თავი II. “ბარსას” კანტერაში გატარებული წლები (გაგრძელება)
6 წლის ასაკში ლა საიე ბანანოვას სკოლაში მივედი პირველ კლასში. იქ ის ადამიანი გავიცანი, რომელიც შემდეგ ჩემს საუკეთესო მეგობრად იქცა – ალბერტ პედრეტზე ვსაუბრობ.
მასწავლებლები ანბანის მიხედვით სვამდნენ ბავშვებს კლასში, ჰოდა მე და ალბერტს მუდამ ერთ მერხზე გვიწევდა ჯდომა. დღესაც მახსოვს ერთმანეთს რომ შევხვდით პირველი რა მკითხა: “გიყვარს ფეხბურთი?”.
ვფიქრობ, ჩვენი ასე სწრაფი დამეგობრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. ფეხბურთი ჩვენი ძმაკაცობის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. საშინაო დავალებებს ერთად ვამზადებდით, სასკოლო ღონისძიებებზეც განუყრელნი ვიყავით, სკოლის ეზოში ყოველთვის ერთ გუნდში ვთამაშობდით და ვიდეოთამაშ “ფეხბურთსაც” არ ვივიწყებდით. ბავშობაში ვის არ უთამაშია ეს თამაში?! მაგარი ჩათრევა იცოდა. საბოლოო ჯამში განუყრელ მეგობრებად ვიქეცით.
ყველაზე დასამახსოვრებელი კურიოზი, რაც მე და პედრეტს გადაგვხდა, ხატვის გაკვეთილს უკავშირედბა. ჩვენს მასწავლებელს მოსწავლეების სახელების და გვარების დამახსოვრება უჭირდა. ეგ კი არა, გაკვეთილზე არაერთხელ ჩასძინებია. მე პედრეტს მეძახდა, ალბერტს კი პიკეს, მაგარი სასაცილო იყო.
ერთ მშვენიერ დღესაც, მასწავლებელმა დაინახა მე და ალბერტი რომ ვსაუბრობდით და ჩემი ძმაკაცი დაფასთან გამოიძახა: “ნუ ცუღლუტობ, შენმა მეგობარმა უკვე მიიღო ორიანი და იცოდე შენც არ აგცდება”. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ნიშნები გამოგვიცხადეს. პედრეს ორიანი გამოჰყვა, ხოლო მე ოთხიანი! ეს ყველაფერი კი გვარებთან დაკავშირებული გაუგებრობის შედეგი გახლდათ. ერთი წლის შემდეგ, ზემოხსენებულმა პროფესორმა, რომელსაც ფეხბურთი მაგრად უყვარდა, გაიგო რომ “ბარსელონაში” ვთამაშობდი და ორიანი უმალ ხუთიანად გადამიკეთა. სინამდვილეში საშინლად ვხატავდი! ჩემს მშობლებს დღესაც არ სჯერათ, რომ ხატვაში ხუთიანი გამომყვა.

სკოლა და ფეხბურთი . კვირის განმავლობაში სხვა რამისთვის დრო უბრალოდ არ მრჩებოდა. ზამთარში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად კი დავდიოდი თხილამურებზე სასრიალოდ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ერთხელაც არ მისრიალია თოვლზე. ფეხბურთელი, რომელიც ელიტას წარმოადგენს, საკუთარ თავს ვერ მისცემს თხილამურებზე დგომის უფლებას, რადგან ტრავმის მიღების და სათამაშო პროცესიდან ამოვარდნის რისკი ძალზედ მაღალია. ამასთანავე, ფეხბურთელებს სპეცეფიური კონტრაქტები აქვთ და იმ სპორტის სახეობებით დაკავება ეკრძალებათ, რომლებსაც ტრავმა შეიძლება მოჰყვეს.
ჩემი ერთ-ერთი ჰობი სოკოს საკრეფად სიარული გახლდათ. ყოველთვის მიყვარდა ქალაქგარეთ გასვლა, რათა კატალონიის ტყეებში მებოდიალა. ეხლაც, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება ხოლმე, სოლსონაში მივემგზავრები ხოლმე იმის იმედით, რომ კალათას სხვადასხვა სახეობის სოკოებით გავავსებ. ამ სფეროში ყოველთვის ბიძაჩემი ჟორდი ითვლებოდა პროფესიონალად, მამაჩემის ძმაზე ვსაუბრობ. მან ყოველთვის იცოდა, როდის იყო შესაფერისი პერიოდი სოკოს საკრეფად. თუმცა, ეს ჰობი მაინც ბაბუა პეპეტისგან გამოგვყვა, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის. თავისი შვილები სოკოს საკრეფად პირველად სწორედ მან წაიყვანა – ეს 40 წლის წინ იყო. ისეთ ადგილს მიაგნებდა ხოლმე, სადაც სოკო ბლომად იზრდებოდა. ისე, ბლაუგრანაში ეს გატაცება მხოლოდ მე როდი მაქვს, ცოტა ხნის წინ შევიტყე, რომ თურმე ხავისაც ყვარებია სოკოს კრეფა. გაგრძელება იქნება…