მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” ჩაატარა მხოლოდ ექვსი ოფიციალური შეხვედრა, სადაც რვა ფეხბურთელმა შესძლო გოლის გატანა. მესი, ვილია, პედრო, ალექსისი, ფაბრეგასი, ინიესტა, ჩავი და ტიაგო არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც აქტივი გატანილი გოლებით შეივსეს.
დღევანდელ დღემდე “ბარსამ” მონაწილეობა მიიღო სუპერთასის სამ შეხვედრაში (ორი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, ერთი “პორტოს”), ლა ლიგის ორ მატჩსა და ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში. აღნიშნულ შეხვედრებში “ბლაუგრანამ” 16 გოლი გაიტანა, რომელიც რვა ფეხბურთელის ანგარიშზეა. მეგოლეებში არამარტო თავდამსხმელები, არამედ ნახევარმცველებიც მოიაზრებიან.
ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში 6 გოლი ჩაიწერა აქტივში. ფაბრეგასმა, რომელიც გუნდს აგვისტოს შუა რიცხვებში შეუერთდა, 3 გოლის გატანა მოახერხა. ვილიამ მხოლოდ ორჯერ, მაგრამ ბრწინვალედ გაიტანა. პირველად მან მადრიდელთა კარი აიღო “სანტიაგო ბერნაბეუზე”, მოგვიანებით კი “მილანელები” დაამწუხრა შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმით. ვილიას მოსდევს 5 სხვა ფეხბურთელი, რომელთა ანგარიშზეც თითო-თითო გოლია. ესენი არიან: ალექსისი, პედრო, ინიესტა, ჩავი და ტიაგო.
გასული წელი სენსაციური გამოდგა გოლების კუთხით. “ბარსელონას” რიგებში მოთამაშე ოცდასამმა ფეხბურთელმა შესძლო გოლის გატანა. აღსანიშნავია, რომ მათ რიცხვში “ბარსა ბ”-ს 5 მოთამაშე შედის. ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც გასული სეზონი გოლის გარეშე დაასრულა, გახლავთ ხავიერ მასკერანო.



