ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

განახლებული “ბარსელონას” ერთ-ერთი იმედი ბრაზილიელი გარემარბი რაფინიაა. 25 წლის ფეხბურთელი ჩვენთან გადმოსვლამდეც დიდ იმედებს ტოვებდა, ჩავის ხელში კი მან დაამტკიცა, რომ ნამდვილად მაღალი დონის შემსრულებელია.

ცოტა ხნის წინ რაფინიამ La Vanguardia-ს ინტერვიუ მისცა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.

– ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვა “ბარსელონაში”?

– ეს უდავოა – გულშემატკივრების, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების თბილმა მიღებამ. ისინი ყველანი კარგი ადამიანები არიან და ახალწვეულებს ყოველთვის ეხმარებიან.

– “ჩელსისგან” ძალიან მიმზიდველი შეთავაზება გქონდა, მაგრამ უარი თქვი…

– დიახ, რადგან ჩემი ოცნება ყოველთვის “ბარსელონას” მაისურით თამაში იყო. ამ გუნდს ძალიან პატარა ასაკიდან ვგულშემატკივრობ. იმ დროიდან, როდესაც აქ რონალდინიო თამაშობდა. მისი დახმარებით კლუბის ისტორიას უკეთ გავეცანი. ამ ოცნების გამო “ბარსელონაში” თამაშის სურვილი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ნებისმიერი მომხიბვლელი შემოთავაზება.

– რონალდინიომ მოგილოცა?

– რონიმ მამაჩემის საშუალებით მომილოცა. ხშირად ვესაუბრები ხოლმე ნეიმარს და მან მითხრა, რომ თუ “ბარსელონაში” გადმოვიდოდი, ამას არასდროს ვინანებდი. ის მართალია.

– რას ითხოვს ჩავი შენგან?

– ის ჩემგან ითხოვს იმავეს, რასაც “ლიდსში” ვაკეთებდი, მაგრამ მეტი ტაქტიკური ასპექტით და დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო უშიშრად თამაშით. ის ასევე მასწავლის, როგორ უნდა განვვითარდე ტექნიკურად და ტაქტიკურად იმისათვის, რომ გუნდს დავეხმარო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

– რა გავლენა აქვს შენზე დეკუს?

– დეკუ “ბარსელონაზე” ძალიან კარგად საუბრობდა. მას აქ თამაშის გამოცდილება აქვს. თუმცა როგორც აგენტი ის ნეიტრალურია. ის ნებისმიერი გადაწყვეტილების დადებით და უარყოფით მხარეებს აფასებს, გადაწყვეტილებას კი საბოლოოდ მაინც ფეხბურთელი იღებს.

– ის “ბარსელონას” რთულ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო?

– დიახ. მან იცოდა, რომ ტრანსფერთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები იყო. თუმცა ის ასევე ფლობდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდა კლუბი სიტუაციის გამოსასწორებლად. ასე რომ, გადავწყვიტე, მისთვის ნდობა გამომეცხადებინა და არსებულ პირობებს დავთანხმებულიყავი.

– როგორია მსოფლიო ჩემპიონატის სეზონი?

– ეს განსხვავებული მუნდიალი იქნება, რადგან ის სეზონის შუაშია. თუმცა მიმაჩნია, რომ როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ვინაიდან მუნდიალი შუა სეზონშია, იძულებული ხარ, მას გარკვეული ყურადღება დაუთმო. თუმცა ბოლო თამაშამდე აქცენტი კლუბზე უნდა გავაკეთოთ. პირადად მე ვნერვიულობ, მაგრამ მზად ვარ. გვაქვს შანსი, ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ.

– პრეზიდენტმა ლაპორტამ თქვა, რომ შენ “ბარსელონაში” სამბა დააბრუნე. უკრავ კიდეც?

– ეს საკითხი ანსუ ფატის აქვს ჩაბარებული. მე კი იმაზე ვზრუნავ, რომ მან ბრაზილიური მუსიკა უფრო ხშირად დაუკრას. ამით ამაყი ვარ (იცინის).

– ყველაზე კარგი ურთიერთობა რომელ თანაგუნდელთან გაქვს?

– თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს და ადაპტაციის გავლაში დამეხმარნენ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველაზე მეტად კი ანსუ ფატისთან და რონალდ არაუხოსთან.

– “ლიდსში” ბიელსასგან სწავლობდი, ახლა კი ჩავისგან. რა განსხვავებაა მათ შორის?

– ბიელსას სტილი ძალიან განსხვავებულია, თუმცა ის ბურთს დიდ პატივს სცემს. ჩავიც განსხვავებულია, განსაკუთრებით გუნდის მართვის კუთხით.

– ეს მერიტოკრატიას ხომ არ ნიშნავს?

– დიახ. ის ამას ხშირად იმეორებს. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება, სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს. “პლზენთან” თამაში ამის მაგალითი იყო.

– კონკურენცია ყველაზე მნიშვნელოვანია?

– ნამდვილად. მიმაჩნია, რომ გამარჯვებული გუნდის შესაქმნელად უმაღლესი დონის კონკურენცია გვჭირდება. თუმცა ამავდროულად უნდა ვიყოთ კარგი თანაგუნდელები.

– გაგაკვირვა ლევანდოვსკიმ?

– ის დიდი მოთამაშეა. მას ჩვენ ყველანი ისედაც ვიცნობდით. თუმცა როდესაც მასთან ერთად ხარ, ხედავ, რომ გაცილებით მეტია, ვიდრე ლიდერი. ჩვენ ასევე გვყავს დემბელე, ანსუ ფატი, ფერან ტორესი, მემფისი… ისინი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და გუნდისთვის დახმარება ყველა მათგანს შეუძლია.

– როგორაა ახლა ანსუ ფატი?

– ყველა ფეხბურთელს აქვს აღმასვლა და დაღმასვლა. შესაძლოა, მოგიწიოს ისეთი მონაკვეთის გამოვლა, რომელიც ასეთი ცუდი არ წარმოგედგინა. ასეთ დროს სიტუაციასთან ადაპტაცია უნდა გაიარო. ეს თავდაჯერების მომატებაში, გოლების გატანასა და ასისტების გაკეთებაში გეხმარება. ვხედავ, რომ ანსუ უფრო და უფრო უმატებს.

– გუნდში არის ორი კაპიტანი, ალბა და პიკე, რომლებსაც ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევათ…

– ვფიქრობ, კაპიტნობა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა თამაშობდე და სამკლავური გეკეთოს. ეს ასევე ნიშნავს, ეხმარებოდე თანაგუნდელებს და გუნდს თავდაჯერებას მატებდე. ისინი დიდებული ფეხბურთელები და კაპიტნები არიან როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.

– რას გააკეთებ, თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს?

– იმავეს, რაც გავაკეთე მაშინ, როდესაც “ლიდსი” პრემიერ ლიგაში დარჩა. “კამპ ნოუს” ან იმ მოედანს, რომელზეც მომიწევს, მუხლებზე დაჩოქილი გადავკვეთ. სტამბულში ამის გაკეთება ძალიან კარგი იქნება.

– შეგიძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება?

– რა თქმა უნდა. გარდა ფეხბურთელების ხარისხისა, ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებულის მენტალიტეტი და ჩვენ ის გვაქვს.

– როგორია რაფინია თავისუფალ დროს?

– ყველაზე მეტად ოჯახთან, ჩემ ცოლთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად ყოფნა მიყვარს. ასევე მიყვარს სეირნობა, ძაღლის გასეირნება და ყველანაირი ფილმების ყურება.

– პოპულარობასთან გამკლავება რთულია?

– მე ფეხბურთელი ვარ, მაგრამ გულშემატკივრების ადგილზეც ვყოფილვარ. სხვებისთვის მითხოვია ავტოგრაფები, ფოტოს გადაღება და ახლა, როდესაც შემიძლია, ვჩერდები და გულშემატკივრებს ავტოგრაფს ვაძლევ. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, რომ თბილად გხვდებიან. უნდა შეეგუო იმას, რომ ნორმალური ცხოვრება ვერ გექნება, მაგრამ ვცდილობ, ადაპტაცია გავიარო და პატიმარივით მუდმივად სახლში არ ვიყო.

– ფეხბურთელები სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ?

– მე ასე არ ვფიქრობ. თუმცა ადამიანებს უჭირთ, გაიგონ, რომ ზოგჯერ ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს, ან განმარტოება გვჭირდება. ზოგჯერ გვინდა ხოლმე, ოჯახთან ერთად ვისადილოთ. ეს, შესაძლოა, ისე ჩანდეს, თითქოს სხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ, რადგან ხშირად სახლში გიწევს დარჩენა იმისათვის, რომ არასწორად არ განგსაჯონ.

– მოგვიყევი შენ ბავშვობაზე.

– დავიბადე ლა რესეტინგაში, პორტუ ალეგრეს ძალიან ღარიბ გარეუბანში. ძალიან ღარიბი ბავშვობა მქონდა. თუმცა ოჯახმა მასწავლა, რომ ადამიანურობა და ღირებულებები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური სიკეთე და ამ ცოდნამ არაერთხელ გადამარჩინა. სწორედ ამიტომ ვცდილობ, გავცე ყველაფერი ის სიკეთე, რასაც ვიღებ.

– როდიდან თამაშობ ფეხბურთს?

– ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოველთვის იყო. მამაჩემი და ბიძაჩემი რეგიონის დონეზე შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, ისინი ფეხბურთით სუნთქავდნენ. მაქვს ფოტოები, სადაც 4 წლის ბურთთან ერთად ვარ. ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ ფეხბურთს ყოველთვის ვთამაშობდი როგორც ქუჩაში, ასევე სკოლაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 11 სექ 2022, 00:28

    " ფეხბურთელები სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ?"
    სხვა პლანეტაზე რო იცხოვრონ აქ ვერ ითამაშებენ, თუმცა ბარსაში კი თამაშობდა იქიდან ჩამოსული ერთი კაცი. barca-1

  • me da barca
    schedule 10 სექ 2022, 18:42

    ნეიმარმა ბარსაში გადმოსვლა ინანა ფულზე, რომ გაცვალა ბარსა?!