ბარსელონა-ხეტაფე: მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ხეტაფე: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩში, “ბარსელონა” “ხეტაფეს” უმასპინძლებს.

რამდენიმე დღის წინ, “ხეტაფესა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, რამაც “ბარსელონას” კიდევ ერთხელ მისცა შესაძლებლობა, საკუთარ თავზე ყოფილიყო დამოკიდებული. რვავე დარჩენილი მატჩის მოგების შემთხვევაში, კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდებიან.

სათამაშო ფორმა

ამ მომენტისთვის, “ბარსა” “სამეფო კლუბს” 2 ქულით, ხოლო “ატლეტიკოს” კი 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა ჩვენ ერთი შეხვედრით მეტი გვაქვს ჩასატარებელი. ესპანეთის თასის ფინალის გამო, “ბარსამ” კვირას, ნაადრევად გამართული 33-ე ტური გამოტოვა. გამოტოვებული შეხვედრა მომდევნო კვირაში, შინ, “გრანადას” წინააღმდეგ გველის.

უკანასკნელ დღეებში, ევროპის სუპერ ლიგის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, შეიძლება, “ხეტაფესთან” თამაშის განხილვა რთული იყოს, თუმცა ტურნირის დასკვნით ფაზაში ვიმყოფებით და ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს, თანაც, ისეთი პირი უჩანს, სუპერ ლიგა საკუთარ დასასრულს ჩანასახშივე იხილავს. შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ კუმანს ფეხბურთელების ფეხბურთზე კონცენტრირება არ გაუჭირდება.

დღევანდელ მატჩს ჩემპიონის სტატუსით ვხვდებით, მართალია, ესპანეთის თასის, თუმცა ტიტული ტიტულია, თანაც, ბრძოლაში მოპოვებული. ამასთან, “კლასიკოს” მოგებით მიღებული უპირატესობა “რეალმა” მალევე გაანიავა. მოკლედ, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რათა “ბარსამ” ამ შეხვედრაში სამი ქულა აიღოს.

მეტოქე

მართალია, “ხეტაფე” ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნების იბრძვის, თუმცა ამ გუნდის კარში გოლის გატანა იოლი არ არის. მე-15 ადგილზე მყოფ მადრიდელებს იმდენივე გოლი აქვთ გაშვებული, რამდენიც “ვილიარეალს”, რომელიც მე-5 პოზიციას იკავებს და ევროპა ლიგის ნახევარფინალშია – 34 გოლი. 

“ხეტაფე”, რამდენად კარგადაც შეუძლია თავის დაცვა, იმდენად სუსტია შეტევაში, რაც “რეალთან” შეხვედრაშიც ნათლად გამოჩნდა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გუნდის ანგარიშზე მხოლოდ 22 გატანილი გოლია (საშუალოდ 0.71 გოლი მატჩში).

“ხეტაფეს” სტუმრად თამაში უჭირს. გასვლაზე ჩატარებული შეხვედრებიდან, “ხეტაფემ” მხოლოდ ორის მოგება შეძლო (4 ფრე, 8 წაგება), უკანასკნელად ეს 11 იანვარს, “ელჩესთან” მატჩში მოხდა. ამ 14 შეხვედრაში კი მეტოქის კარი მხოლოდ 9-ჯერ აიღო.

ეს გუნდი აღარ არის ის “ხეტაფე”, რომელიც ევროტურნირების საგზურისთვის იბრძოდა, თუმცა, ახლა, მადრიდული კლუბი ლა ლიგაში დარჩენას ცდილობს  და, მათთვის, თითოეულ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გასავარდნ ზონასთან სხვაობა 4 ქულას შეადგენს.

“ხეტაფედან” შეგვიძლია, მარკ კუკურელია და კარლეს ალენია გამოვარჩიოთ. ორივე “ლა მასიელია”, ეს უკანასკნელი კი, კვლავ, “ბარსას” ფეხბურთელად ითვლება. ბოლო პერიოდში, ალენიამ მოუმატა და ძირითად შემადგენლობში ადგილიც დაიმკვიდრა.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

ფიზიკურად, გუნდი ძალიან კარგ კონდიციაშია. რთული გრაფიკი გვაქვს, თუ ამ დონეს შევინარჩუნებთ, წარმატების მიღწევას შევძლებთ.

ლა ლიგისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა 8 მატჩის მოგება იოლი არ იქნება. “ხეტაფესთან” ძალიან კარგი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ.

ხოსე ბორდალასი:

კუმანის მოსვლის შემდეგ, “ბარსელონა” პროგრესს განიცდის. სეზონის გადამწყვეტ ნაწილს საუკეთესო ფორმაში ხვდებიან. “ბარსელონა” ყოველთვის იყო დიდი პოტენციალის მქონე გუნდი.

ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მესის დარჩენა სურს. ჩემთვის, იგი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ვისურვებდი, რომ მან ლა ლიგაში ყოფნით სიამოვნება კიდევ დიდხანს მიიღო, მან ეს ჩემპიონატი საგრძნობლად განავითარა.

დანაკლისი

“ბარსელონას” ლაზარეთში სიახლე მარტინ ბრეითუეიტის ტრავმაა. გუნდი უკვე დიდი ხანია, რაც ანსუ ფატის, ფილიპე კოუტინიოსა და ნეტუ მურარას გარეშე თამაშობს.

რაც შეეხება მეტოქე გუნდს, ხოსე ბორდალასის განკარგულებაში არ იქნებიან ერიკ კაბაკო, კუჩო ერნანდესი და ალან ნიომი. ნიომმა “რეალთან” მატჩში მე-10 ყვითელი ბარათი მიიღო და შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. 

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “ხეტაფეს” ერთმანეთთან 35-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებმა 25 მატჩი მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს, 4-ში კი დამარცხდნენ, ბურთების შეფარდება – 79-27.

ბოლო მარცხი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში შედგა. “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” გამართული მატჩში მასპინძლებმა, ანგარიშით 1-0, იმარჯვეს. ერთადერთი გოლის ავტორი ხაიმე მატა გახდა.

კონკრეტულად ლა ლიგაში კი სტატისტიკა ასეთია: 31 მატჩი, 22 მოგება, 6 ფრე, 3 მარცხი, ბურთების შეფარდება – 68-21.

საინტერესო სტატისტიკა

  • ლიონელ მესის, “ხეტაფეს” წინააღმდეგ, 26-ჯერ უთამაშია. მან მეტოქის კარი 20-ჯერ აიღო.
  • უკანასკნელ 5 მატჩში “ხეტაფემ” მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.
  • “ხეტაფეს” უკანასკნელი 5 მატჩიდან 3 უგოლოდ დასრულდა. მათგან ორი – “რეალთან” და “ატლეტიკოსთან”.
  • ლა ლიგის TOP 3-თან (“ბარსა”, “რეალი”, “ატლეტიკო”) “ხეტაფემ” შინ არცერთი მატჩი არ წააგო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია.
  • “ხეტაფემ” “რეალთან” და “ატლეტიკოსთან” სტუმრად გამართული ორივე შეხვედრა დათმო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუტანია.
  • “კამპ ნოუზე” ლა ლიგაში “ბარსას” 12 თამაშია, რაც არ წაუგია (9 მოგება, 3 ფრე).
  • ხოსე ბორდალასს “ბარსელონას” წინააღმდეგ 9-ჯერ უთამაშია, საიდანაც 1 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, 6 კი დათმო.

არბიტრი

დღევანდელ მატჩს 41 წლის ხორხე ფიგუეროა ვასკესი განსჯის. 2020/21 წლების სეზონი პირველია, რომელსაც იგი ლა ლიგაში ატარებს. შესაბამისად, მას “ბარსელონასა” და “ხეტაფეს” შეხვედრებში მუშაობის მწირი გამოცდილება გააჩნია.

“ბარსას” ერთადერთი მატჩი, რომელშიც ვასკესმა იმსაჯა, 2021 წლის 13 თებერვალს, “ალავესთან”, “კამპ ნოუზე” გამართული თამაშია (5-1). მას კატალონიელთათვის ყვითელი ბარათი არ უჩვენებია.

რაც შეეხება “ხეტაფეს”, ანდალუსიელ არბიტრს მადრიდული კლუბის მონაწილეობით 4 შეხვედრაში უმსაჯია (2 ლა ლიგა, 2 სეგუნდა დივიზიონი). აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის ორივე მატჩი “ხეტაფესა” და “ვალენსიას” დაპირისპირება გამოდგა. ამ ორ მატჩში ვასკესმა “ვალენსიას” ერთი, ხოლო “ხეტაფეს” კი ორი ფეხბურთელი გაუძევა. ამასთან, გუნდებს 18 ყვითელი ბარათი უჩვენა. ერთი მატჩი ფრედ, ანგარიშით 2-2, დასრულდა (ვასკესმა მე-100 წუთზე, “ხეტაფეს” კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა), მეორეში კი “ხეტაფემ”, შინ, 3-0 იმარჯვა.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – მინგესა პიკე ლანგლე – დესტი დე იონგი ბუსკეტსი პედრი ალბა – მესი გრიზმანი

“ხეტაფე” | 4-4-2

სორია – სუარესი, დაკონამი ტიმორი ოლივეირა – ალენია არამბარი მაქსიმოვიჩი კუკურელია – იუნალი მატა

Sportmole:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – მინგესა არაუხო ლანგლე – დესტი დე იონგი ბუსკეტსი პედრი ალბა – მესი გრიზმანი

“ხეტაფე” | 4-4-2

სორია – სუარესი, დაკონამი ტიმორი ოლივეირა – ალენია არამბარი მაქსიმოვიჩი კუკურელია – იუნალი მატა

SofaScore:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – მინგესა პიკე ლანგლე – დესტი დე იონგი ბუსკეტსი პედრი ალბა – მესი დემბელე

“ხეტაფე” | 4-4-2

სორია – სუარესი, დაკონამი ჩაკლა ოლივეირა – ალენია არამბარი მაქსიმოვიჩი კუკურელია – იუნალი მატა

Marca:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – მინგესა პიკე ლანგლე – დესტი დე იონგი ბუსკეტსი პედრი ალბა – მესი დემბელე

“ხეტაფე” | 4-4-2

სორია – სუარესი, დაკონამი ჩაკლა ოლივეირა – ალენია არამბარი მაქსიმოვიჩი კუკურელია – იუნალი მატა

პროგნოზი

WhoScored: ბარსელონა 2-0 ხეტაფე

Sportsmole: ბარსელონა 3-0 ხეტაფე

ტრანსლაცია

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • azulgerana
    29 აგვ 2021, 17:59

    ციტატა: Barca_MNS
    კოუ კოუ კოუ კოუ… მთელი კვირაა აქცენტი ამ მოთამაშეზე კეთდება, კუმანი, ;ლაპორტა, აგენტები, კოუს ცოლის ინტერივუც ვნახე. მოკლედ ყველა ელის ამ ბიჭის დაბურნებას. იმედს ვიქონიებ მართლა წაუჯადოქრებს, ყოველ შემთხვევაში დღეს დებიუტივით თამაში ექნება და წარმატებები მას.


    აბა ჰეე scream

  • nika 54
    29 აგვ 2021, 16:30

    "კამპ ნოუზე" გამართული 18 თამაშიდან 14 მასპინძლებმა მოიგეს, 4 კი ფრედ დასრულდა.
    თუ ისტორიამ არ გვიმტყუნა, მინიმუმ ქულას ავიღებთ.

  • C.PC5
    29 აგვ 2021, 13:07

    სამი ქულა მეტი არაფერი არ აქვთ საფიქრალი და გადასაწყვეტი, რაც შეიძლება მშვიდად და თავდაჯერებულად უნდა მოვიგოთ. ვისკა ბარსა❤️💙

  • El pistolero 9
    29 აგვ 2021, 12:56

    წარმატებები!!!ლამაზ და ხარისხიან ფეხბურთს ველოდები

  • Diana
    29 აგვ 2021, 12:54

    გუნდი თავიდანვე თუ არ შეიკრა და შემართება არ მიეცა ძაან გაგვიჭირდება წელს

  • Barca_MNS
    29 აგვ 2021, 12:49

    ციტატა: La Pulga10
    სასწაულების მჯერა და მართლა თუ დაბრუნდა ლივერპულის კოუ,მეტი აღარაფერი მინდა.დღეს სუსტი მეტოქე გვყავს მალე უნდა მოვკლათ თამაში და მერე კუმანმა შემოუშვას ახალგაზრდები.ნიკო,პუჩი,ბალდე…


    ჰო მაგის იმედზე ვართ დარჩენილები, წინაზე ნახევარდაცვა შეტევას იყო მწოყვეტილი, დეპაი ცენტრში იღებდა ბურთს და ვნახოთ აბა ფელიმეიქრად კოუ, გრიზმანს უფრო მაღლა თამაშის საშაულაბასაც მისცემს

  • La Pulga10
    29 აგვ 2021, 12:47

    სასწაულების მჯერა და მართლა თუ დაბრუნდა ლივერპულის კოუ,მეტი აღარაფერი მინდა.დღეს სუსტი მეტოქე გვყავს მალე უნდა მოვკლათ თამაში და მერე კუმანმა შემოუშვას ახალგაზრდები.ნიკო,პუჩი,ბალდე…

  • Kaka
    29 აგვ 2021, 12:47

    დაზუსტებულად იცით ვინმემ რა ნომრით ითამაშებს კოუ??

  • Barca_MNS
    29 აგვ 2021, 12:42

    კოუ კოუ კოუ კოუ… მთელი კვირაა აქცენტი ამ მოთამაშეზე კეთდება, კუმანი, ;ლაპორტა, აგენტები, კოუს ცოლის ინტერივუც ვნახე. მოკლედ ყველა ელის ამ ბიჭის დაბურნებას. იმედს ვიქონიებ მართლა წაუჯადოქრებს, ყოველ შემთხვევაში დღეს დებიუტივით თამაში ექნება და წარმატებები მას.

  • azulgerana
    29 აგვ 2021, 12:18

    წესით უნდა მოვიგოთ

  • nika 54
    22 აპრ 2021, 12:17

    "ამ მომენტისთვის, "ბარსა" "სამეფო კლუბს" 2 ქულით, ხოლო "ატლეტიკოს" კი 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა ჩვენ ერთი შეხვედრით მეტი გვაქვს ჩასატარებელი. ესპანეთის თასის ფინალის გამო, "ბარსამ" კვირას, ნაადრევად გამართული 33-ე ტური გამოტოვა"
    ამ მომენტისთვის ბარსა მე-4 ადგილზეა, სევილია 2 ქულით გვისწრებს, ატლეტიკო კი 5 ქულით, რეალი საერთოდ პირველ ადგილზეა და ასევე 5 ქულით გვასწრებს. თუ აკეთებთ ანალიზს და თან "ამ მომენტის" სურათს დებთ, ცოტა უფრო ზუსტები ვიყოთ რა.

    "დღევანდელ მატჩს ჩემპიონის სტატუსით ვხვდებით, მართალია, ესპანეთის თასის, თუმცა ტიტული ტიტულია, თანაც, ბრძოლაში მოპოვებული"
    ისე საინტერესოა, ტიტული მოვიგეთ და დღეს ხეტაფესგან დერეფანი არ გვეკუთვნის?

  • M10 S9 D11
    22 აპრ 2021, 11:24

    უეჭველი მოსაგები თამაშია