ბარსელონა-ელჩე | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ელჩე | მატჩისწინა მიმოხილვა

მიუნხენურმა თამაშმა ტკბილ-მწარე გემო დაგვიტოვა. ტკბილი ჩვენი ბიჭების დონემ, მწარე კი შედეგმა. ასეთი გულდასაწყვეტი წაგებების შემდეგ საუკეთესო გამოსავალი საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შთამბეჭდავი მოგებით ხასიათის გამოკეთებაა. ამისთვის კი “ელჩე” ერთ-ერთი საუკეთესო შანსია.

“ელჩე” ისედაც არაა იმ დონის გუნდი, დღევანდელ “ბარსას” დიდი წინააღმდეგობა რომ გაუწიოს და მით უმეტეს, ალიკანტელები საკუთარი დონისთვისაც კი ცუდ ფორმაში არიან. ასე რომ დღეს ბევრ და ლამაზ გოლს ველით, რა თქმა უნდა, “ბლაუგრანას” შესრულებით.

სათამაშო ფორმა

“ბაიერნთან” მარცხმა “ბარსას” სათამაშო ფორმაზე წარმოდგენა უარესობისკენ ვერ შეგვიცვალა. ალბათ უფრო პირიქით. მიუნხენში გამოჩნდა, რომ მინიმუმ ტოლსწორად თამაში ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია. ლა ლიგაში ჩვენი შთამბეჭდავი სერია გრძელდება – ბოლო 4 მოგებული თამაში მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით.

მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში “ელჩეზე” ცუდი გუნდი მხოლოდ წინა ტურში “ბარსელონას” მიერ განადგურებული “კადისია”. ალიკანტელებს 5 ტურში მხოლოდ 1 ქულა აქვთ. მეტოქის მოედანზე გამართული ბოლო 4 თამაში “ელჩემ” ისე წააგო, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

დანაკლისი

“ბარსელონას” სერჟი რობერტო დააკლდება, “ელჩეს” დანაკლისი კი სერიოზულია – სტუმრებს ომარ მოსკარელი, პოლ ლიროლა და პერე მილია არ ეყოლებათ.

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრების ისტორია დღევანდელ მატჩში “ბარსელონას” უპირატესობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. 53 თამაშიდან კატალონიელებმა 32 მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს და 9 დათმეს, გაიტანეს 107 და გაუშვეს 41 გოლი.

“ელჩემ” “ბარსელონა” ბოლოს დაამარცხა მატჩში, რომელშიც კატალონიელთა მხარეს იოჰან კრუიფი თამაშობდა. დიახ, “ბარსას” ამ გუნდთან 1974 წლის შემდეგ არ წაუგია. მას მერე ჩატარებული 21 შეხვედრიდან “ბლაუგრანამ” 17 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა ამ გუნდების ბოლო 8 თამაში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო ორ შემთხვევაში “ბარსელონამ” მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით იმარჯვა და ორივეჯერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით.

რაც შეეხება ბარსელონაში გამართულ შეხვედრებს – 27 მატჩში კატალონიელებს 20 მოგება და 7 ფრე აქვთ. “ელჩეს” “კამპ ნოუზე” არასდროს მოუგია, წაუგებლად კი ეს სტადიონი ბოლოს 1975 წელს, ისევ იოჰან კრუიფის თამაშის დროს დატოვა.

არბიტრი

თამაშს 31 წლის გამოუცდელი არბიტრი ალეხანდრო მუნის რუისი განსჯის.

მუნის რუისმა მსაჯობა 2014 წელს დაიწყო. 2019 წელს კი სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა და პირველივე სეზონში საუკეთესო არბიტრად დასახელდა. ლა ლიგაში რუისი მე-2 სეზონს ატარებს.

კარიერის განმავლობაში მუნის რუისი თამაშში საშუალოდ 27.9 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.6 ყვითელ და 0.29 წითელ ბარათს უჩვენებს.

ეს არბიტრი “ბარსელონას” მატჩში პირველად იმსაჯებს.

ალეხანდრო მუნის რუისის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ელჩეს” თამაშებში:

ბარსელონა ელჩე
თამაში 0 6
მოგება 4
ფრე 0
წაგება 2
მოგების % 67%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 2
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 1
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 2
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1

გამორჩეული ფეხბურთელი

დღევანდელი მატჩი “ელჩეს” ერთი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული იქნება. საუბარი ალექს კოლიადოზე გვაქვს, რომელიც ალიკანტურ გუნდში სწორედ “ბარსელონადანაა” განათხოვრებული.

კოლიადომ “ელჩეში” თამაში კარგად დაიწყო და პირველ ორ მატჩში გაიბრწყინა, მაგრამ მომდევნო ორი მატჩი თანაგუნდელების მსგავსად მანაც ჩააგდო. დღეს კი მას შანსი აქვს, ჩავის თავისი კლასი დაუმტკიცოს.

“ელჩეს” მიერ მიმდინარე სეზონში აღებული ერთადერთი ქულა სწორედ კოლიადოს გოლს მოჰყვა.

სტატისტიკა

  • “ელჩემ” “ბარსელონა” ბოლოს 1974 წელს დაამარცხა;
  • “ელჩეს” “კამპ ნოუზე” არასდროს მოუგია, ქულა კი ბოლოს 1975 წელს აიღო;
  • მიმდინარე სეზონში “ელჩეს” მოგება არ აქვს;
  • “ბარსელონა” ლა ლიგის ბოლო 4 თამაშში მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით იგებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებაში “ბარსელონამ” იმარჯვა;
  • ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 5 თამაშში “ბარსელონას” მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა;
  • “ელჩეს” ლა ლიგის ბოლო 4 გასვლითი თამაში მშრალად აქვს წაგებული;
  • “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 7 თამაშიდან ხუთში კარის მშრალად შენახვა მოახერხა;
  • ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონასა” და “ელჩეს” ბოლო 8 დაპირისპირებიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 9 თამაშიდან რვაში ანგარიშს ბარსელონა ხსნიდა;
  • ამ გუნდების ბოლო 9 თამაშიდან შვიდში “ბარსელონა” პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ბოლო 5 თამაშში “ელჩე” ანგარიშის გახსნის საშუალებას მეტოქეს აძლევდა;
  • “ელჩემ” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში პირველი ტაიმი წააგო;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.08 ანიჭებენ, რაც მოგების 93%-იან შანსს უდრის, თუმცა “ბარსა” ასეთი თამაშების მხოლოდ 71%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

 ხვალ უნდა მოვიგოთ. შემდეგ დავაკვირდებით ტურის სხვა თამაშების შედეგებს, მაგალითად მადრიდულ დერბის, თუმცა აქცენტი “ელჩესთან” თამაშზე გვაქვს. გასულ წელს “ელჩესთან” გაგვიჭირდა. 

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, არაუხო, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ალონსო, დე იონგი, კესიე, პედრი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, პიკე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.

პროგნოზი

  • WhoScored: 3-0
  • Sportsmole: 3-0
  • Sportskeeda: 3-0
  • 90min: 2-0
  • Squawka: 5-0
pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 17 სექ 2022, 13:56

    ისე გუშინ კადისმა კი დაარჭო ვალიადოლიდს 92-ე წუთზე, ეხლა ელჩეა ბოლოზე და ალბათ დიდი ხნით.

  • ChuxrELia
    schedule 17 სექ 2022, 13:39

    ელჩე, თან ესეთ მდგომარეობაში 😃 ჩათვალეთ რო caunter strike 1.6 ში assault ში რო ჰოსთიჯების ოთახში შერბოდი mashine GUN ით და წყვიტავდი ღორებივით ეგრე იქნება ლევანა დღეს 🤓

    იმედია ელჩეს ისტურიულ შედეგს არ დაადებინებს კოლიადო და სირცხვილს არ აჭმევს ბარსელონას, მაგრამ მის კარგ თამაშს ველოდები და მივესალმები, ჩვენი ბიჭი არაა 😊