მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რას გვიმზადებს გვარდიოლა ახალ სეზონში?  (ნაწილი IV)

რას გვიმზადებს გვარდიოლა ახალ სეზონში? (ნაწილი IV)

“პორტოსთან” მატჩის შემდეგ, დროა განვიხილოთ კიდევ ერთი მატჩი.

“ბარსელონა”–”ვილიარეალი”

      “ვილიარეალთან” მატჩისას შემადგენლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო არ იყვნენ: პუიოლი, პიკე, ალვეში, ადრიანო, მაქსველი, ჩავი და ვილია. თუმცა პეპმა ასეთ რთულ სიტუაციაშიც ნახა გამოსავალი და დაამტკიცა, რომ კლუბი ახალი სეზონისთვის მზად არის.

      ფეხბურთელთა ახალი განლაგება შეიძლება აღიწეროს სისტემით 3–1–3–3. ძირითად შემადგენლობაში იყო მხოლოდ 1 ნომინალური მცველი აბიდალი, ხოლო დანარჩენი 9 მინდვრის მოთამაშე იყო ნახევარმცველი და თავდამსხმელი, ამიტომაცაა ბურთის კონტროლი უწინდელზე კარგი იყო ამ შეხვედრაში. ერთი სიურპრიზი რაც შევნიშნეთ ევროპის სუპერთასზე იყო ის, რომ “ბარსა” არ იყენებდა აქტიურ პრესინგსს “პორტოსთან”, აი “ვილიარეალთან” კი კატალონიელების ეს მომაკვდინებელი იარაღი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარდგა მაყურებლის წინაშე. მატჩში ვილიას ადგილი სანჩესმა დაიკავა.

    როგორც უკვე აღვნიშნე 4–2–2–2 სქემის დროს, როცა მესი იწევდა უკან, მოწინააღმდეგეზე უკვე აღარ ხდებოდა დიდი დაწოლა, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე სხვა მანევრთან გვაქვს საქმე. როგორც კი ლეო უკან დაიწევდა, მის ადგილს უმალ ფაბრეგასი იკავებდა. ამ სქემას შეგვიძლია ვუწოდოთ 3–4–3 მრავალწახნაგა ალმასით ცენტრში.

   ინიესტა და ტიაგო აქტიურად ერთვებოდნენ შეტევაში, ხანდახან კი აბიდალი და მასკერანოც მიდიოდნენ ფლანგებიდან წინ, როგორც ხედავთ “ბარსას” ძალიან დიდი არჩევანი ჰქონდა იმისა, თუ როგორ წარემართა შეტევები.

     ალექსისი და პედრო ძალიან იყვნენ გაშლილები ფლანგებზე, “იკიდებდნენ” ფლანგის მცველებს და ცენტრში თავისუფალ სივრცეებს უქმნიდნენ ფაბრეგასს და მესი, ალკანტარა და ანდრესი მათ უკან მოქმედებდნენ და პრაქტიკულად დაცვითი სამუშაოები არც იყო შესასრულებელი. “ბარსელონა” ძალიან აქტიურად თამაშობდა პრესინგს, რომელიც თავდამსხმელებიდან იწყებოდა, ბურთის ფლობა კი 70% ფარგლებში მერყეობდა. რაც გასაკვირი არაა, როცა მოედანზე ამდენი ნახევარმცველია.

“ვილიარეალის” და “პორტუს” წინააღმდეგ მატჩებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტაქტიკა, რომლებმაც საბოლოოდ ერთიდაიგივე შედეგი მოიტანეს. როგორც ხედავთ, სხვა განლაგებებითაც შეძლო “ბლაუგრანამ” გამოეყენებინა თავისი უმთავრესი კოზირები. ახლა მათი მოწინააღმდეგებისთვის უკვე ორმაგად გართულდა საქმე, მათ არ იციან რომელ ტაქტიკას გამოიყენებს მათ წინააღმდეგ “ბარსელონა”. მათ შემადგენლობაში იმდენი უმაღლესი დონის ნახევარმცველია, რომ კატალონიელებს უამრავი ვარიანტი აქვთ თუ როგორ წარმართონ თამაში. ცენტრალური მცველის პოზიციაზე კი ისეთი ფეხბურთელის თამაში, რგორიც ბუსკეცია აშკარად ძალიან გაზრდის “ბარსას” ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებელს.

   როგორც ხედავთ “ლურჯ–ბროწეულისფერთა”  არსენალში კიდევ ერთი ფორმაცია აღმოჩნდა, 3–4–3, ძალიან წარმატებული იმ მხრივ, რომ ამის შესანიშნავად შესრულების საშუალებას იძლევა იმ ფეხბურთელთა დონე, რომლებიც დღეს ამ კლუბშია თავმოყრილი. ამ სქემას აქტიურად იყენებდა იოჰან კრუიფი “ბარსელონაში” ახლა კი მან ისევ ჰპოვა თავისი ადგილი თანამედროვე ფეხბურთში პეპ გვარდიოლას ძალისხმევით….

   პლიუსებს და მინუსებს ალბათ სხვა დროს დავუბრუნდებით, ახლა კი მხოლოდ დასკვნები გავაკეთოთ. დასკვნებს დავწერ თეზისებად და მათზე კიდევ ცალკე შეიძლება სტატიების დაწერა. სტატიის მე–5, უკანასკნელ ნაწილში ამ თეზისებს გაეცნობით.

   IV  ნაწილის დასასრული….

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში