პრესეზონი დასრულდა. 24 აგვისტოს კიდევ ერთი ამხანაგური თამაში გველის, მაგრამ ისეთ საქმეს ემსახურება (ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლას), რომ მისი მოსამზადებელ შეხვედრად მონათვლა არ ივარგებს. თანაც მეტოქე ისეთია… “მანჩესტერ სიტი” პეპ გვარდიოლათი და ერლინგ ჰოლანდით…
პრესეზონი წარმატებული გამოდგა. “ბარსამ” 6 თამაში ჩაატარა, 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. “ოლოტთან” პატარა ბიჭებით გამართულ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, ოპტიმიზმის საფუძველი ყველა მატჩმა დაგვიტოვა. ახალწვეულებიდან თავი ყველამ კარგად წარმოაჩინა. რა თქმა უნდა, ჟიულ კუნდეს გარდა, რომელმაც ძალიან ცოტა ითამაშა და ისიც ისეთ შეხვედრაში, მეტოქე ჩვენ ნახევარზე ათ წუთში ერთხელ თუ გადმოდიოდა.
ძალიან კარგი იყო ფრანკ კესიე. ჯერჯერობით ზაფხულის საუკეთესო შენაძენი, ალბათ, ისაა. კესიეს ამ სტატუსში რაფინია თუ შეეცილება, რომელსაც შეტევის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და დემბელესაც მშვენივრად გაუგო, რაც მარტივი საქმე ნამდვილად არაა, რადგან უსმანს ხშირად საკუთარი თავის თავად არ ესმის.
ლევანდოვსკიმ ბევრი მომენტი გააფუჭა, მაგრამ ბევრიც შექმნა და რაც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია – შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.
დამაჯერებლად და იმედისმომცემად გამოიყურებოდა ანდრეას კრისტენსენიც.
პრესეზონის საუკეთესო ბომბარდირი უსმან დემბელე გახდა. მან 5 გოლი გაიტანა: 2 “იუვენტუსთან”, ხოლო თითო “ინტერ მაიამისთან”, “ნიუ იორკ რედ ბულზთან” და “პუმასთან”. უსმანი ერთადერთია, რომელმაც თავი 4 შეხვედრაში გამოიჩინა.
“ბარსას” ბომბარდირები პრესეზონზე: დემბელე 5, ობამეიანგი 3, რაფინია 2, დეპაი 2, პედრი 2, ფატი 1, გავი 1, ლევანდოვსკი 1, დე იონგი 1.
გარემარბი ლიდერობს ასისტებშიც. საუბარი ახალწვეულ რაფინიაზე გვაქვს, რომელმაც თანაგუნდელებს 4-ჯერ გაატანინა. 2 ასისტი მიითვალა კიდევ ერთმა ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ხოლო ბალდემ, დეპაიმ, ალბამ, რობერტომ, დესტმა, ბუსკეტსმა, პიანიჩმა, პედრიმ, კესიემ და ტერ შტეგენმა თითო საგოლე გადაცემა გააკეთეს.
ბოლო კი პრესეზონზე დაფიქსირებულ შედეგებს შეგახსენებთ:
- ოლოტი-ბარსელონა 1-1
- ინტერ მაიამი-ბარსელონა 0-6
- რეალი-ბარსელონა 0-1
- ბარსელონა-იუვენტუსი 2-2
- ნიუ იორკ რედ ბულზი-ბარსელონა 0-2
- ბარსელონა-პუმასი 6-0
განსაკუთრებით რეალთან კლასიკოზე.
Როგორი პრესეზონიც იყო ისეთი თუ იქნება სეზონიც რაღა გვიჭირს
პრესეზონი კარგი კი იყო, მთავარია ახლა ტიტულები მოვიგოთ, ისეთი გუნდი გვყავს რომ ჩავი ვალდებულია მინიმუმ ლა ლიგა მაინც დადოს
დემბოს ერთი ასისტიც არ აქვს მართლა ამ პრესეზონზე. ცოტათი უცნაურია) გადაკვალიფიცირდა ბიჭი ასისტიდან გამტანად)) არც არავინ მახსენდება ასე სისხლი გაეშროს. ვინ გვყავდა? კრისტანვალი😃 აუ ისიც ფრანგი იყო, ხო))) და ჰესპი კიდე, ის მართლა დოყლაპია იყო და მაინც ძირითადის მეკარე რო იყო.