კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა, არც ამჯერად დაიშურა საქებარი სიტყვები კატალონიური გრანდის მიმართ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
ცნობილმა “მფრინავმა ჰოლანდიელმა” განაცხადა, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერები” ახლა ბევრად უკეთესად თამაშობენ ვიდრე წინა სეზონებში.
“ბარსელონამ” წელს საუცხოო შედეგი და თამაში აჩვენა. გუნდი გახდა ქვეყნის ჩემპიონი და მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი – ჩემპიონთა ლიგა. მათ ესპანეთის თასის ფინალში გასვლაც მოახერხეს, თუმცა იქ ძალიან ძლიერ “რეალთან” დამარცხდნენ. კატალონიურმა გუნდმა სეზონი თითქმის სრულყოფილად ჩაატარა. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი “ბარსელონა” ბევრად უკეთესად თამაშობს, ვიდრე გვარდიოლას მწვრთნელობის პირველ ორ წელიწადს”. დაასრულა იოჰან კრუიფმა.
