ბოლო დროს ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ბევრი იწერება. ამის მიზეზი ისაა, რომ არგენტინელის პარიზთან ადაპტაცია ისეთი წარმატებული აშკარად ვერაა, როგორსაც ელოდა და ის კატალონიაში დაბრუნების სურვილს ღიადაც აფიქსირებს.
ცნობილია, რომ მესის უფლება ექნება, “პარი სენ-ჟერმენი” 2023 წელს უფასოდ დატოვოს. მაგრამ აქვს ლეოს იმის უფლება, რომ ეს უფრო ადრე გააკეთოს? ამ საკითხს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ლუის კანუტი შეეხო.
კანუტი აქცენტს აკეთებს მესიზე, როგორც ყატარის 2022 წლის ჩემპიონატის ელჩზე. “პარი სენ-ჟერმენი” ყატარული კომპანიის საკუთრებაა და მესის ამ ქვეყნის წინაშე გარკვეული ვალდებულებები აქვს, თუნდაც დაუწერელი ვალდებულებები. კანუტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მესი წარმოდგენილი იქნება, როგორც ქვეყანასთან დაახლოებული პირი, როგორც ქვეყნისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩი, ხოლო მუნდიალის დასრულების შემდეგ ლეოს ყატარელ შეიხებთან ეს დაუწერელი ვალდებულებები მოეხსნება, მას კლუბის მესაკუთრეების მიმართ “ვალის” დიდი ნაწილი მოხდილი ექნება. კატალონიელი ჟურნალისტის ცნობით, ამის შემდეგ მესის შეეძლება, პსჟ-ს მიმართოს თხოვნით, ვადაზე ადრე გაწყვიტოს კონტრაქტი და დაუბრუნდეს “ბარსელონას”. ლეოს, შესაძლოა, ამისკენ უბიძგოს არა მხოლოდ მისი კარიერის სპორტულმა მხარემ, არამედ ოჯახმა – კანუტის ცნობით, მესის მეუღლე და შვილები პარიზში თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. ეს განსაკუთრებით ეხება ტიაგო მესის, რომელიც ლეოს უფროსი შვილია და რომელსაც ქალაქ ბარსელონასთან უფრო ბევრი რამ აკავშირებს, ვიდრე მის ძმებს.
რაც აქამდე წაიკითხეთ, ეს ლუის კანუტის მოსაზრებებია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ავიწყდება – მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი არა ზაფხულში, არამედ ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. გამოდის, რომ მესიმ პსჟ-ს გაშვების თხოვნით შუა საკლუბო სეზონში უნდა მიმართოს. საკუთარი ვარსკვლავების მიმართ პსჟ-ს დამოკიდებულებაზე ყველას კარგად მოგვეხსენება და კანუტის ოპტიმიზმის მიუხედავად, ძალიან ძნელად წარმოსადგენია, პარიზელებმა მესის დონის ვარსკვლავი შუა სეზონში გაუშვან.
ინტერნეტში როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე ვრცელდება ლუის კანუტის სტატიის დამახინჯებული ვერსია, თითქოს მესის კონტრაქტში არსებობს შეთანხმება, რომელიც მას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნდის დატოვების უფლებას აძლევს. კანუტს ასეთი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მან მხოლოდ ივარაუდა, რომ მუნდიალის შემდეგ მესი კლუბს გაშვებას სთხოვს.




ანუ, გვიხაროდა პენსიონერი, მოედანზე მოსეირნე მოვიცილეთო და უკვე უკან უნდათ?
ჯერ ერთი პსჟ-ში ისეთი ამბები ტრიალებს იქ ლეო არავის ახსოვს. მბაპე და ნეიმარი ერთმანეთს ჭამენ, პასებიც კი ენანებათ ერთმანეთზე. ეს ბარსაში იყო ნეიმარი ბედნიერი პარიზში სულ სხვა სიტუაციაა. მბაპე გარბის,შეიხი არ უშვებს და არის ერთი ბარდაკი. აი ახალი სეზონი სულ სხვანაირი იქნება. დალაგდება ყველაფერი და მესიც ნახავს თავის ადგილს. და ნურც ის გვავიწყდება რო ჯერ კიდევ ტრავმა აქვს. ნაკრებშიც კი 15 წუთით გამოვიდა და ისიც სიარულში გაატარა. უფრო მე მგონი სტატისტიკსთვის გამოვიდა ეს მისი 150-ე თამაში იყო ნაკრებში.