2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე ერთი თვეა დარჩენილი და “ბარსელონას” ახალი პროექტი ჩამოყალიბების პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც ეკონომიკური კრიზისითაა გამოწვეული. კლუბის მთავარი პრიორიტეტი ლიონელ მესისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაა, რისთვისაც მოთამაშეთა გაყიდვაა საჭირო, რათა სახელფასო ფონდი შემცირდეს. ამ პირობებში, “ბარსაში” უამრავი პრობლემაა.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, გაბრიელ სანსი იმ გამოწვევებს გვთავაზობს, რომლებთან გამკლავებაც რონალდ კუმანს მოუწევს.
ძირითადი მეკარე სეზონის სტარტზე
მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მაისში ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა გამოჯანმრთელების პროცესს გადის. სეზონის დასაწყისში მისი მზადყოფნა სათუო საკითხია. გაურკვეველია ნეტუს მომავალიც. თუ ბრაზილიელი გუნდს დატოვებს, “ბარსა”, სავარაუდოდ, გამოცდილ მეკარეს დაიმატებს. განიხილება ჟორდი მასიპისა და აიტორ ფერნანდესის კანდიდატურები.
ძირითადი მარჯვენა მცველი
რონალდ კუმანი ემერსონის დამატებით კმაყოფილია და მას სანდო განაპირა მცველად მიიჩნევს. გუნდში ასევე არის სერჟინიო დესტი, რომელიც “ბარსამ” გასულ წელს დაიმატა. არ უნდა დაგვავიწყდეს სერჟი რობერტო – თუ ეს უკანასკნელი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, დესტსა და ემერსონს სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.
ჟორდი ალბას რეზერვისტი
ახალ სეზონში 32 წლის ფეხბურთელი “ბლაუგრანას” ერთადერთი მარცხენა მცველი იქნება. კუმანს ალბას რეზერვად ახალი ფეხბურთელის დამატება ურჩევნია, თუმცა ფინანსური სიტუაცია კლუბს ამის საშუალებას არ აძლევს. გამოსავალი მარცხენა მცველად დესტის გამოყენება იქნება, რომელსაც ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს. განიხილება რობერტოსა და ემერსონის ვარიანტებიც. რაც შეეხება ალეხანდრო ბალდეს, “ბარსას” თავკაცს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის დაკისრება ჯერ არ სურს.
ცენტრალური დაცვის წყვილი
რონალდ კუმანს არჩევნის საშუალება ექნება. გუნდში ექვსი ცენტრალური მცველია, თუმცა კატალონიელებს სამუელ უმტიტის გაშვება სურთ. ფრანგის გასხვისების შემთხვევაში, ნიდერლანდელის განკარგულებაში პიკე, არაუხო, მინგესა, გარსია და ლანგლე იქნებიან. ცნობილია, რომ კუმანს ორი ცაცია ან ორი მემარჯვენე ცენტრალური მცველით თამაში არ სურს.
ბუსკეტსის რეზერვისტი
სერხიო ბუსკეტსის რეზერვის პოვნას “ბარსა”, წლებია, ვერ ახერხებს. კლუბმა მირალემ პიანიჩი გაიფორმა, თუმცა ბოსნიელი ახლა წასვლის პირასაა. მხოლოდ სერჟი რობერტოში ჩანს ის პროფილი, რომელიც 33 წლის ნახევარმცველის შემცვლელს უნდა გააჩნდეს.
პედრის შემცვლელი
პედრი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ოლიმპიადაზეც მიიღებს მონაწილეობას. თუ ესპანეთის ნაკრები ფინალამდე მიაღწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ 18 წლის ფეხბურთელი სეზონის დაწყებამდე მხოლოდ ერთი კვირით გავა შვებულებაში. გონსალესი კვლავ “ბარსას” მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, თუმცა დასვენება აუცილებლად ჭირდება. შესაძლოა, მისი რეზერვი რიკი პუჩი იყოს.
შემტევი ტრიო
სავარაუდოდ, “ბარსელონა” ახალ სეზონში ტრადიციული 4-3-3 ფორმაციით ითამაშებს. თუ კლუბმა ლეო მესის კონტრაქტი გაუხანგრძლივა, დიდი ალბათობით, არგენტინელს შეტევაში ახალწვეულები – აგუერო და დეპაი – შეუერთდებიან. ტრინკაუს გაშვება და დემბელესა და ფატის ტრავმებიც ამისკენ მიუთითებს.
დეპაის როლი
კუმანმა მემფისის როლი უნდა განსაზღვროს. ანსუ ფატისა და უსმან დემბელეს გამოჯანმრთელებამდე, ნიდერლანდელი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშებს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელები მოედანს დაუბრუნდებიან, შესაძლოა, დეპაიმ ცენტრალური თავდამსხმელის როლიც მოირგოს. ამ პოზიციაზე ის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს.
გრიზმანთან ერთად თუ მის გარეშე
“ბარსელონა” და “ატლეტიკო” ანტუან გრიზმანისა და საულ ნიგესის გაცვლაზე მუშაობენ, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, მოლაპარაკებები შეჩერებულია. თუ ფრანგი “ბლაუგრანაში” დარჩება, რონალდ კუმანს მისი როლიც ექნება მოსაფიქრებელი. ცოტა ხნის წინ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ანტუანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.




თითქოს პოტენციალი ჩანს არა?
მგონი წინა სეზონზე კაი წელი გვექნება.
ემერსონი პიკე არაუხო ალბა
დე იონგი ბუსკეცი პედრი/საული
მესი აგუერო დეპაი
რათ უნდა ამას ამდენი ფილოსოფია
ლენგლე მგონია, რომ იტყუება ცაცია ვარო, რომ გუნდიდან არ გაუშვან
დემბელე იტყება, მემერჯვენე ვარო, რომ მარცხენა ფლანგზე დააყენონ
ერთადერთი გრიზმანია სერიოზული ყველა ფროგოფაგებიდან, ვინც გუნდშია
დეპაი ფლანგზე თამაშობდა ნაკრებში ამ ევროზე
პრობლემები იცოცხლე ოხრადაა და მეეჭვება ამ "ტრენერის" ხელით რამე გაკეთდეს. და კიდევ ამ ჩემისას ან შარვალი არა აქვს ან პიჯაკი, სულ რო ესე დადის მითუმეტეს პრეზიდენტის ამალასთან ერთად? არ ეუხერხულება მაინც?
გრიზი უნდა დარჩეს და დემბო წავიდეს
აი რობერტოს ნურაფრად მოიხსენიებთ,არცერთ პოზიციაზე ეგ არ ვარგა.