ზუსტად 110 დღის შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის თასმა “უემბლი” დატოვა, ტურნირი ისევ აქტიურ ფაზაში შედის. 13 და 14 სექტემბერს ფეხბურთის გულშემატკივარს ევროპული გუნდების ბატალიები ელის. 13-ში თასის ამჟამინდელი მფლობელი “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “მილანს” უმასპინძლებს.
“უეფას” ჩემპიონთა ლიგაში “მილანმა” წარუშლელი კვალი დატოვა 1994 წელს, ფინალურ შეხვედრაში “ბარსელონას” გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხებით (4:0). ჟოსეპ გვარდიოლას თასის მფლობელი გუნდი “კამპ ნოუზე” მილანს მიიღებს და შეეცდება აღნიშნულ ტურნირის საშინაო მატჩებში ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება იზეიმოს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს საზომი “როსონერისთვის”, რომელიც 2007 წლის შემდეგ ჩემპიონატს მერვედ-ფინალში ეთიშება.
კატალონიელები ევროტურნირის პირველ მატჩს დანაკლისით ხვდებიან. შაბათს, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ ბატალიაში, “ბარსელონას” ახალწვეულმა ალქესის სანჩესმა კუნთი გაიწყვიტა და გუნდს 2 თვით გამოეთიშა. ჯერ კიდევ ლაზარეთშია ჟერარდ პიკე, რომელმაც ტრავმა აგვისტოში მიიღო და მისი დაბრუნება ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ კარლეს პუიოლი სრულად გამოჯანმრთელდა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი დაჰყოს. არც “მილანელები” ხვდებიან ჩემპიონთა ლიგას სრული შემადგენლობით. იტალიელებს რობინიო ვერ დაეხმარებათ.
ინტერესს იწვევს “კამპ ნოუზე” ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაც. ყველას კარგად ახსოვს შვედი ფეხბურთელის ხმაურიანი განცხადებები პეპ გვარდიოლას მიმართ. იგი კატალონიელების მწვრვთნელის მენტალურ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა და მას კრუიფთან ერთად საგიჟეთში წასვლას ურჩევდა. გარდა ამისა ყოფილი “ბარსელონელი” გვარდიოლას ცემითაც იმუქრებოდა. ამ განცხადებების შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” და “მილანი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთის მეტოქეები გახდნენ, იბრაჰიმოვიჩმა გვარდიოლასადმი თავისი დამოკიდებულება შეცვალა და იგი ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად აღიარა.
ჩემპიონთა ლიგაში “ბარსელონას” მაისურით დებიუტი ექნება სესკ ფაბრეგასს, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია. სტატისტიკურად კატალონიელთა “4” ნომერს გოლი ყოველ საათში ერთხელ გააქვს. ფაბრეგასი ადვილად გაწევრიანდა “ბლაუგრანას” რიგებში და საგრძნობი სიძლიერე შესძინა გუნდს.
“ბარსელონასა” და “მილანის” დაპირისპირება ხვალ საღამოს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.