“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ კლუბს უპატიებელი ზარალი მიაყენა – არასწორი ტრანსფერები, მტკივნეული წაგებები, შეუფერებელი მწვრთნელები, ვალები და ა.შ.
მიუხედავად ამისა, ამ ყველაფრის შემდეგ, გუნდში პერსპექტიული ახალგაზრდები გამოჩნდნენ, პრეზიდენტის პოსტზე კი ლეგენდარული ჟოან ლაპორტა დაბრუნდა, რაც წარმატებულ მომავალსა და საფეხბურთო ელიტაში ადგილის კვლავ მოპოვებას გვიქადის.
ახალი კი, პოზიციების მიხედვით, მოდით, გადავხედოთ “ბარსას” ტალანტებს:
ახალი თაობა: მცველები – რონალდ არაუხო, ოსკარ მინგესა, ერიკ გარსია და სერჟინიო დესტი
რა თქმა უნდა, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” უკანახაზელები ბურთს შესანიშნავად უნდა ფლობდნენ და ერთმანეთთან შეთამაშებულნი იყვნენ. იცოდნენ, როგორ იმოქმედონ დაცვასა და შეტევაში და პოზიციური თამაში არ ეშლებოდეთ.
რაც შეეხება განაპირა მცველებს, ყველა ხედავს, რომ “ბლაუგრანა” მათ წინ ხშირად იყენებს, შესაბამისად, ცენტრალურ მცველებს ფლანგელების დაზღვევა უნდა შეეძლოთ;
კატალონიელთა რიგებში ნიჭიერი მცველები ნამდვილად გამოჩნდნენ, ერთ-ერთი პირველი კი, რომელიც მათზე საუბრისას გვახსენდება, რონალდ არაუხოა. ურუგვაელი, ჟერარ პიკეს არყოფნის ჟამს, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. რონალდის ძლიერი მხარე პასები ნამდვილად არაა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი პოზიციური თამაშით გამოირჩევა – ამას ის ზედიზედ ჩატარებული 13 მატჩიც გვიჩვენებს, რომლებშიც არაუხოს დრიბლინგით ვერავინ გასცდა.
ასევე, საინტერესოა, რომ 22 წლის უკანახაზელი, ჟერარ პიკეს მსგავსად, თანაგუნდელებს მუდმივად რჩევებსა და მითითებებს აძლევს;
“ბარსელონას” მეორე ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, ოსკარ მინგესა სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, გარსია პიმიენტასთვის მესამე არჩევანი იყო, თუმცა ესპანელმა ლა ლიგაში თავი შესანიშნავად გამოიჩინა. კატალონიელთა 28-ე ნომერი “ლა მასიელია”, რაც მას ადაპტაციაში დაეხმარა.
არაუხოს მსგავსად, პოზიციური თამაში ოსკარსაც ეხერხება, რასაც ბურთით კარგად მოქმედება და მარჯვენა მცველად ასპარეზობის უნარიც ემატება. იგი ნებისმიერ პოზიციას დინამიკურობას სძენს და თავის ასაკში ერთ-ერთი საუკეთესოა;
უდიდესი ალბათობით, “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი, ერიკ გარსია მომავალ ზაფხულში მშობლიურ კლუბში დაბრუნდება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა “ლა მასიელი” პეპ გვარდიოლას ძირითადი გუნდის რეგულარული წევრი არ იყო, ერიკმა საკმაო ავტორიტეტი მოიპოვა და თავისი მწვრთნელისგან შექებაც დაიმსახურა. მას ზემოხსენებული ორი მოთამაშის თვისებები აქვს, რასაც პეპის ხელში გატარებული პერიოდი ემატება, რომელიც მას ნამდვილად წაადგება.
გარსიას “ქალაქელებთან” არსებული ამჟამინდელი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება, გვარდიოლა კი აღიარებს, რომ თავის შეგირდს “ბარსაში” დაბრუნება სურს;
სერჟინიო დესტი პირველი ამერიკელია, რომელმაც ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური მოირგო, მისი პოტენციალი კი დიდ იმედებს ნამდვილად იძლევა. 20 წლის ფეხბურთელი მუდმივად გაუმჯობესებას, მიღებული შანსების გამოყენებასა და შეცდომებისგან სწავლას ცდილობს.
დესტის ასეთ მოთამაშედ ჩამოყალიბებისა და “ბარსელონას” სტილის ქონისთვის მის აღმზრდელ “აიაქსს” უნდა ვუმადლოდეთ – ამ კლუბების ფილოსოფია ერთმანეთს ნამდვილად ემთხვევა, რაც იოჰან კრუიფის დამსახურებაა. ამერიკელს სივრცეში სწორად თამაში და დრიბლინგის დროს სწრაფად ფიქრის უნარი გააჩნია. ამ ყველაფრის ფონზე, ნამდვილად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე წელში სერჟინიო მსოფლიო კლასის ფლანგელი იქნება და, იქნებ, დანი ალვესის შემცვლელადაც მოგვევლიონოს, რომელსაც “ბლაუგრანა” დიდი ხანია, ეძებს;
დაცვის ხაზი სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორსაა, რადგან კლუბს მარცხენა ფლანგზე ჟორდი ალბას შემცვლელი სჭირდება. თუმცა, დიდი ალბათობით, ჟოან ლაპორტა ამ საკითხს მალე მიხედავს, რის შემდეგაც, მომდევნო წლებში, “ბარსელონას”, შესაძლოა, მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) დაცვა ჰყავდეს.
ახალი თაობა: ნახევარმცველები – პედრი გონსალესი, რიკი პუჩი, ილაიშ მორიბა და ფრენკი დე იონგი
“ლურჯ-ბროწეულისფერებმა” რაკიტიჩი-ვიდალის ერა მტკივნეულად გადაიტანეს, ვინაიდან, მსგავსი რამ (ასეთი ფეხბურთელები) კლუბის სტილში არ ჯდებოდა. ფეხბურთი, როგორც იოჰან კრუიფი აღწერდა, არის თამაში, რომელსაც გონებით თამაშობენ, ფეხები კი მხოლოდ გადაადგილებაში გვეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპული გრანდების უმეტესობა მაღალ და ფიზიკურად ძლიერ შუახაზელებს ირჩევს, რათა ამით მეტოქეს აჯობონ, “ბლაუგრანაში” უპირატესობა ყოველთვის ტექნიკურ და მოაზროვნე ფეხბურთელებს ენიჭებოდათ, რადგან თუ ბურთი შენ გაქვს და სწორად იყენებ/ამოძრავებ, მოწინააღმდეგე მხოლოდ ათლეტიზმით ვერ დაგჩაგრავს.
მუდმივად, “ბარსელონას” მთელი მაგია სწორედ ნახევარდაცვაში ჩანდა, მწვრთნელის ტაქტიკური სქემებიც მოედნის შუაგულში გამოისახება და მატჩის მოგებაშიც მთავარი ამ პოზიციის კონტროლია. თავდამსხმელებისთვის საგოლე შანსების გამოყენებაა მნიშვნელოვანი, მცველებისთვის – სტაბილურობა, ამისთვის კი გუნდის ბირთვი მაქსიმალურად სწორად დაკომპლექტებული უნდა იყოს;
ამ სეზონში კატალონიაში პედრი გამოჩნდა, რომელიც ყოფილმა ხელმძღვანელობამ “ლას პალმასიდან” შეიძინა – რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ბართომეუს გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამართლებული ტრანსფერი განახორციელა. 18 წლის ასაკში ასეთი აზროვნება და მოედნის ხედვა ნამდვილად გამაოგნებელია, რისთვისაც მას ანდრეს ინიესტასაც კი ადარებენ. საქმე კი ისაა, რომ ამას გონსალესი 17 წლის ასაკშიც ავლენდა.
ლეგენდარულ რვიანთან შედარება ნამდვილად გამართლებულია, ვინაიდან, ასაკის მიუხედავად, კანარელი გამოცდილი ფეხბურთელივით გამოიყურება. ამ ყველაფრის ფონზე, პედრი რონალდ კუმანის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე გახდა და, პრაქტიკულად, ნიდერლანდელი სპეციალისტი მას ყველა შეხვედრაში იყენებს. ტექნიკურ უნარებთან ერთად, “ბარსას” მე-16 ნომერი კომბინაციებში ხშირად ერთვება. გონსალესის თვისებები მას საშუალებას აძლევს, შეზღუდულ სივრცეებში კარგად იმოქმედოს და მხარი სწრაფ ფეხბურთსაც აუბას.
აგრეთვე, კატალონიელთა გულშემატკივრების აღფრთოვანება პედრის თავდაცვითმა სამუშაომ არაერთხელ გამოიწვია. პრესინგის დროს ის მეტოქის მანევრს ხშირად აკონტროლებს. აღნიშნული უნარები გონსალესს განსაკუთრებულს ხდის და “ბლაუგრანას” მინიმუმ მომავალი 10 წლის განმავლობაში ბრწყინვალე ნახევარმცველის ყოლის გარანტიას აძლევს;
რიკი პუჩი და პედრი ტყუპებს ჰგვანან – მათი თამაშის სტილი და მრავალფეროვნება ერთმანეთის მსგავსია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ბურთის ფლობა. მისი მიღებისას ორივე მათგანი სწორი პოზიციის შერჩევას ცდილობს, რათა შემდეგ ტყავის სფერო თანაგუნდელს მოხერხებულ ადგილას და ზუსტ დროს მიაწოდოს.
რა თქმა უნდა, გარკვეულ ასპექტებში მათ შორის განსხვავება მაინც არსებობს. მაგალითად, ბურთის დაბრუნებისას, პუჩი მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ცდილობს, რათა მას შეცდომა დააშვებინოს. თავის მხრივ, პედრი საკუთარ ინტელექტს იყენებს და მეტოქის მოქმედების წინასწარ წაკითხვის უნარი აქვს. ტვინის წყალობით, ის მოწინააღმდეგეს ზონებს უზღუდავს და ბევრ არჩევანს არ უტოვებს, რის შემდეგაც მეტოქე ბურთს ან უაზროდ იგერიებს, ან არაზუსტ პასს აკეთებს, რომელიც ჩაჭრისთვისაა განწირული.
შესაძლოა, რიკის მთავარი სიძლიერე მისი აკურატული პასებია, რაც მან “ლა მასიაში” ისწავლა. ასევე, როგორც გადაცემის გაკეთებისას, ისე მისი მიღებისას, 21 წლის ნახევარმცველი შენიშვნებს მუდმივად იძლევა. პუჩმა ზუსტად იცის, პოზიციური თამაშით სად და როდის შექმნას უპირატესობა. მისი პრესინგი, პედრისგან განსხვავებით, შეიძლება, არც ისე კარგია, თუმცა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც მეტოქეს ამოსუნთვის საშუალებას არ აძლევს;
ილაიშ მორიბამ თავისი შესაძლებლობების დამტკიცება პირველ გუნდშიც დაიწყო. ორი თვის განმავლობაში, 18 წლის მოთამაშეს დებიუტი ჰქონდა, 2 ასისტი მიითვალა და პირველი გოლიც გაიტანა, საბოლოოდ კი, “პარი სენ-ჟერმენთან” განმეორებით მატჩში, მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ბედნიერებაც ერგო – რონალდ კუმანმა იგი მოედანზე ცვლილებაზე შეიყვანა.
წარმოშობით გვინეელის გამოჩენით, რიკი პუჩმა კიდევ ერთი კონკურენტი “შეიძინა”. ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად (რაც პსჟ-სთან ზემოხსენებულ შეხვედრაში, კილიან მბაპესთან ორთაბრძოლის დროსაც გამოჩნდა), ილაიშს ტექნიკურობა და ბურთთან სწორად მოპყრობა გამოარჩევს, რასაც რონალდ კუმანი ძალიან აფასებს. აკადემიის რამდენიმე მწვრთნელი მას თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებს და ხაზს პოლ პოგბასთან მსგავსებასაც უსვამს;
ნახევარდაცვაში, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს ფრენკი დე იონგის როლიც, რომელიც არანაკლებ მნიშნელოვანია. “აიაქსის” უნიჭიერესი შუახაზელის გაფორმებით “ბარსამ” ამ პოზიციას ბევრი რამ შესძინა, თუმცა, თავდაპირველად, მას აკრიტიკებდნენ, რადგან ისეთ თამაშს ვერ აჩვენებდა, როგორსაც ამსტერდამელთა შემადგენლობაში გვთავაზობდა. მაგრამ, რონალდ კუმანის მოსვლისა და ტაქტიკის შეცვლის შემდეგ, ეს ყველაფერი გამოსწორდა, ფრენკი ათამაშდა, გოლების გატანა დაიწყო და ფანებს იმედებიც მიეცათ. პასის კულტურისა და პრესინგის გარდა, ნიდერლანდელი ნახევარდაცვას მეტ დინამიკურობას სძენს და შუახაზის პოტენციალს ზრდის.
“ბარსელონას” 21-ე ნომერი დაცვაში თამაშითაც გამოირჩევა და გუნდს როგორც პოზიციურ, ისე მრავალ სხვა ასპექტში უპირატესობას აძლევს. დე იონგი მუდმივად ვითარდება და მოედნის ნებისმიერ წერტილში დიდი გავლენა აქვს;
ასეთ მზარდ ნახევარდაცვაში, ალბათ, მთავარია, თუ ვინ შეცვლის და მოირგებს “ბლაუგრანას” ლეგენდარული საყრდენის – სერხიო ბუსკეტსის როლს. ამ უკანასკნელის შემცვლელი ამჟამად “ბარსა ბ-ში” არ ირიცხება, თუმცა, შესაძლოა, ეს ილაიშ მორიბამ შეძლოს.
ახალი თაობა: თავდამსხმელები – ფრანსიშკუ ტრინკაუ, უსმან დემბელე, ანსუ ფატი
შეტევის ხაზი ის პოზიციაა, რომელიც ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს – გარემარბების დრიბლინგებით დაწყებული და ბურთის მეტოქის კარის ბადეში გახვევით დასრულებული, თავდასხმა ყველაზე მიმზიდველია.
ლეო მესის ასაკში შესვლასთან ერთად, “ბარსელონას” ნელ-ნელა მისი ღირსეული შემცვლელის ძებნა უწევს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ურთულესი საქმეა. “ბარსას” ამისთვის პერსპექტიული შემტევი ტრიო სჭირდება – მათდა საბენდიეროდ, გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდები ირიცხებიან, რომელთაც, მინიმუმ მომავალი 10 წლის განმავლობაში, თავიანთი ეპოქის შექმნა შეუძლიათ;
ანსუ ფატი, ნამდვილად, ბოლო წლებში კლუბის მთავარი აღმოჩენაა. მას პირველად შანსი ერნესტო ვალვერდემ, “ბეტისთან” 5-2 მოგებულ შეხვედრაში მისცა (მატჩში, რომელშიც “კამპ ნოუზე” ანტუან გრიზმანის დებიუტი შედგა და “ბარსელონას” მაისურით პირველი დუბლი შეასრულა). წარმოშობით გვინეა-ბისაუელს თავისი თვისებები და სითამამე პირველივე შეხვედრაში შეეტყო, ამ ყველაფერს კი მომავალ მატჩში დორტმუნდის “ბორუსიასთან” (0-0) გასვლაზე გამართულ დაპირისპირებაში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა მოჰყვა, რის შემდეგაც ანსუმანე “ბლაუგრანას” მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა.
მიუხედავად ლეო მესისთან შედარებებისა, ფატი ახალგაზრდულ ასაკში მყოფ კრიშტიანუ რონალდუს უფრო ჰგავს, ვიდრე არგენტინელს. ასევე, ხშირად გვესმოდა მისი სამუელ ეტო’ოსთან პარალელებზე საუბარიც.
პორტუგალიელი ვარსკვლავის მსგავსად, ფატი დიდ დროს მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ატარებს. 18 წლის ტალანტი მცველებს მარტივად უმკლავდება, სივრცეებში გადაადგილდება და კარგი დარტყმაც აქვს. საინტერესოა, რომ იგი მიმდინარე სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ბომბარდირებს შორის ჯერ კიდევ მე-3 ადგილს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა, ტრავმირებულია;
საპირისპირო, მარჯვენა ფლანგზე განსახვავებული სიტუაციაა. ტრინკაუს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა გაცემულ ავანსებს, ჯერჯერობით, ვერ ამართლებს. ამასთან, მას ისეთი ნდობაც არ აქვს, როგორიც – ანსუს.
სამწუხაროდ, ფრანსიშკუ ხშირად ცდება, ბურთს კარგავს და გადაწყვეტილების მიღებისას დიდ დროს ფლანგავს, რაც გუნდს ზიანს აყენებს. თუმცა 21 წლის ფეხბურთელის მხოლოდ ნახევარი სეზონით შეფასება არცისე გონივრული ქმედებაა, რადგან მას გაუმჯობესების პერპექტივა აქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ “ბეტისთან” გატანილი გამარჯვების გოლი თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაეხმარება. შეცდომების გამოსწორების შემთხვევაში, მას კლუბში დიდი მომავალი ექნება;
2017 წელს “ბარსელონამ” იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი გარემარბი შეიძინა და მის გამო უარი კილიან მბაპეზე თქვა. მაგრამ, წლების შემდეგ, ყველა მიხვდა, რომ გუნდის მესვეურები შეცდნენ, რაც ბართომეუს შტაბისგან უცხო არ იყო. ერთი შეხედვით, “ბარსას” ძალიან ნიჭიერი შემტევი ჰყავს, თუმცა ბევრი ამ ამბავს სკეპტიკურად უყურებს, რაც უსაფუძვლო ნამდვილად არ გახლავთ.
ფრანგ მოთამაშეს არაორდინალური ქმედებები ახასიათებს და გამონათებები აქვს, თუმცა მნიშვნელოვან მატჩებში ხშირად ცდება და ბევრ მომენტსაც აფუჭებს. დემბელეს მთავარი პლუსი უნივერსალურობა (მას თამაში ორივე ფლანგზე და, ამასთანავე, ორივე ფეხით შეუძლია) და სისწრაფეა, მაგრამ, როგორც ნახევარმცველებთან მიმართებით აღვნიშნეთ, გონება არც თავდამსხმელს აწყენს. მიუხედავად ყველაფრისა, 23 წლის თავდამსხმელს რონალდ კუმანის ნდობა აქვს და, თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მას კონტრაქტს მალე გაუხანგრძლივებენ;
გარდა ჩამოთვლილი სამი შემტევისა, ყველასთვის ცნობილია, რომ ჟოან ლაპორტას “დორტმუნდის” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შეძენა სურს, რისთვისაც არაერთი ფეხბურთელის გაყიდვასაც აპირებს. ნორვეგიელი ტალანტის ტრანსფერის შემთხვევაში, “ბარსელონას” მომავალი თავდასხმის ხაზის პოტენციალი საგრძნობლად მოიმატებს.
დასკვნა
წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად კლუბს შეუძლია, შემადგენლობაში ასეთი ახალგაზრდების ყოლით კმაყოფილება გამოხატოს. “ბარსას” მსოფლიო დონის ტალანტები ჰყავს, რომელთა სწორად განვითარების შემდეგ, შეუძლია, საფეხბურთო სამყაროში დომინაცია კვლავ განაგრძოს, თანაც, ეს ყველაფერი კატალონიელთა ლეგენდარულ პრეზიდენტთან – ჟოან ლაპორტასთან ერთად მოხდება, ვისთვისაც დომინანტი გუნდის ჩამოყალიბება უცხო ნამდვილად არაა…
სტატია თარგმნილია barcauniversal.com-დან.
მე პირადად ლაპორტას იმედი მაქვს…
შტეგენი
დესტი არაუხო ალაბა ალბა
დეიონგი ბუსკეცი პედრი
მესი ჰალანდი ფატი
პენია
რობერტო/ემერსონი პიკე გარსია/მინგესა ბალდე
ვაინალდუმი მორიბა პუჩი
ტრინკაუ/კოლადო აგუერო დემბელე/დეპაი/კონრადი
არავინ იცის მეგობარო წინასწარ ვინ სად იქნება მე დაველოდები მაინც რამოხდება თორე ისე ა ბატონო (არგეწყინოს ძმა) ბარსა მომავალ სეზონში
გ.მაღრაძე
ტიკარაძე–ვოლსკი–კალაძე–მდინარაძე
თ.წულუკიანი
ა თალაკვაძე—–ნ თურნავა
ვ გომელაური—ი ღარიბაშვილი—ი კობახიძე
მწვრთნელი
ბიძინი ივანიშვილი
პს ციცი მადლობა რასაც ჩვენთვის წვალობ
ჰალანდზე უფრო მეტს ველოდი ციცი ❤️ ძალიან მაგარი სტატიაა 💕