“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირა რჩება. Barcamania.ge საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენას იწყებს.
ამ რუბრიკაში ჩვენ შევეცდებით ახლოს გაგაცნოთ არა მხოლოდ კონკრეტული კანდიდატები, არამედ ჩვენი საყვარელი კლუბის სტრუქტურა. გავიგოთ, როგორ მუშაობს ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტული კლუბი მოედნებს მიღმა და აღმოვაჩინოთ, თუ რა აქვს მას განსაკუთრებული.
ამ რუბრიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ინტერივუების სერია, რომელიც ჩაწერილია სპეციალურად “ბარსელონას” არაესპანური ოფიციალური ფანკლუბებისთვის. კითხვები გაგზავნილია ოფიციალური ფანკლუბის წევრებისგან, მათ შორის ჩვენი ფანკლუბის წევრებისგანაც.
ინტერვიუები ძირითადად ეხება “ბარსელონას” ურთიერთობას უცხოელ გულშემატკივრებთან და ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.
ინტერვიუები საკმაოდ ხანგრძლივია. თითო მათგანი საათზე მეტხანს გრძელდება და საკითხები დეტალურადაა განხილული. ეს სერია განსაკუთრებით დააინტერესებთ მათ, ვისაც სურს “ბარსელონას” შესახებ მიიღოს ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტში ვერ მოიძიებს.
ინტერვიუების ეს სერია ქართულ ენაზე მხოლოდ ჩვენს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ.
პირველი კანდიდატი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ჩვენი შეფასებით ყველაზე საინტერესო პიროვნებაა – ჩავიერ ვილაჟოანა ედუარდო, კლუბის წევრი N 31 330.
საპრეზიდენტო სლოგანი: Futur amb ADN Barça (მომავალი “ბარსას” დნმ-თან ერთად).
ჩავი ვილაჟოანა 47 წლისაა. მას საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს.
ვილაჟოანა ყოფილი ფეხბურთელია. ის “ლა მასიას” სკოლის აღზრდილია, მაგრამ მისი მაქსიმუმი “ბარსელონა C” (იყო ასეთი გუნდიც) გამოდგა. სამაგიეროდ ვილაჟოანა წარმატებული აღმოჩნდა ფუტზალში და ის “ბარსელონას” კაპიტანიც კი იყო. თავად ვილაჟოანას თქმით, ის კლუბის ისტორიაში ერთადერთია, ვინც პროფესიონალურ დონეზე სპორტის ორ სახეობაში ითამაშა.
სპორტული კარიერა 2001 წელს დაასრულა, 2 წლის შემდეგ კი “ბარსელონაში” დაბრუნდა, როგორც ჟოან ლაპორტას გუნდის წევრი. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ფუტზალის მიმართულება ებარა, შემდეგ კი თანამდებობა დატოვა.
ვილაჟოანა კლუბში როსელის გაპრეზიდენტების შემდეგ, იგივე თანამდებობაზე დაბრუნდა, ბართომეუს დროს კი ახალგაზრდული სისტემა, მოგვიანებით კი ქალთა ფეხბურთი ჩაიბარა.
ჩავი ვილაჟოანა “ბარსელონას” ბოლო 3 მმართველობის წევრი იყო. მანამდე კი, ხოსეპ ლუის ნუნიესის პრეზიდენტობის დროს, მისი მამა “ბლაუგრნაში” 18 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ბართომეუს პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში, როდესაც აშკარა იყო, რომ პრეზიდენტი კლუბს მალე დატოვებდა, ვილაჟოანას შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ის ბართომეუს ბორდის წევრად მაინც ბოლომდე დარჩა. თავად ვილაჟოანა აცხადებს, რომ გადადგომა პირადად მას არგებდა და არა კლუბს, ჩვენ კი მიზეზი სხვა რამ გვგონია…
იმისათვის, რომ “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, საჭიროა საგარანტიო თანხა წარმოადგინო. ეს თანხა კლუბის შემოსავლების მიხედვით პროპორციულად იზრდება. ამ არჩევნებზე დაახლოებით 125 მილიონი ევროა. პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები ან თავად არიან წარმატებული ბიზნესმენები, ან პარტნიორები ჰყავთ ასეთი და ისინი ხსენებული თანხის წარმოდგენას შეძლებენ, ვილაჟოანა კი ვერ შეძლებდა. ამიტომ მას გამონაკლისით სარგებლობა დასჭირდა. გამონაკლისი კი შემდეგია – საგარანტიო თანხის წარმოდგენა არ ევალება იმ კანდიდატს, რომელიც ბოლო დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ვილაჟოანა, გადადგომის შემთხვევაში, ამ უპირატესობას დათმობდა, დღეს კი ის კანდიდატებს შორის ერთადერთია, რომელსაც 125 მილიონის გარანტიის სახით წარმოდგენის ვალდებულება არ აქვს.
ვილაჟოანა პროგრამის გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ ის აქცენტის “ლა მასიაზე” გაკეთებას აპირებს.
ჩავი ვილაჟოანა ასახელებს 10 მიზეზს, რომელთა გამოც ამომრჩევლებმა ხმა სწორედ მას უნდა მისცენ:
- კლუბში 20 წელზე მეტია ვმუშაობ. ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც კლუბის ორ სექციაში, ფეხბურთსა და ფუტზალში უთამაშია. ფეხბურთის, “ლა მასიისა” და ქალთა ფეხბურთის სექციებში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ამ წლებში დაგროვილი გამოცდილების წყალობით, მე კლუბს იმაზე უკეთ ვიცნობ, ვიდრე სხვა კანდიდატები. კლუბმა ეს გამოცდილება უნდა გამოიყენოს.
- ჩვენი პოლიტიკა დამყარებული იქნება პირველ გუნდში კლუბის აღზრდილი ფეხბურთელების როლის გაზრდაზე. წესდების მიხედვით გავალიძერებთ ეკონომიკურ კომისიას, რომელიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და კლუბის ეკონომიკური სტაბილურობა რისკის ქვეშ აღარ დადგება. ამ კომისიის წევრები თანამედროვე მსოფლიოს ეკონომისტები და ფინანსიტების იქნებიან. მას უფლება ექნება დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვეტო დაადოს.
- დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში პირველი გუნდის წევრების 50% ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელები იქნებიან. ზუსტად ვიცი, თუ რა ნიჭი აქვთ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგს უკვე ვხედავთ. ამის მაგალითი ანსუ ფატია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს აღზრდილ ფეხბურთელებს შანსი მივცეთ.
- მოკლე და გრძელვადიან პერსპქტივებში ჩვენი პროექტის ქვაკუთხედი “ლა მასია” იქნება. მომავლის “ბარსას” წარმატებისთვის ეს აუცილებელია. მეთოდოლოგიის დეპარტამენტი პაკო სეირულოს ხელმძღვანელობით განაგრძობს მუშაობას იმისათვის, რომ თამაშის ჩვენი სტილის გაგრძელების გარანტია გვქონდეს. ტალანტების მოძიების არეალს გავაფართოვებთ და მოვიცავთ როგორც ესპანელ, ასევე უცხოელ მოთამაშეებს. დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ ბავშვთა მწვრთნელებს. თუ არ გვეყოლება საუკეთესო მწვრთნელები, არ გვეყოლება არც საუკეთესო ფეხბურთელები. ეს ასევე დაგვეხმარება იმაში, რომ სამომავლოდ შეიქმნას მწვრთნელების ბაზა, რომელთა პირველ გუნდში დაწინაურებაც იქნება შესაძლებელი.
- უფრო და უფრო მეტი ქალი წევრი გვყავს კლუბში და მათი ხედვები “ბარსელონას” მართვაშიც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ არა მხოლოდ ქალი წარმომადგენლები გვეყოლება დირექტორთა საბჭოში, არამედ ქალთა სპორტის განვითარებასაც განვაგრძობთ, როგორც ფეხბურთში, ასევე სხვა სექციებშიც. “ბარსას” ქალთა საფეხბურთო გუნდმა ევროტურნირის მატჩები და “კლასიკოები” “კამპ ნოუზე” უნდა ჩაატაროს.
- კლუბის ეკონომიკური მიმართულება გამჭვირვალე იქნება. ამით მივაღწევთ იმას, რომ წევრები კლუბის მართვაში რეალურად ჩაერთვებიან. პირობას ვდებთ, რომ სახელფასო ფონდი არაცერთ შემთხვევაში არ გადააჭარბებს კლუბის ბიუჯეტის 50%-ს. 31 წელს გადაჭარბებულ ფეხბურთელებთან მაქსიმუმ 2-წლიან კონტრაქტებს გავაფორმებთ. ფეხბურთელების ბონუსები კი მათ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. კლუბის ვალს მნიშვნელოვნად შევამცირებთ. აქცენტის კლუბის აღზრდილ ფეხბურთელებზე გაკეთება და სახელფასო ლიმიტები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გაუმართლებელი ტრანსფერები თავიდან ავიცილოთ და კლუბის ვალი შევამციროთ. შემოსავლის 5-10%-ს მოგებად ვაქცევთ. ამ მიზნის მისაღწევად დირექტორთა საბჭოში გვეყოლება წევრები, რომლებიც ბიზნესის ახალ გზებზე იმუშავებენ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბიზნესის ციფრული მიმართულებები. დირექტორთა საბჭოში გვეყოლება კომერციის, ციფრული მიმართულებისა და სტრატეგიის ვიცე-პრეზიდენტი.
- ახალი “კამპ ნოუ” კლუბის წევრებს, მხარდამჭერებსა და ფანებს უნდა აერთიანებდეს. ასე უნდა იყოს წელიწადში 365 დღის განმავლობაში. მომავლის “კამპ ნოუ” პრიორიტეტი უნდა იყოს. ყველა პროექტი შეფასდება მისი ეკონომიკური გავლენისა და კლუბის შესაძლებლობების ფარგლებში. საბოლოო გადაწყვეტილებას კი კლუბის წევრები ასამბლეაზე ან რეფერენდუმზე მიიღებენ.
- კლუბს მის წევრებთან და გულშემატკივრებთან უფრო დავაახლოვებთ. ამას მკაფიო პირდაპირი კომუნიკაციით გავაკეთებთ. მათი აზრის გასაგებად ელექტრონულ კონსულტაციებს შემოვიღებთ. პერიოდულად სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრებს გავმართავთ და მათთან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვისაუბრებთ. უპირველესად კი მათი აზრის მოსმენაზე ვიქნებით კონცენტრირებული. სანამ მნიშვნელოვანი საკითხები გენერალურ ასამბლეაზე მოხვდება, გვექნება გამოკითხვები ალტერნატიული ვარიანტებისთვის.
- “ბარსელონა” უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს სპორტის ყველა სახეობაში. სპორტის სხვადასხვა სექციებს ძველ ფილოსოფიას დავუბრუნებთ. აუცილებელია, რომ კლუბში დავაბრუნოთ ისეთი სპორტსმენები, როგორებიც არიან ბარუფეტი, ნავარო, ვიქტორ ტომასი, ჟორდი ტორესი, ეგუროლა… შევისწავლით, როგორ უნდა მოვახერხოთ სამოყარულო სპორტის განვითარება.
- ბავშვების დახმარება პრიორიტეტებს შორის უნდა დარჩეს. შემოსავლის მინიმუმ 1% საქველმოქმედო ფონდს მოხმარდება. ჩემი პრეზიდენტობის ვადაში ფონდის აქტივობები გასამმაგდება. “ბარსა” არის და იქნება მეტი ვიდრე კლუბი.
ახლა კი გთავაზობთ შეპირებული ინტერვიუს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს:
საზღვარგარეთ მცხოვრები კლუბის წევრებისთვის არჩევნებში ან სხვა დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მიღება რთულია, პანდემიამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? ხომ არ აპირებთ ხმის ფოსტით, ან ელექტრონულად მიცემის დანერგვას? თუ თქვენი პასუხი დადებითია, გაქვთ თუ არა უკვე კონკრეტული გეგმა ამ მიმართულებით?
მიმაჩნია, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემა შესაძლებელია. უფრო სწორად, ეს შეიძლება გახდეს შესაძლებელი. პრობლემა ისაა, რომ არცერთ კანდიდატს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან საბოლოო ჯამში საქმე მხოლოდ კლუბის წესდების ცვლილებას არ ეხება. ხმის ფოსტის საშუალებით მიცემის შემთხვევაში საქმე კანონთან გვაქვს და კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ხმის ფოსტით მიცემა მიღწევადი მიზანია. თუმცა, ეს პროცესი “ბარსელონა” შიდა რეგულაციებშიც უნდა ჯდებოდეს. ალაბთ იცით, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ 12 დღის განმავლობაში გრძელდება. 11 იანვრამდე ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატებიც კი არ გვყავს, გვყავს წინასწარი კანდიდატები. მიმაჩნია, რომ საჭიროა ეს დრო უფრო გაიზარდოს და ჩვენი არჩევნები კლასიკურ არჩევნებს დაემსგავსოს.
არიან “ბარსელონას” ფანკლუბები, რომლებიც ესპანეთისგან შორს მდებარეობენ. ამ ფანკლუბების წევრები ვერ სარგებლობენ ფასდაკლებებით თამაშის ბილეთებზე, მაღაზიაში, მუზეუმში და ა.შ. ბევრ მათგანს აქვს განცდა, რომ მეორადი გულშემატკივრები არიან. ბევრ მათგანს “ბარსელონას” მიერ მიცემული პრივილეგიებით სარგებლობა არ შეუძლია. მაგალითად, ისინი ვერ იღებენ “ბარსელონას” პერიოდულ ჟურნალს. ყველა გულშემატკივარს უხარია, როდესაც კლუბისგან ოფიციალურ ჟურნალს ფოსტით იღებს, მაგრამ ეს ჟურნალი ესპანეთის ფარგლებს გარეთ არ იგზავნება. კლუბის პოზიციაა, რომ გულშემატკივრებს შეუძლიათ ჟურნალი ინტერნეტიდან გადმოწერონ, მაგრამ ეს იგივე არაა.
გეთანხმებით, ეს იგივე არაა. ეს ის საკითხია, რაზეც ჩემი პოზიცია უკვე დაფიქსირებული მაქვს. თუ ბიუჯეტი არ გახრჩობს, შეგიძლია ჟურნალის ნაბეჭდი ვერსია საზღვარგარეთაც დააგზავნო. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? გავიხსენოთ პენიისტა ბარათები, რომელშიც თითო წევრი 2 ევროს იხდის. ამ მიმართულებით გეგმა უკვე გვაქვს. მარკეტინგის განყოფილებაში გვეყოლება ადამიანი, რომელსაც პენიისტა ბარათების სპონსორის მოძიება დაევალება.
ბოლო წლებში ბევრ გულშემატკივარს გაუჩნდა განცდა, რომ ქომაგები ფეხბურთელებისგან დისტანცირებულები არიან…
ეს გასაკვირი არაა, რადგან რეალობაა. ასე არ უნდა ხდებოდეს. მე ყოფილი ფეხბურთელი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს გულშემატკივარი. ზოგჯერ “პანჩურის ამორტყმა” საჭიროა. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რამდენად დიდია “ბარსა” და ასეთი დიდია მისი წევრების, გულშემატკივრებისა და ფანების დამსახურებით. მათ გარეშე ფეხბურთელები არ იქნებოდნენ ისინი, ვინც დღეს არიან. ვინც მიცნობს, იცის, როგორი ადამიანი ვარ. იცის, რომ ყვითელი ბარათის 20-ჯერ ჩვენების ნაცვლად პირდაპირ წითელ ბარათს ვაჩვენებ. კონტრაქტით ფეხბურთელებს აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს. ხშირად ყოფილა, როდესაც გუნდთან ერთად ვმგზავრობდი და ვატყობდი, რომ მძღოლი აპირებდა ავტობუსი გულშემატკივრებისგან მოშორებით გაეჩერებინა, მე კი ვამბობდი, რომ გულშემატკივრებთან უნდა გავაჩეროთ, როგორც ამას ყველა აკეთებს.
აპირებთ კლუბის ამჟამინდელი სტრუქტურის შენარჩუნებას? კლუბის მფლობელები მომავალშიც გულშემატკივრები იქნებიან?
ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. თუ რამემ ეს კლუბი ასეთ სიმაღეზე აიყვანა, ეს მოდელია. თუმცა, რთულ პერიოდებში, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ზოგიერთმა შექმნილი მდგომარეობა სათავისოდ არ გამოიყენოს. ასეთ დროს ხალხი ცდილობს გულშემატკივრებისა და კლუბების სისუსტით ისარგებლოს, ეს კი დაუშვებელია. მაგალითად, ამჟამინდელი რეგულაციით, არჩეულმა პრეზიდენტმა, ჩემი შემთხვევის გარდა, უნდა წარმოადგინოს 150 მილიონი ევროიანი გარანტია. კანდიდატს მოუწევს ეს ფული ვინმეს გამოართვას და როგორც წესი ამხელა ფულს არაფრის გამო არავინ მოგცემს, ეს კი კლუბზე გავლენის არსებობის რისკებს ქმნის. ჩემ შემთხვევაში მქონდა იმის ფუფუნება, რომ დირექტორთა საბჭოს შერჩევისას აქცენტი დირექტორების უნარებზე გამეკეთბინა და არა მათ საბანკო ანგარიშებზე.
რას გვეტყვით კლუბში გაწევრიანების პროცედურაზე? ამჟამინდელი რეგულაციით, კლუბის წევრობისთვის აუცილებელია, რომ ახლო ნათესავი გყავდეს კლუბის წევრი, ან 3 წლის განმავლობაში ფლობდე Commitment ბარათს, ან პენიისტა ბარათს.
ეს მშვენიერია. სანამ ადამიანი კლუბის წევრი გახდება, ის პენიისტას მოძრაობის წევრი უნდა იყოს. მან უნდა იგრძნოს, რას ნიშნავს იყო პენიას წევრი.
რა ძირეულ ცვლილებებს განახორციელებთ კლუბში? როგორი სტრუქტურა, როლებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება გექნებათ?
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტობა გადავწყვიტე, არის ის, რომ ჩვენი დამაარსებლის, ჟოან გამპერის შემდეგ არასდროს გვყოლია პრეზიდენტი, რომელიც ადრე პროფესიონალი ფეხბურთლი იყო. მიმაჩნია, რომ დადგა დრო, გვყავდეს პრეზიდენტი თავისი სპორტული კრიტერიუმებით, რომელსაც რაღაც საერთო ექნება იმ ადამიანებთან, რომლებმაც კლუბი ასეთ სიმაღლეზე აიყვანეს – იოჰან კრუიფთან, პეპ გვარდიოლასთან და ა.შ. ვისაც თამაშის გამოცდილებაც აქვს და ცოდნაც.
ხომ არ აპირებთ ფინანსური კრიზისის დასაძლევად “ბარსელონას” საკუთრების ნაწილის გაყიდვას?
არა.
პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში თუ ჩაატარებთ ფინანსურ აუდიტს?
ეს აუცილებელი არაა, რადგან აუდიტს ყოველწლიურად ახორციელებს დიდი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი ორგანიზაცია.
როგორ უყურებთ მესის გარშემო შექმნილ სიტუაციას?
როგორც უკვე აღვნიშნე, არცერთი ფეხბურთელი თუ პრეზიდენტი, როგორი წარუშლელი კვალიც არ უნდა ჰქონდეს მას კლუბის ისტორიაში დატოვებული, “ბარსაზე” მაღლა არ დგას. ყველა ფეხბურთელი მიდის კარიერის დასასრულამდე. ასეთ დროს კი მოთამაშის როლი უნდა შეიცვალოს. მესის როლი ისეთი აღარაა, როგორიც 10 წლის წინ იყო. შეცდომა იქნება, ვიფიქროთ, რომ მას იგივე როლი აქვს. შექმნილ ვითარებაში, მას უნდა ვკითხოთ, სურს თუ არა კარიერის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გაგრძელება. მოტივაციის გარეშე შედეგები არ არსებობს. ეს ყველაზე მეტად შესამჩნევი ხდება გაშვებული გოლის შემდეგ, როდესაც გუნდს ჩამორჩენის აღმოფხვრა ჭირდება და წელს ჩვენ ეს ბევრჯერ დაგვემართა. არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ მოვახერხეთ. ძრავის ყველაზე კარგი საწვავი მოტივირებული კაპიტანია და როგორც ჩანს, მესი ასეთი არაა. პირველი, რაც მასთან დაკავშირებით უნდა გავაკეთოთ, პირდაპირ ვკითხოთ, თუ რას აპირებს. ჩემი მიზანია ეს მასთან პირისპირ საუბრით გავაკეთო. მისი გარემოცვის არცერთი წევრის ტელეფონის ნომერი არ მაქვს. მესისთან პირისპირ საუბარს ვაპირებ. თუ პრეზიდენტი გავხდები, ვერცერთ ფეხბურთელს ჩემთან კონტაქტი ბიუროფაქსით ვერ ექნება.
ბოლო დროს “ბარსელონამ” ბევრი სკაუტი გაათავისუფლა. მიგაჩნიათ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო? როგორ უყურებთ სკაუტებთან დაკავშირებით კლუბში შექმნილ სიტუაციას?
სკაუტინგის რემოდელირება საკმაოდ რთული პროცესი იყო და ამაში დიდი დრო დავხარჯეთ. ადრე აქცენტი რაოდენობაზე კეთდებოდა და არა ხარისხზე და არ შეიძლება ეს სწორი გზა იყოს. სკაუტების დეპარტამენტი პოტენციურ შენაძენეზე დაახლოებით 4 ათას რეპორტს ამზადებდა. თუ მსოფლიოში “ბარსას” შესაფერისი 4 ათასი ფეხბურთელი არსებობს, ეს კლუბის პრობლემაა. ასეთი ფეხბურთელი შეიძლება იყოს 12 და მათგან მაქსიმუმ 3 აღმოჩნდეს “ბარსელონაში”. არ შეიძლება ასეთი 4 500 ფეხბურთელი არსებობდეს. რეფორმის შემდეგ კი აქცენტი რეპორტების ხარისხზე გაკეთდა და არა რაოდენობაზე. თუ რომელიმე ფეხბურთელი თავს გამოიჩენს, ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება და იტყვის, რომ ამ მოთამაშეზე “ბარსას” თავის დროზე რეპორტი გაუგზავნა. რა თქმა უნდა, როდესაც წლის განმავლობაში 4 ათასი რეპორტი იქმნება, მათ შორის ყველა ფეხბურთელი მოხვდება. მაგრამ კარგია ის სკაუტი, რომელიც რეპორტს 3-4 ფეხბურთელზე მოამზადებს და რომელიც ტექნიკურ დირექტორს დაარწმუნებს.
როგორ გაამხნევებდით გულშემატკივრებს შექმნილ სიტუაციაში, როდესაც კლუბს ამდენი პრობლემა აქვს? როდესაც საქმე “ბარსას” თამაშის ყურებაზე მიდგება, თუ ადრე მოგებაში დარწმუნებულები ვიყავით, ახლა ცოტათი ეჭვი გვეპარება.
ჩვენ ბარსელონისტები ვართ, კულეები, ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ, მაგრამ მაინც ოპტიმისტები ვართ. მარტივად მოსაგები თამაში არცერთი არაა. მართალია, რომ მოვდივართ იმ დროიდან, როდესაც მოგებებს მიჩვეულნი ვიყავით, მაგრამ ყველა ვაღიარებთ, რომ ეს არარეალური მიღწევები იყო. ასეთი დონის 15-20 წლის განმავლობაში შენარჩუნება ძალიან რთულია. გუნდს მომატების დიდი რესურსი გააჩნია, პროგრესი გაგრძელდება. გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. სწორედ ამის გამო მომავალს იმედით ვუყურებთ და მიმაჩნია, რომ ყველა ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ვინაიდან “ლა მასიას” საქმე გებარათ და ყველა ფეხბურთელს იცნობთ, იქნებ გვითხრათ, რომელ ახალგაზრდა მოთამაშეზე უნდა ვამყარებდეთ იმედებს?
კონკრეტულ ფეხბურთელებს არ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია დაგიწეროთ ასაკობრივ გუნდებში მოთამაშე 11 ფეხბურთელი, ეს ფურცელი 3-4 წელი შევინახოთ და შემდეგ ვნახოთ, 2-3 მათგანი მაინც თუ არ იქნება პირველ გუნდში. ჩვენს კლუბში უდიდესი პოტენციალია. მაგალითად ანსუ ფატი, რომელიც ახლა ყველამ იცის, მაგრამ 2 წლის წინ მის შესახებ არავინ იცოდა. ანსუს “ლა მასიაში” 5 წელი ჰქონდა გატარებული. საინტერესოა, რომ სწორედ ამ დროის განმავლობაში მებარა მე ეს საკითხი. ასეთივე სიტუაციაა დე ლა ფუენტესა და მინგესას შემთხვევაში, მათ არავინ იცნობდა.
უკვე გყავთ თუ არა შერჩეული მწვრთნელი გუნდისთვის?
მიმაჩნია, რომ სეზონის შუაში ახალ მწვრთნელზე საუბარი უგუნურება იქნებოდა. კუმანი საკმაოდ ცოტა ხანია გუნდს სათავეში უდგას. ის გაბედული სპეციალისტია, რომელიც ახალგაზრდებს ენდობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ გუნდს სათავეში ედგეს გაბედული მწვრთნელი, რომელიც ახალგაზრდებს ენდობა. ახალგაზრდა მოთამაშეებს ყველაზე მეტად ნდობა ჭირდებათ.
რა აზრის ხართ “კამპ ნოუს” განახლებაზე?
ეს ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენი გეგმა გუშინ წარვადგინეთ. ჩვენი აზრით, უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ ხალხი “კამპ ნოუზე” ვერ დადის. განახლებას, სავარაუდოდ, 2 წელი დასჭირდება. “კამპ ნოუ” უნდა იქცეს სივრცედ, რომელიც წელიწადში 365 დღის განმავლობაში ღია იქნება და არა მხოლოდ თამაშების დროს. სამომავლოდ კი ეს შემოსავლის დამატებითი წყარო იქნება. თუ დღეს არ დავიწყებთ, კონკურენციაში დავმარცხდებით.
როგორც ჩანს, Espai Barca-ს ამჟამინდელი სახით განხორციელებას აპირებთ.
ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, რადგან Espai Barca ბევრ პროექტს ითვალისწინებს. “კამპ ნოუ” აბსოლუტური პრიორიტეტია, რადგან ის უკვე საკმაოდ ძველია, ჩვენ კი 21-ე საუკუნის სტადიონი გვჭირდება და იმიტომაც, რომ განახლებული სტადიონი გაცილებით მეტ შემოსავალს მოიტანს. შემდეგ მოდის “პალაუ ბლაუგრანა” სპორტის სხვა სახეობებისთვის. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ კლუბის წევრების წყვეტენ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი.
დათანხმდებით ფულის სანაცვლოდ “კამპ ნოუს” სახელის შეცვლას?
ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, სტადიონს ჩვენი დამაარსებლის, ჟოან გამპერის სახელს დავარქმევდი. ამის მცდელობა ერთხელ უკვე მქონდა, მაგრამ დიქტატურის დროს ეს ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, ეს კლუბის წევრების გადასაწყვეტი საკითხია.
მომდევნო კანდიდატი, რომლის ინტერვიუსაც წარმოგიდგენთ, ყველასთვის ცნობილი ჟოან ლაპორტა იქნება.
ლაპორტასთან შანსი არ აქვს არცერთ კანდიდატს, მაგრამ აი ფონტი მაფიქრებს მასაც მგონი არანაკლები შანსი აქვს გამარჯვების.
ლაპორტასთან უბრალოდ შანსი არ აქვთ
ყველას კარგი დაპირებები აქვს მაგრამ მაინც ტყუილად წვალობენ ლაპორტას წინააღმდეგ😉
ნაციონალ მაჟორიტარობის კანდიდატს გავს ტიპაჟით, დგომა, გამოხედვა,მანერები

ლაპორტა რა ვილაჟოანა თუ ვიღაც
მეც ეგ გავიფოქრე სტატია რომ ვნახე.
ვილაჟოანა არ მიღირს იმად, რომ ამხელა სტატია წავიკითხო.
აიაქსის იგრას ვუყურებ, აი რა თემაა. მართლა მომწონს ეგ სტილი კი, მარა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რო დღევანდელ ფეხბურთში ძაან ბევრი გუნდი გაგამწარებს და ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია. კუმანის ბარსას რო ჰყავდეს შესაბამისი იგროკები გაცილებით მრავალფეროვანი და სწორი ტაქტიკაა. მთელი იგრა ბურთის თრევა მართლა აღარ ჭრის, როცა საჭიროა უკანაც უნდა ჩადგე.