“ბილბაოზე” შური ვიძიეთ, ალბათ სჯობდა, ფინალი მოგვეგო, მაგრამ რაც არის, არის, ახალ გზაზე სიარულს სწავლა უნდა.
თამაშის წინ მნიშვნელოვანი ამბები მოხდა, მადრიდის “რეალმა” ქულები დაკარგა და მეორე ადგილზე გადავინაცვლეთ, “ატლეტიკო” კი ლუის სუარესის ხარჯზე ისევ მარტივად იგებს. კუმანი ჯუჯღუნებს, სუარესზე კითხვებს ნუღარ მისვამთო, მაგრამ უშუალო კონკურენტს რომ ასე გააძლიერებ და ტიტულს ლანგრით მიართმევ, მერე კი ხარ ღირსი, რომ ბოლომდე კრიტიკა ისმინო.
ხელფასის შემცირებას როგორმე სუარესიც დათანხმდებოდა.
ამ ამბავს მთავარ საკითხთან მივყავართ. მატჩის წინ მესის კონტრაქტი გასაჯაროვდა და ატყდა ერთი ამბავი! აი, მესის გამო ვიძირებითო. ამ ხელწერას უკვე ვიცნობთ, ბინძური კამპანია, რომელიც ლეოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა, ისევ გრძელდება. გაჩნდა ინფორმაცია, რომ მესი ბართომეუსთვის ჩივილს აპირებს, ის კაცი წავიდა, მაგრამ ისევ თამაშშია.
ისეთი შეცდომებია დაშვებული, რომ ალბათ პატიმრობისაც ეშინიათ და ამიტომ ყველაფრის მესიზე გადაბრალება იკადრეს.
ჯერ არ უკადრებიათ თუ რა?!
მესი
ლეოს თავიდანვე ეტყობოდა, რომ მოტივირებული იყო. თითქოს უნდოდა დაემტკიცებინა ის, რაც ვიქტორ ფონტმა განაცხადა – მესი თითოეულ გამომუშავებულ ევროს იმსახურებს. გოლამდე ორი კარგი მომენტი ჰქონდა, პირველ შემთხვევაში მომეჩვენა, რომ მეკარესთან ძალიან ახლოს მივიდა, ალბათ ელოდა კიდეც, რომ კარიდან გამოვიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და შანსი ხელიდან გაუშვა.
მეორე შემთხვევაში ძველი გოლი გაგვახსენა, ფინალში “ესტუდიანტესთან”, მკერდით გატანილი, მეორეც აქვს ასე შეგდებული, მაგრამ უსამართლოდ არ ჩაუთვალეს, ახლა კი მესამესთან იყო ახლოს, მაგრამ სულ მცირე დააკლდა და ამასაც ალბათ თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმებდნენ. (დემბელე იყო ჩარჩენილი).
საბოლოოდ ჯარიმა მოიპოვა და თავადვე შეაგდო. არ ჩამორჩა თავის ძმაკაცს, რომელმაც ასევე ძალიან კარგი ჯარიმა გაიტანა.
ცოცხალი კედლის უკან წამოწოლილი კაცი, კარში ჩამდგარი მცველი, უკვე სასაცილოა ამის ყურება, თუმცა, საინტერესოა, შემდეგი რა იქნება, იქნებ კიდევ მოიფიქრონ რაიმე ისეთი, რაც მესის დამატებით მოტივაციას შესძენს?!
კაპიტანი კარგი იყო. უკვე ამდენი წელია, რამდენიმე ფრონტზე იბრძვის და როგორც წესი, იმარჯვებს.
დუეტი ნაპოვნია
მშვიდობით კლემან! გზა დამილოცნია სათადარიგოთა სკამისკენ, სოციალური დისტანციის დაცვით, რასაკვირველია.
როგორც იქნა, “ბარსას” ცენტრი სოლიდურად გამოიყურებოდა. ეს მაშინ, როცა არაუხო-უმტიტის დუეტი ერთად იშვიათად თუ ყოფილა მოედანზე, არადა ცენტრალურ მცველებს პირველ რიგში შეთამაშება სჭირდებათ. ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა წავიდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ განსხვავებული ტიპის მცველები არიან და კარგად აბალანსებენ ერთმანეთს.
უმტიტიმ როგორც იქნა აღიდგინა ფიზიკური ფორმა, სისწრაფეშიც მოუმატა (ალბათ წონაში დაკლების ხარჯზე) და ბურთის ამოტანის დროსაც ძველი უმტიტი გაგვახსენა.
ინიაკი უილიამსი, რომელმაც წინა ორ შეხვედრაში სისხლი გაგვიშრო, უმტიტიმ შეჭამა. დაკარგა. დაავიწყა ყველაფერი. ძალიან გამიკვირდება, რომ მომდევნო მატჩში ლანგლე ვიხილო მოედანზე. უკვე თებერვალია! ჩემპიონთა ლიგის თვეა! სულ რაღაც 2-3 კვირა და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს მივუახლოვდებით, იმ მატჩისთვის კი ნელ-ნელა ვლაგდებით, ყოველი მომდევნო ტური პსჟ-თან მატჩის რეპეტიცია იქნება.
არაუხომ ჩვეულად კარგად ითამაშა. ერთ მომენტში შეტევაში ჩაერთო და კარგი გარემარბივით გააკეთა ყველაფერი. ის გააკეთა, რასაც ჩვენი გარემარბები იშვიათად აკეთებენ და კიდევ უფრო იშვიათად გამოსდით.
შეცდომები
დაცვა მაინც რჩება პრობლემად. ჟორდი ალბამ ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორც ფინალში. პოზიცია სწორად ვერ შეარჩია და შტეგენი უშანსოდ დატოვა. მისი პროფესონალიზმიდან გამომდინარე, მაინც ვიმედოვნებ, რომ მერვედფინალისთვის კარგად მოემზადება. დიდი გამოცდა,რომ ელის, ფაქტია.
ცუდად გვაქვს საქმე მარჯვნივ. მიუხედავად იმისა, რომ მინგესამ მოგვაგებინა, საჭირო დროს ჩაერთო, მშვენიერი პასი გააკეთა და გადამწყვეტი გოლიც შევარდა, მაგრამ დაცვაში გაარღვიეს. იმდენჯერ გაკეთდა სახიფათო პასი მისი ფლანგიდან, რომ უმტიტიმ თავი ვეღარ შეიკავა, დაახლოებით ისე დაუღრიალა, როგორც მესი უყვირის ხოლმე სერჟინიო დესტს, რამდენჯერმე რომ ერთი და იმავე შეცდომას იმეორებ, ვინმემ უნდა გამოგაფხიზლოს, ალბათ კუმანს დაბალი ხმა აქვს და ლიდერები ითავსებენ ამ საქმეს.
სამი მარჯვენა მცველი (ორი ძალდატანებით) და სამივე სუსტია დაცვაში. ამას დავუმატოთ ის ამბავი, რომ ნეიმარიც და მბაპეც ყველაზე კარგად მარჯვნივ თამაშობენ. ასეთივე საფრთხის წინ ვიდექით “ბაიერნთან” მატჩის წინ, როცა დევისის შესახებ ვწერდით და მაშინ რა მოხდა, ალბათ ყველას ახსოვს.
ჯერჯერობით, ჩემი ხმა მინგესას! სხვა თუ არაფერი, რობერტოსთან და დესტთან შედარებით უფრო ხისტია და ორთაბრძოლებშიც უფრო ხშირად გამოდის გამარჯვებული.
იქამდე კიდევ დროა, მაგრამ მარჯვენა ფლანგს დიდი კითხვის ნიშანი უნდა დავუსვათ!
ტრიო დაიშალა
ამჯერად დე იონგი საყრდენზე ვიხილეთ და ჩვენმა შეტევამ უდიდესი პოტენციალი დაკარგა. მეტოქის საჯარიმოში თითქმის არ გვინახავს. ბუსკეტსი გამოგვაკლდა და ამან შექმნა პრობლემა. პიანიჩი ცუდი არ ყოფილა, მშვენივრად ითამაშა, მაგრამ უკვე ვიცით, რომ დე იონგს რვიანის პოზიცია უფრო უხდება.
პედრი ხან ბრწყინავს, ხან ვერა, მაგრამ ის, რასაც ყველა შეხვედრაში ვხედავთ, მისი ბრწყინვალე გონებაა. ერთი სიამოვნებაა იმის ხილვა, როგორ ახერხებს რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევას. ძალიან კარგი სანახავი იქნება ვერატის წინააღმდეგ. სტილით ჰგვანან, ორივე აზროვნებს, ის უფრო ხისტია, ეს უფრო ტექნიკურია, კარგი სანახაობა გველის.
თავდასხმა
ანტუანი მომენტის კაცია. ხანდახან ეგეც არ გამოსდის, მაგრამ ბოლო დროს გამოსდის ხოლმე და შესაქებია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არის დრიბლიორი და არც განსაკუთრებული პასის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ხასიათზე თუ იქნება, თამაშში ერთ მომენტს მაინც შექმნის და იმედია, გატანას გააგრძელებს.
აი დემბელე არაფერში არ წერია, არც ტაქტიკაში, არც ლოგიკაში, არც ჩვენს სამყაროში, უსმანი სადღაც სხვაგან არის, მიუწვდომელ გალაქტიკებში დაძრწის და შავი ხვრელი ალბათ ბურთი ჰგონია.
ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია, რასაც ხანდახან ავლენს კიდეც, მაგრამ ამდენი წელია კლუბშია და ვერავისთან ვერ შეთამაშდა. ხომ შეიძლება, ფლანგზე მცველთან შექმნა კარგი დუეტი, ან რომელიმე თავდამსხმელთან, მესისთან მაგალითად, რომელიც ისეთ პასს დაგიხატავს, როგორიც გესიამოვნება, არა! უსმანი მარტოა! მარტო უყვარს ყველაფრის კეთება, ზოროს მენტალიტეტი აქვს.
შემდეგ რეპეტიციას “გრანადასთან” გავივლით, გასვლაზე. იქნებ “ატლეტიკომაც” დაკარგოს ქულები, რომ ცოტა აზარტში შევიდეთ.




BarcaFan❤💙,
კაი რას იძახი : )
სემედუს უბრალოდ ფიზიკურად ჰგავდა : )))
იმედია ლენგლეს პსჟსთან არ ათამაშებს კუმანი და უმტიტი არაუხოს დუეტი იქნება თორე ლენგლე სწრაფიც არაა და თან ზოგჯერ მგონია რო ვერ აზროვნებს და 2 წლის ბავშვივით უშვებს არსაიდან მოტანილ შეცდომებს
me da barca,
გეთანხმები. უბრალოდ ბოლოში კარგი აქცენტი დასვა ავტორმა – ვერავისთან ვერ შეთამაშდა. უსმანს ან უფრო ნელი ფეხბურთი უნდა ან კონტრშეტევაზე აწყობილი გუნდი. სადაც სისწრაფის გამო აზროვნებას არ მოთხოვენ. მთელი მისი სინელე ხომ აზროვნების სინელის ბრალია
ერთი სიამოვნებაა ფეოლას მიმოხილვების კითხვა
ცოტა ზედმეტად ხო არ ნადგურდება დემბელე? არც ეგეთი კატასტროფაა
ალბამ აუღებელი დაურტყა შტეგოს. 😅
უსმანა, რომ დარჩეს იმ გალაქტიკაში არა?🚀
პსჟსთან რობერტო უნდა დადგეს მარჯვნივ, ათმაგად მოტივირებული იქნება და შეიძლება ისევ თხაროს გადამწყვეტი გოლი, უყვარს დიდ თამაშებში თავის გამოჩენა, დესტისგან და მინგესასგან განსხვავებით გამოცდილება აქვს და ტვინიც
მაგაში გეთანხმები და თან გამოუცდელია დესტი და მინგესა ასევე არივარგებს სისწრაფეში აუკლებს ნეიმარი მარა დესტი იმიტო ჯობია რო დადგეს სისწრაფეში გაუწევს ნეიმარს კონკურენციას
შურისძიება არა კიტრი, სადაც მკსაგები იყო იქ ჩაისვარეს და თასი დათმეს
პსჟსთან რობერტო უნდა დადგეს მარჯვნივ, ათმაგად მოტივირებული იქნება და შეიძლება ისევ თხაროს გადამწყვეტი გოლი, უყვარს დიდ თამაშებში თავის გამოჩენა, დესტისგან და მინგესასგან განსხვავებით გამოცდილება აქვს და ტვინიც
ანალიზში 10+!!!💪💪
მე რომ ამ ხელმძღვანელობის ადგილზე ვიყო გუნდიდან სულ წიხლის კვრით გავყრიდი: ლენგლე, შლანგ დემბელეს, გრიზმანს.
"მშვიდობით კლემან! გზა დამილოცნია სათადარიგოთა სკამისკენ, სოციალური დისტანციის დაცვით, რასაკვირველია"
"უსმანი სადღაც სხვაგან არის, მიუწვდომელ გალაქტიკებში დაძრწის და შავი ხვრელი ალბათ ბურთი ჰგონია"
კარგი იყო!
მიყვარს ფეოლას სტატიების კითხვა
დემბელეს ყურება აღარ შემიძლია, რას დაბოდიალობს, რა უნდა გაგიჟდება კაცი.
კუმანი სუარესის გაშვების გამო გასაკრიტიკებელი კი არა მოსაკლავია,ახლა რომ ბრეითუეიტი ატარებს ცხრა ნომერს რომელიც ვერასდროს მიაღწევს სუარესის დონეს,ცხრა ნომერი მაისურის მორგება არ ნიშნავს რომ სუარესს უტოლდება ან გაუტოლდება ოდესმე.დემბელეზე ჯერ კიდევ როდის ვთქვი სულ სხვა გალაქტიკიდანაა თქო,მთელი 90 წუთი სხვა განზომილებაში იმყოფება თამაშის დროს და დასრულების მერე უბრუნდება დედამიწას.უსმან დემბელე კი არა უსმან დებილია.ალბას რაც შეეხება მართალია გუშინ დიდი შეცდომა დაუშვა და როგორც პროფესიონალს არ ეკადრებოდა მაგრამ შეცდომა ყველას მოსვლია.ლანგლეს კიდევ უმტიტის დაბრუნების შემდეგ იმედია სამუდამოდ მიესაჯა კუთვნილ ადგილზე ჯდომა რომელსაც სახელად სათადარიგოთა სკამი ჰქვია.ერთადერთი მინდოდა ვილალიბრე თავიდანვე ყოფილიყო მოედანზე რომ გადაევლოთ მაგისთვის,მაგრამ ისიც მაკმაყოფილებს რომ ჯერ პირადად მესიმ გაუტანა ბილბაოს და მაგ მომენტში მინდოდა დამენახა მისი სახე და მეორე გრიზმანის გოლის შემდეგ.
კი მოვიგეთ მარა მთლად გემრიელად უნდა მოგვეგო 3-4 გოლი უნდა გაგვეტანა
პსჟ-სთან უმტიტი-არაუხო უნდა დადგნენ უეჭველი
კარგია დაცვის ცენტრიც რომ ვიპოვნეთ. ნახევარდაცვაც ვიცით. ფეოლა სადღაც მართლა გეთანხმები, მინგესას თუ ჭკუაზე მოიყვანენ ჯერჯერობით მართლა სჯობია დესტსაც და რობერტოსაც! აშკარად უფრო ხისტია ეგ კიარა და მსაჯსაც ეგ უფრო უჩმახებს ხოლმე😂. წინ წავსლისას დრიბლინგზე არც ფიქრობს, თუმცა დესტისგან განსხვავებით ბურთს უფრთხილდება და მესისაც კარგად უგებს. აი შეტევაში გვაქვს ახლა დასალაგებელი საქმე. დემბელეს ეს ამოვარდნილობა არ გამოგვადგება პსჟ-სთან, უნდა გადააწყვეტინონ ბოლოსდაბოლოს ან გუნდი ან წაბრძანება! ფატი რომ დაბრუნდება მაგას უმარტივესად ამოაგდებს❤️ ვიქონიოთ იმედი რომ მეორე თამაშში მაინც დაბუნდება პსჟ-სთან.
აი მარჯვენა ფლანგი მართლა სანერვიულოა და ჩემი ხმაც მინგესას, უბრალოდ სხვა გზა არაა, რობერტოს მარჯვენა მცველობა არ გაიშვას, დესტი კიდე ჯერჯერობით ძალიან სუსტია, ვერ არის ისეთი გამბედავიდა თავისუფალი, მინგესაც ბევრ შეცდომებს უშვებს მაგრამ მგონია რომ დესტსაც და რობერტოსაც აჯობებს დაცვის კუთხით(ჯობიაკიდეც), იქნებ მანამდე კიდევ უფრო გამოფხიზლდეს და მოუმატოს