მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრის ინტერვიუ La Provincia-სთან

პედრის ინტერვიუ La Provincia-სთან

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტმა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა, “ბარსას” ამომავალმა ვარსკვლავმა, პედრი გონსალესმა La Provincia-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც წელს მიღებულ სანაკრებო გამოცდილებაზე, დატვირთულ სათამაშო კალენდარსა და ახალ სეზონზე ისაუბრა.

“ბარსელონასა” და ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ხართ… წარმოიდგენდით სეზონის სტარტზე, რომ თქვენი კარიერა საწყის ეტაპზევე ასე განვითარდებოდა?

“ასეთი რამ სეზონის დასაწყისში ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ვიფიქრებდი ჭკუიდან შეიშალათქო. ჩემი სადებიუტო სეზონის დასრულებამდე კიდევ ცოტა დრო დარჩა. ეროვნულ ნაკრებში ყოფნა და ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში მონაწილეობის მიღება ძალიან მახარებს და განსაკუთრებულ სიამაყის გრძნობას მანიჭებს.”

სეზონის ბოლო თამაში ბრაზილიასთან მატჩია, რა შეგიძლიათ ამაზე გვითხრა?

“ბრაზილია ჩემთვის სწორედ ის მოწინააღმდეგეა, რომელთანაც თამაში ოლიმპიადის დასაწყისშივე მსურდა. ამაზე ხელსაც კი მოვაწერდი. საუკეთესოებთან თამაში ყოველთვის მსურს, ბრაზილია კი მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს შორის ერთ-ერთია. მათი დამარცხება რთული იქნება, რადგან კარგად შეთამაშებულ გუნდს წარმოადგენს. ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც ბურთთან ერთად თავს მშვენივრად გრძნობენ. აქედან გამომდინარე დაძაბული შეხვედრის მოლოდინში ვარ.”

ყოველ თამაშში ძირითად შემადგენლობაში იყავით, როგორ შეაფასებდით ამ ფაქტსა და განვლილ შეხვედრებს?

“სიმართლე ისაა, რომ თავს კარგად ვგრძნობ. მოედანზე ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები და ვცდილობ, მწვრთნელის დავალება 100%-ით შევასრულო. თანაგუნდელების დამხარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, გუნდის ასეთმა საერთო განწყობამ კი ფინალამდე მოგვიყვანა.”

წარმოიდგენდით, რომ ტენერიფედან პირველი ოქროს მედალოსანი, შესაძლოა, გამხდარიყავით?

“ეს არ ვიცოდი და ვამაყობ, რომ ოლიმპიადაზე კანარის კუნძულებიდან პირველი ვიქნები, რომელსაც ოქროს მედლის მოპოვება შეეძლება. დარწმუნებული ვარ კანარელებიც ამაყობენ და ჩემთვის ამ ფინალს უფრო მეტი მოტივაცია და დატვირთვა ექნება. იმედია, ამ ლამაზი ტურნირის გამარჯვებული გავხდები.”

რას ეტყოდით იმ ხალხს, ვინც თვლის, რომ დასვენება და განტვირთვა გჭირდებათ?

“მესმის იმ ხალხის ვინც ასე ფიქრობს და ეს სრულიად ნორმალურია. ვცდილობ, ყოველდღიურად თამაშების შემდეგ დავისვენო, დავიძინო, სწორად ვიკვებო და ეროვნული ნაკრების ნუტრიციონისტებსა და სპეციალისტებს დავუჯერო. აკრედიტაციის არქონის გამო ისინი ჩვენთან ერთად არ იმყოფებიან, მაგრამ მათგან რეკომენდაციების მიღება ყოველთვის შესაძლებელია.”

როგორ უყურებთ მომავალ შეხვედრას? რა სცენარით განვითარდება თამაში იოკოჰამაში, თქვენი აზრით?

“პირველ რიგში, მსურს და მიზანი მაქვს, რომ მოვიგოთ. თამაშის სცენარზე არ მიფიქრია, ჯერ მინდა ამ მომენტითა და სიტუაციით მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.”

ოქროს მედლების მოპოვება ისეთმა დიდმა მოთამაშეებმა შეძლეს, როგორებიც მესი და ნეიმარი არიან. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

“ჩემთვის მათი მსგავსი შედეგის მიღწევა დიდი პატივი იქნება, მაგრამ მათნაირ “მხეცებთან” საკუთარი თავის შედარება არ მსურს. ფეხბურთში უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიეს და მათთან შედარება შეუძლებელი იქნება. მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ გავახარებ გამარჯვებით ჩემს ოჯახს.”

როგორც თქვენ თქვით, დასვენებისა და შვებულების საკითხებში სწორედ ისე მოიქცევით, როგორც “ბარსელონა” იტყვის, ეს მართალია?

“დიახ, როგორც კლუბი მირჩევს, ისე მოვიქცევი.”

რა უფრო ამაღელვებელია სპორტსმენისათვის, კლუბის შემადგენლობაში მოპოვებული ტიტული, თუ ნაკრებთან ერთად აღმართული თასი?

“როდესაც ორივე სახის ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა გაქვს, არჩევანის გაკეთება არ ვფიქრობ, რომ საჭიროა. “ბარსასთან” ერთად წინ კიდევ ბევრი შანსი მაქვს, მოვიგო ისეთი ტიტული, როგორიც თუნდაც ჩემპიონთა ლიგაა, ესპანეთთან ერთად კი ასეთი შანსი, შესაძლოა, აღარც მქონდეს. რაც არ უნდა იყოს, მე ყოველთვის მაქსიმალური შედეგის მიღწევას ვცდილობ.”

პედრის ესპანეთმა ნახევარფინალში მასპინძელი იაპონიის ნაკრები მარკო ასენსიოს მიერ დამატებით დროში გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. ფინალში კი 7 აგვისტოს ბრაზილიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 15:30-ზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 05 აგვ 2021, 11:22

    კარგია თუ "ვარსკვლავურ ავადმყოფობას" არ აიკიდებს და ისევ ასე იფიქრებს. ნამეტანს აპიარებენ და ცოდოა. კარგია თუ ისე მოიქცევა როგორც გუნდი იტყვის და არა "როგორც მე მინდა, მორიბაზე ნაკლები ვარ"?

  • antonio
    schedule 05 აგვ 2021, 05:47

    ნუტრიციონისტი :დ

  • riva
    schedule 05 აგვ 2021, 02:34

    "დიახ, როგორც კლუბი მირჩევს, ისე მოვიქცევი."

    ვითომ არაფერი მაგრამ ეს ფრაზა ძალიან ბევრს მეტყველებს პედრიზე.