“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა აღიარა, რომ უკვე თითქმის დაიბრუნა ძველი ფორმა და თავს კარგად გრძნობს მიუხედავად იმისა, რომ მას მცირე პრობლემები პრე–სეზონის დასაწყისში ჰქონდა. იგეგმება, რომ პარასკევის ვარჯიშზე ჩავი საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშებს.
“გასულ სეზონში მე აქილევსის პრობლემა მქონდა, ახლა კი მცირე დისკომფორტს განვიცდიდი. ამიტომაც პრე–სეზონი მსუბუქ რეჯიმში დავიწყე. ახლა უკვე წესრიგში ვარ და სამუშაო, რომელიც კლუბის ექიმებთან ერთად ჩავატარე დამეხმარება მომავალში ტრავმების თავიდან ასაცილებლად” – განაცხადა ჩავიმ.
ჩავი, რომელიც ვარჯიშის განახლებას პარასკევს გეგმავს დაამატა, რომ “უახლოეს მატჩებში მონაწილეობის იმედი აქვს“. პირველი მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედია” – 2 თვის წინანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის განმეორება. ჩევი თვლის, რომ “ბარსასმ” “უემბლიზე” დამსახურებულად გაიმარჯვა: “ობიექტურად რომ ვთქვათ ჩვენ უკეთესები ვიყავით. მთელი მატჩის განმავლობაში ბურთი ჩვენი იყო, თუ არ ჩავთვლით პირველ 10 წუთს. ეს ფერგიუსონმაც აღნიშნა, ხოლო მისი აღიარება დიდი პატივია“.
ტიაგო ალკანტარა
სანამ ჩავი გუნდს ვერ ეხმარებოდა მისი მოვალეობა ტიაგო ალკანტარამ აიღო, რომელმაც ბევრი საქებარი სიტყვები დაიმსახურა. ჩავი შეუერთდა იმათ, ვისაც ტიაგოს თამაში მოეწონა: “მას თანდაყოლილი ნიჭი აქვს, ახლა კი ის ახალ დონეზე გამოვიდა. ვფიქრობ, რომ კლუბს ის ბევრ რამეს შემატებს”.
ტიაგოს პერსპექტივაზე შეკითხვისას, თუ გუნდში ფაბრეგასი გადმოვა ჩავიმ უპასუხა: “თავის დროზე მეც ბევრ ვინმეს მადარებდნენ. გაიგეთ, რომ სეზონი გრძელია და რაც უფრო მეტი ძლიერი ფეხბურთელი გვეყოლება მით უკეთესი იქნება“. ჩავის აზრს დაეთანხმა ხერარდ პიკე.
შაბათის მატჩი
ჩავიმ და პიკემ “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ მატჩზეც ისაუბრეს. სიმბოლურია, რომ ამ მატჩზე წარადგენენ “მანჩესტერთან” მოგებულ ჩემპიონთა ლიგის თასს. ადგილობრივი პრესა მოხიბლულია “ბარსელონას” თამაშის სტილით. ჩავიმ ახსნა, თუ რა იწვევს ასეთ თამაშს: “ფეხბურთში მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური სისწრაფე. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რომ ასეთი სტილით გვეთამაშა. ჩვენთვის ბურთის ფლობა მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია მოედანზე სწრაფი გადაადგილება“. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს მოუტანს “ბარსას” შაბათს წარმატებას!
