1) დაუგროვდათ.

კოპა დელ რეიზე გუნდები ორრაუნდიან დაპირისპირებაში ერთმანეთს 15-ჯერ შეხვდნენ. აქედან 8-ჯერ გამარჯვებული “ბარსა” გამოვიდა, ხოლო 7-ჯერ – “რეალ მადრიდი”.

არბიტრი

დღევანდელ “ელ კლასიკოს” ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განსჯის.

მუნუერა მონტერო 39 წლისაა. მან მსაჯობა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2016 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში მუნუერა მონტერო თამაშში საშუალოდ 25.15 ჯარიმასა და 0.31 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.78 ყვითელ და 0.38 წითელ ბარათს უჩვენებს. მონტეროს მიერ განსჯილი თამაშების 43%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 35%-ში – სტუმრები.

“ელ კლასიკოში” მონტეროს აქამდე ერთხელ უმსაჯია. 2022 წელს ესპანეთის სუპერ თასის 1/2-ფინალში მადრიდელებმა დამატებითი ტაიმების წყალობით 3-2 მოიგეს.

ხოსე ლუის მუნუერა მონტეროს სტატისტიკა “რეალ მადრიდისა” და “ბარსელონას” თამაშებში:

რეალ მადრიდი ბარსელონა
თამაში 13 23
მოგება 11 17
ფრე 1 2
წაგება 1 4
მოგების % 85% 74%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 2 3
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 1 5
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 3 2
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1 2

სტატისტიკა

  • “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ბოლო 9 თამაშში 6 მოგება აქვს;
  • “ბარსელონას” ესპანეთის თასზე “ელ კლასიკოში” სტუმრად 1970 წლის შემდეგ არ წაუგია;
  • ბოლო 7 “ელ კლასიკოში” 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონა” ბოლო 7 “ელ კლასიკოში” გოლის გატანას ახერხებდა;
  • ბოლო 7 “ელ კლასიკოდან” ექვსში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა;
  • ბოლო 5 “ელ კლასიკოდან” ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “რეალ მადრიდის” ბოლო 6 თამაშიდან ოთხში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “რეალ მადრიდმა” ბოლო 7 თამაშში კარი მშრალად მხოლოდ ორჯერ შეინახა;
  • “რეალ მადრიდის” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონა” ბოლო 16 თამაშიდან 15-ში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშში მსაჯები 4 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;

ჩავი მატჩის წინ

“რეალ მადრიდი” ძლიერი ოპონენტია. ჩვენ ორი მატჩი გველის – ეს ლა ლიგისა და ევროპა ლიგისგან სრულიად განსხვავებული ტურნირია. მოედანზე მოსაგებად გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ ტიტულის მოგება გვსურს.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

რეალ მადრიდი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ნაჩო, ჩუამენი, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რაფინია, ტორესი, გავი.

Marca

რეალ მადრიდი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, კამავინგა, ჩუამენი, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, რობერტო, დე იონგი, რაფინია, ტორესი, გავი.

AS

რეალ მადრიდი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ნაჩო, კამავინგა, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, რაფინია, ტორესი, რობერტო.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-1
  • Sportsmole: 2-0
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 02 მარ 2023, 16:16
    #7

    სტატისტიკურად მშვენიერი შედეგები გვაქვს, იმედია ძალიან არ გააფუჭებენ ამ სტატისტიკას.

  • Nukri Nukri_1996
    schedule 02 მარ 2023, 14:52
    #6

    tbilisi, martalixar ar Unda chamovyarot yurebi mogebaze Unda vifiqrot da Ara wagebaze 😉 da movigebt kidec

  • tbilisi
    schedule 02 მარ 2023, 13:41
    #5

    ჰაა ყურები ნუ ჩამოყარეთ, თქვენ ბარსა ხართ და უნდა ითამაშოთ ისე როგორც კლუბს ეკადრება, რომც წააგოთ.
    მაგრამ ფრეზე და წაგებაზე ხომ საერთოდ არ უნდა იფიქროთ. არ გინდათ ეხლა ის არ გვყავს და ეს არ გვყავს, ვინც გვყავს იმას შეუძახეთ და აუმაღლეთ სული.
    ეხლა უფრო მეტი შანსია მოტივირებისთვის რადგან მათ იციან რომ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია და უფრო თავდაჯერებულები არიან. აი მანდ უნდა მოუწყოს სიურპრიზი ჩავიმ, როგორც წინა კლასიკოში.

  • Barcelona7
    schedule 02 მარ 2023, 13:29
    #4

    არვი რა ლევანდოვსკის და პედრის გარეშე რთული იქნება მოგება მაგრამ მაინც იმედს არვკარგავ და მგონია 1-0 ს მოვიგებთ❤

  • Nukri Nukri_1996
    schedule 02 მარ 2023, 12:53
    #3

    Cudi shemadgenlobit iqneba Barca mara klasikoa da mgonia 1-2 an 2-2

  • Georgebina
    schedule 02 მარ 2023, 12:10
    #2

    შეტევაში არ ვიცი ვის იმედზე უნდა ვიყოთ. ჯერ ისედაც ლევანდოვსკის გარეშე როგორ უჭირდა გუნდს და ახლა არც პედრი და არც ლევანდოვსკი არაა + გავარდნა დემბელეც ტრავმირებულია. აქედან რავიცი… დე იონგი/გავის იმედზე თუ იქნება კაცი, იქნებ რამე შექმნან, მაგრამ ეგეც 1 გოლი. უაზრო კლასიკო იქნება, სავარაუდოდ 1 ან 2 გოლი გავა მაქსიმუმ.

  • lukaaa
    schedule 02 მარ 2023, 12:04
    #1

    "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდს" ერთმანეთის პირისპირ სულ 288-ჯერ უთამაშიათ. "ბლაუგრანას" 118 მოგება, 62 ფრე, 105 მარცხი, 496 გატანილი და 462 გაშვებული გოლი დაუგროვდა.

    აეს წაშალეთ სანამ ყველამ ნახა ეს სტატია,მერე გვიკვირს რატო დაგვცინიან და ბავშთამანიას რატო გვეძახიანო

    თამაშს რაც შეეხება,ყველას მოლოდინი აქვა რო გაგვანადგურებს მადრიდი და მგონია მაგ დროს შეცდებიან,მაქსიმუმ 2 ბურთით მოგვიგონ ან კიდე ნულოვანი ფრე იდეალური იქნება😌