“ბარსელონას” მეორე გუნდმა პრესეზონის პირველი მატჩი გამართა. გარსია პიმიენტას მიერ გაწვრთნილი ფეხბურთელები სეზონისთვის მზადებას ჟირონასთან ახლოს მდებარე ტორემირონაში გადიან, სადაც სულ 10 დღეს გაატარებენ.
“ბარსა ბ” “ტონას” დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა. პირველ ტაიმში 4 ფეხბურთელის დებიუტი შედგა: მოედანზე გუსტავო მაია, იგორ გომესი, სანტი რამოსი და ალეხანდრო ბალდე გავიდნენ.
გოლები მეორე ნახევარში გავიდა და ძირითადად, ხუან მირანდას აქტიურობას მოჰყვა, რომელიც იჯარით “შალკეში” გატარებული სეზონის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა მას შემდეგ პირველ გუნდში თამაშის შანსი ჯერ არ მისცემია. მირანდას პასი გოლით ჯერ პეკემ, შემდეგ კი ჟერარმა დაასრულა. თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ორიოლ ბუსკეტსის გადაცემით ლუდოვიტ რაისმა ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავისი მოთამაშეები შეაქო.
“პირველ და მეორე ტაიმში თითქმის ორი გუნდი ვათამაშე და მათი თამაშისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით, ეს მატჩი კი კარგად ჩავატარეთ, რაც მომავალში დაგვეხმარება.
ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ბევრი ახალწვეულით. ამ 10 დღის განმავლობაში კარგად მოვემზადებით იმისთვის, რომ ჩემპიონატის პირველ შეხვედრას საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ”. – ციტირებს პიმიენტას სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.