პეპ გვარდიოლა ძალიან კმაყოფილი იყო, რადგან მისი გუნდის ფეხბურთელების მოქმედებით კმაყოფილი იყო ”ნოუ კამპზე” შეკრებილი საზოგადოება.
”ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბევრს ვცდილობდით და ჩვენი თამაში ძალიან მოეწონათ გულშემატკივრებს. ეს ისეთივე რამ იყო, როგორიც კინოში, თეატრში ან ვახშამზე წასვლაა. ჩვენი თამაში სპექტაკლს გავდა” – განაცხადა პეპმა.
შექება ”ოსასუნას” გამბედაობას
ასევე გვარდიოლამ შეაქო მოწინააღმდეგე გუნდი და მისი მწვრთნელი: ”მე ძალიან კარგად ვიცნობ ”ოსასუნას” და მის მწვრთნელს. ძალიან ცოტა გუნდია, რომელიც გაბედავს ჩვენთან გახსნილ თამაშს. ძალიან მომწონს ასეთი ტიპის მწვრთნელები და მათგან ბევრს ვსწავლობ”. რაც შეეხება ”ბარსელონას” ტაქტიკას, პეპმა აღნიშნა: ”ყველაფერი, რაც მე მსურდა სხვაგვარად თამაში იყო. მსურდა კიდევ უფრო მეტად გვეკონტროლებინა მატჩი. მოედნის ცენტრში მეტი ფეხბურთელი გვჭირდებოდა, რათა თამაშის სადავეები ხელთ გვქონოდა”.
კითხვაზე, თხოვა თუ არა შესვენებისას მან ფეხბურთელებს ”ოსასუნას” დანდობა მწვრთნელმა განაცხადა: ”მოწინააღმდეგე გუნდისთვის პატივისცემის დანახება იმაში გამოიხატება, რომ მთელი ძალით ეთამაშები”.
სესკის პროგრესი
ასევე გვარდიოლამ სესკის პროგრესზე ისაუბრა: ”სესკს დიდი ხნის მანძილზე ვაკვირდებოდით. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია. იმ ტაქტიკაში, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ის დიდ სარგებელს გვაძლევს. ის მოძრაობს იქ, სადაც სურს. ის ძალიან ძლიერია ფიზიკურად, აქვს მოედნის ხედვა, ფლობს შესანიშნავ პასს, აქვს კარგად დაყენებული დარტყმა და შრომისმოყვარეა… მისთვის მთავარი საზრუნავი გუნდში ადაპტაციის გავლაა”.
ასევე პეპმა იმაზე გასცა პასუხი, იყო თუ არა მატჩის წინ გაბრაზებული: ”ყველას სურდა, რომ გაბრაზებული ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვიყავი. ჩემი ფეხბურთელები ამის საფუძველს არ მაძლევენ. აქ იმისთვის ვიმყოფები, რომ ამ ფანტასიკურ ფეხბურთელებს პროგრესში დავეხმარო. თუკი ისინი ცუდად ითამაშებენ მივალ და ვეტყვი მათ ამას. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ სპორტში ყოველთვის გამარჯვებას ვერ მოიპოვებ”.



