ქალების ჩემპიონთა ლიგის ფინალი დასრულდა. დასრულდა ის “ბარსელონას” მარცხით და დასკვნით, რომ კატალონიურ კლუბს ერთადერთ კომპონენტში ჭირდება მომატება – ფიზიკურ მომზადებაში.
“ბარსელონასა” და “ლიონს” შორის გამართულ შეხვედრაში ფავორიტად ესპანური გუნდი მიიჩნეოდა და თამაშმა აჩვენა, რომ საფეხბურთო კომპონენტების უმრავლესობაში “ბარსა” მეტოქეზე მართლაც წინაა, თუმცა ფრანგების სასარგებლოდ არსებულმა ერთადერთმა კომპონენტმა ყველაფერი გადაწონა.
“ლიონი” “ბარსას” პირველივე წუთებიდანვე აპრესინგებდა და გასაკვირი არაა, რომ ფრანგები ესპანელებს ფიზიკურ ორთაბრძოლებს უგებდნენ.
ნამდვილად არ გაგვიმართლა მსაჯში, თუმცა მას სუბიექტურობას ვერ დავწამებთ. ფინელი ლინა ლეტოვაარას გადაწყვეტილება, გუნდებისთვის ფიზიკური თამაშის უფლება მიეცა, “ბარსელონასთვის” განაჩენი გამოდგა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხისტ თამაშში კატალონიელები იჩაგრებოდნენ. მსაჯმა ჯარიმები ორივე გუნდს აპატია, მაგრამ ამით მხოლოდ “ლიონმა” იხეირა.
თუ რამდენად აძლევდა არბიტრი გუნდებს ხისტი თამაშის საშუალებას, მარტივი სტატისტიკიდანაც ჩანს: ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაახლოებით 100 წუთს გაგრძელდა, იყო ძალიან დაძაბული თამაში, ბევრი ფიზიკური ორთაბრძოლით, მაგრამ ჯარიმა სულ 11 დაფიქსირდა. ორივე გუნდის მხრიდან სულ რაღაც 11-ჯერ. შედარებისთვის, ნახევარფინალში “ბარსელონასა” და “ვოლფსბურგს” შორის გამართულ პირველ მატჩში, რომელიც 5-1 დასრულდა, 19 ჯარიმა დაფიქსირდა, ხოლო განმეორებითში – 22.
ამას ისიც დაემატა, რომ უკვე მე-6 წუთზე “ლიონი” ამანდინ ანრის შორეული დაუჯერებელი გოლით დაწინაურდა. რაც 2006 წელს კაცების ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისმა სახელოვანმა მოგვარემ გვაპატია, ამანინდმა ერთი გასროლით აგვინაზღაურა.
“ბარსელონა” მეტოქეზე უკეთ თამაშს განაგრძობდა, მაგრამ 23-ე წუთზე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა, ადა ჰეგერბერგმა თავური დარტყმით ანგარიში 0-2 გახადა. ამ გოლმა “ბარსა” თითქოს გატეხა და “ლიონმა” უპირატესობა არა მხოლოდ ანგარიშში, არამედ თამაშშიც მოიპოვა და 10 წუთში კატარინა მაკარიომ ბურთი სანდრა პანიოსის ცარიელ კარში შეაგორა. 0-3.
გამანადგურებელი ანგარიშით ჩამორჩენის მიუხედავად “ბარსელონას” გოგონებმა საკუთარ თავში ძალები იპოვეს და ერთი ბურთი პირველივე ტაიმში გაქვითეს. 41-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ალექსია პუტელიასმა კაროლინ ჰანსენის გადაცემას ეფექტური დარტყმა მოაყოლა და ანგარიში 1-3 გახადა. პუტელიასი 11 გოლით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მეორე ტაიმში ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. “ბარსელონას” მწვრთნელმა ცენტრფორვარდ ჯენი ერმოსოს ნაცვლად მოედანზე ფიზიკურად უფრო ძლიერი აზიზატ ოშოალა შეუშვა. ოშოალამ ფიზიკურ ორთაბრძოლებში მეტოქეს არაფერი დაუთმო, მაგრამ საკუთარ ნახევარზე კარგად გამაგრებული “ლიონის” წინააღმდეგ ეს საკმარისი არ გამოდგა.
“ბარსას” გოლის გატანის რამდენიმე შანსი მიეცა, ცენტრიდან გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ დღეს ჩვენი დღე აშკარად არ იყო. “ბარსელონამ” ევროპის დედოფლის გვირგვინი დათმო, თუმცა იმედია, მხოლოდ ერთი წლით.
როგორც თამაშის წინ “ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა თქვა, “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არაა.
მომდევნო სეზონისთვის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჯონათან ხირალდესმა საშინაო დავალება უკვე მიიღო – მან გუნდის ფიზიკურ მომზადებაზე უნდა იზრუნოს.
მეც ეგ ვიფიქრე, მთელი თამაში ჩაგრავდნენ. აი როგორც ბაიერნმა რო გაგვტანჯა. ფიზიკაში ძალიან სუსტები არიან ან ლიონი იყო საოცრება.
რამდენი წელია გავიძახი ფარფატა პეპლებით საქმე აღარ კეთდება და ძალაა. ნახევარდაცვაში პუტელიასის გარდა ერთი მოსკლინტვები დგანან შარშან ჰამრაუი იდგა. პლიუს მაგარი მწვრთნელი ყავდათ ეხლა დედალი წვრთნით ბოლოსკენ რო აკრიახდა
გუშღამითაც დასანანი კლასიკო წავაგეთ მაღლებში, ქალებიც ვერ აღმოჩნდნენ ფსიქო-ფიზო კონდიციებში, კაცებზე აღარაფერს ვიტყვი. დაველოდოთ გაისს, სხვა გზა არაა. წინ ბარსა!
ქალებშიც და კაცებშიც ეგრეა ფიზიკა არ გვივარგა