workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი – 20 წელი ბარსელონაში

ლიონელ მესი – 20 წელი ბარსელონაში

2000 წლის 17 სექტემბერს, ბარსელონას მომავალი ლეგენდა ესტუმრა, სულ რაღაც 13 წლის ასაკში მიადგა კლუბის კარებს და ამ გუნდში თამაშზე ოცნებობდა. მესი მამასთან ერთად ჩავიდა ბარსელონაში და პირველი სირთულეებიც შეხვდა, მაგრამ ბრძოლისუნარიანობით თავიდანვე გამოირჩეოდა, ამიტომ იქამდე იბრძოლა, სანამ პირველ კონტრაქტს არ მოაწერა ხელი, მერე კი დაიწყო..

მესიმ კლუბთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდური თვალსაზრისით.

2000 – ლეგენდის დასაწყისი

 ლიონელ მესის უნდა დაემტკიცებინა, რომ „ბარსაში“ დარჩენის ღირსი იყო, კლუბს მისი დარჩენის ხარჯები უნდა გაეღო, მოგვიანებით კი მედიკამენტების ხარჯებიც, რომელიც საშუალებას მისცემდა, ფიზიკური ზრდა გაეგრძელებინა, მისი მოვლა ძვირი ჯდებოდა და ლეოს მოედანზე უნდა ეჩვენებინა, რომ ამად ღირდა. ამისათვის კი სულ მცირე დრო დასჭირდა, შემდეგ იყო კარლეს რეშაკის სიტყვები, რომელიც უკვე ისტორიის ნაწილია – „ჩვენ ის უნდა დავიტოვოთ, თუ ამას არ გავაკეთებთ, მთელი ცხოვრება სანანებელი გაგვიხდება.“

ლეომ კონტრაქტი დეკემბერში გააფორმა, როგორც მოგეხსენებათ პირველი ხელმოწერა ხელსახოცზე დატოვა, ეს ფაქტი ბევრჯერ გაიხსენეს მაშინ, როცა ლეოს კლუბის დატოვება სურდა და გუნდს ამის შესახებ, ბიუროფაქსის მეშვეობით აცნობა.

2001 – პირველი სერიოზული ტრავმა

 ლიონელ მესი იანვარში „ბარსას“ ოფიციალურად შეუერთდა. თუმცა, პირველი უსიამოვნება წინ ელოდა, სულ რაღაც მეორე თამაშში, მარცხენა ფეხის ძვალი დაიზიანა, ექიმთა ჯგუფმა მოტეხილობა დაუდგინა, ეს კი ტრაგედია იყო პატარა ბიჭისთვის, რომელმაც როსარიოდან დიდი გზა გაიარა ოცნების მისაღწევად, მაგრამ მესისთვის არ არსებობს ბარიერები, ტრავმას სწრაფადვე გაუმკლავდა და მოედანზე ისე დაბრუნდა, რომ არაფერი დატყობია.

ლეომ იმაზე მცირე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ოფიციალურად იყო გათვალისწინებული, მაგრამ როგორც სჩვევია, მისმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბეს.

მესი წარმოუდგენელი სისწრაფით პროგრესირებდა და სწორედ ამ დროს დაიწყო კლუბში საუბარი, რომ მესია მოვიდა, ეს ბიჭი „ბარსას“ სულ სხვა სიმაღლემდე აიყვანდა.

„მესი ნომერ პირველი ფეხბურთელია, მისი მსგავსი ტალანტები იშვიათად იბადებიან, ჩვენ მასზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან კლუბის მომავალი მის ხელშია.“ – ჩავი ერნანდესი

2002 – ბიჭი, რომელიც მიზანს ყოველთვის აღწევს

 მესის დაწინაურებას ხელი მხოლოდ ბიუროკრატიულმა ფაქტორებმა შეუშალეს, ერთ გუნდში მისი დიდხანს დატოვება არ შეიძლებოდა, რადგან ალღოს ყველაფერს სწრაფად უღებდა და იმდენი გოლი გაჰქონდა, რამდენიც მანამდე არავის გაეტანა, ამიტომ ცდილობდნენ სწრაფად დაეწინაურებინათ, სულ უფრო მაღალ ასაკში. სწორედ ამ წელს შეხვდა ლეო, ტიტო ვილანოვას, რომელთანაც მომავალში ითანამშრომლებს.

მისი გარშემომყოფნი ხვდებოდნენ, რომ საქმე განსაკუთრებულ მოვლენასთან ჰქონდათ, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ, ეს მორცხვი ბიჭი, იქნებოდა ერთ-ერთი პრეტენდენტი, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის.

2003 – პირველი წუთები, პირველ გუნდთან ერთად

 პროგრესი გრძელდებოდა ელვის სისწრაფით, უბრალოდ ვეღარ გააჩერებდნენ ასაკობრივ გუნდში, მას შემდეგ რაც 20 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა. ყველაფერთან ერთად, ფიზიკურად მოძლიერდა და გარდა იმისა, რომ ბურთს არასდროს თმობდა, ახლა მისი წაქცევაც ურთულესი გახდა. წლის ბოლოს, კიდევ ერთხელ დაწინაურდა.

მთავარ გუნდში, მისი დებიუტი „პორტუს“ წინააღმდეგ შედგა, რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. ლეო სულ რაღაც 16 წლის იყო, როცა 75-წუთზე თამაშში ჩაერთო. რაიკაარდმა იცოდა მისი განსაკუთრებული ნიჭის შესახებ და საშუალება მისცა, მთავარ გუნდში ეთამაშა.

2004 – ძირითადი გუნდის წევრი

 მესის დებიუტი ოფიციალურ შეხვედრებში, „ესპანიოლთან“ შედგა. ლეოს რაიკაარდის ხელმძღვანელობით სამი ამხანაგური მატჩი ჰქონდა ჩატარებული, პირველი ოფიციალური მატჩი კი კატალონური დერბი გამოდგა.

17 წლის ასაკში, უკვე ყველა ტურნირზე შეძლო „ბარსას“ მაისურის მორგება. მათ შორის კოპა დელ რეიზე და ჩემპიონთა ლიგაზე.

„მესი ყველაზე მეტჯერ შეძლებს „ოქროს ბურთის“ მოგებას, ის სხვა ლიგაში თამაშობს, მოიგებს ხუთ, ექვს, ან შვიდ „ოქროს ბურთს“, გამარჯვების ასეთი წყურვილი არასდროს მინახავს.“ – იოჰან კრუიფი.

2005 – გაელვება გამპერის თასზე

 მის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო გამპერის თასის შემდეგ, როცა „ბარსა“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. პატარა ლეომ პატრიკ ვიეირა „კამპ ნოუს“ ხასხასა ბალახზე აფორთხიალა და თამაშის შემდეგ ყველაფრის მნახველ ფაბიო კაპელოს ათქმევინა, რომ მსგავსი რამ არასდროს უნახავს.

მაშინვე გამოჩნდა სარბიელზე მილანის „ინტერი“, კლუბი მზად იყო 50 მილიონი ევრო გადაეხადა ფეხბურთელში, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრიც კი არ ყოფილა.

2006 – აღიარება და ტრავმები

 “ბარსამ” 2006 წელი ტრიუმფით დაასრულა, მაგრამ მესის მძიმე ტრავმის გამო მეორე ნახევარი მთლიანად გაუცდა. ისღა შეძლო, რომ ლონდონში, “ჩელსის” წინააღმდეგ, სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაეტარებინა. ფინალში გამოჯანმრთელდა, მაგრამ ვარჯიში მხოლოდ ერთი კვირის დაწყებული ჰქონდა და განაცხადში ვერ მოხვდა, სამაგიეროდ ოქროს მედალის, ღირსეული მფლობელია.

ახალი სეზონში კი გაცილებით მეტ დროს აძლევდნენ, 2006/07 წლების დასაწყისში, უკვე იგრძნობოდა, რომ ლეო ლუდოვიკ ჟიულის შემადგენლობიდან ამოაგდებდა.

„მისი თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებას, ეს ორგაზმის მსგავსი შეგრძნებაა.“ – ლუიშ ფიგუ

2007 – მესამე ადგილი „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში

 მესის ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, მაგრამ მაინც მოახერხა ისტორიაში შესვლა, „ბარსას“ „კლასიკოში“ მთავარ მეტოქესთან გაუჭირდა, რადგან პირველი ტაიმის მიწურულს მოედნიდან ოლეგერი გააძევეს, მიუხედავად ამისა, თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხა, ლიონელ მესიმ ბოლო წუთებზე მესამე გოლი შეაგდო, ჰეთ-თრიქი შეასრულა და კლუბს ქულა მოუტანა.

ამ წელსვე იყო გატანილი გოლი „ხეტაფესთან“, რომლის მერეც პატარა არგენტინელი მარადონას მემკვიდრედ მოინათლა და ხელით გატანილი გოლი „ესპანიოლის“ კარში, რომელმაც სამწუხაროდ ჩემპიონობა ვერ მოუტანა, რადგან რაულ ტამუდომ ბოლო წუთებზე ანგარიში გაათანაბრა, ისევე როგორც ნისტერლოიმ, გასვლაზე, სარაგოსაში.

ტრავმები ისევ გაგრძელდა, ლეო მაინც პროგრესირებდა, ჯერ კიდევ მაშინ იწვევდა გაოცებას, რა სწრაფად ახერხებდა ფორმაში შესვლას. ტრავმის მერე დაბრუნებული არ იყო, რომ უკვე სასწაულებს ჩადიოდა. 

2008 – პეპი მოვიდა

 სეზონი დასრულდა „ოლდ ტრაფორდზე“, მესის სულ რაღაც 3 კვირის დაწყებული ჰქონდა ვარჯიში და საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. სწორედ ამიტომ, „ოქროს ბურთის“ სამეულში მოხვდა.

ზაფხულში პეპი მოვიდა, რევოლუცია დაიწყო! ღვთაებრივი ფეხბურთი, მაქსიმალიზმი, ყველა ტურნირის მოგების წყურვილი, ექსპერიმენტები, 2008 წელს “ბარსამ” ისეთი ფორმა აკრიფა, რომ ყველა ხვდებოდა, მომდევნო წელს, კლუბის ანგარიშზე ნანატრი ტიტულები გაჩნდებოდა. 

„მესი არარეალური შესაძლებლობების ფეხბურთელია, ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესოა.“ – უეინ რუნი

2009 – ექვსი ტიტული და პირველი „ოქროს ბურთი“

 მესი ცრუ ცხრაინზე, სპექტაკლი „ბერნაბეუზე“ და ფინალი რომში. იდეალური სეზონი გამოდგა, პეპის ხელში, მესი ახალ სიმაღლემდე ავიდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

გვარდიოლას ხელში, ლეომ დაიწყო რაციონალურად თამაში და დაძლია ტრავმები, რომლიც ხელს უშლიდა სტაბილურად თამაშში.

პეპმა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა, მთავარ ტიტულებს სუპერ თასებიც მიაყოლა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატიც, მესიმ კი ინდივიდუალური ჯილდოები ჩაიჯიბა. ყველა გამოცემის გარეკანზე მოხვდა მისი გატანილი გოლი მკერდით, ფინალში, თამაშის შემდეგ პეპმა თქვა, რომ მესიმ ეს გოლი გულით გაიტანა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

ახალ სეზონში კი გუნდი კვლავ ისახავდა ყველა ტიტულის მოგებას, მესიც მშვენივრად გამოიყურებოდა და ფანებს იმედი ჰქონდათ, რომ ამჯერადაც ყველაფერი გამარჯვებით დასრულდებოდა. 

 

2010 – ტიტულების მოგება გრძელდება – მეორე „ოქროს ბურთი“

 მთავარი მიზანი მიუღწეველი დარჩა, „ბარსამ“ ფინალი „ბერნაბეუზე“ ვერ ითამაშა, ეს კი ძალიან ბევრი მიზეზით იყო განპირობებული, მათ შორის ბუნებრივი მოვლენებით, ადამიანური შეცდომებით და უიღბლობით.

სამაგიეროდ მესიმ, „არსენალთან“ სპექტაკლი დადგა, პოკერი შეასრულა და თამაშის შემდეგ, არსენ ვენგერი შეუერთდა იმ პროფესიონალების ჯგუფს, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

2010 წლის სექტემბერი, ერთ-ერთი საუკეთესო სეზონის დასაწყისი აღმოჩნდა, ლა ლიგაში ის კაცი მოვიდა, ვინც მესის კარიერას მუდმივად თან სდევდა, ეს კაცი იქ იყო, როცა მესიმ პირველი შეხვედრა ჩაატარა მთავარ გუნდში და ასევე იყო იქ, როცა პირველად გაიბრწყინა ოფიციალურ შეხვედრაში. ჟოზე მადრიდის „რეალს“ ჩაუდგა სათავეში და „კამპ ნოუზე“ შერცხვა.

სწორედ ასეთი თამაშების გამო იქცა პეპის „ბარსა“ ყველა დროის საუკეთესო გუნდად, მესი კი ამ გუნდის მთავარი შემოქმედი იყო.

 

2011 – ტრიუმფი და მორიგი „ოქროს ბურთი“

 ლეომ 2011 წელი ტრიუმფით დაასრულა „უემბლიზე“ მანჩესტერს გადაუარეს და ფერგის კანკალი დააწყებინეს.

მანამდე ლეომ მესამე „ოქროს ბურთი“ დაისაკუთრა, გაუთანაბრდა იოჰან კრუიფს, მიშელ პლატინის და მარკო ვან ბასტენს. კიდევ ერთი „ოქროს ბურთი“ და ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.

ახალი სეზონის დასაწყისში კი მადრიდის „რეალი“ დაამარცხა სუპერ თასზე, ლეოს გატანილი გოლით, „ბარსამ“ ბოლო წუთებზე მოახერხა გამარჯვება.

ლეო მესიმ, ლა ლიგაში 50 გოლი გაიტანა, რითიც რეკორდსმენი გახდა და საეჭვოა, ვინმემ, ოდესმე, ამ რეკორდს ძვრა უყოს.

„მასთან შედარებით მგონია, რომ სარბენ ბილიკზე მეხუთეკლასელებს ვეჯიბრები, სასიამოვნოა მესის თამაშის ყურება. – უსეინ ბოლტი

 

2012 – ყველაზე მეტი გოლი კალენდარული წლის მიხედვით და რეკორდული “ოქროს ბურთი” 

 ლეო მესიმ, 91 გოლი გაიტანა ერთი კალენდარული წლის მიხედვით, მოხსნა გერდ მიულერის რეკორდი და მეოთხე „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა, რითიც გახდა Franc Football-ის ჯილდოს რეკორდსმენი.

სეზონის დასასრულს გვარდიოლა წავიდა, ხოლო ახალი სეზონის დასაწყისში გუნდს ტიტო ვილანოვა ჩაუდგა სათავეში. ტიტოს ხელში ლეო იგივე დონეზე თამაშობდა, გუნდსაც კარგი შედეგები ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ვილანოვას ჯანმრთელობის მდგომარეობამ გააფუჭა, ტიტო ყველას ძალიან უყვარდა და მისმა ავადმყოფობამ ფეხბურთელებზე დამთრგუნველად იმოქმედა. 

 

2013 – მძიმე დასასრული და ტატა მარტინო 

 სეზონი მძიმედ დასრულდა, ტიტო ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგა. „ბარსა“ „ბაიერნთან“ განადგურდა. ლეო მესი პირველად დაფიქრდა გუნდიდან წასვლაზე, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ტიტოს თხოვნის გამო, გუნდი არ დატოვა. თუმცა, შედეგები ისევ წარმოუდგენლად კარგი ჰქონდა, სულ მცირე დააკლდა რეკორდის გამეორებამდე და ლა ლიგაში 50 გოლის გატანამდე, ამჯერად 46 გოლი შეაგდო. 

ახალი სეზონის დასაწყისში, გუნდში ტატა მარტინო მოვიდა. ტატამ კარგად დაიწყო, მაგრამ ეტყობოდა, რომ არ იყო “ბარსას” დონის მწვრთნელი, მას არც იოჰან კრუიფი აღიარებდა და ფეხბურთელებშიც ვერ ჰქონდა საკმარისი ავტორიტეტი. 

 

2014 – მცირე ჩავარდნა

 ტატა მარტინომ საჩემპიონო შეხვედრაში, “კამპ ნოუზე” ფრე ითამაშა “ატლეტიკოსთან”, ამ ანგარიშით კი ჩემპიონი მადრიდული კლუბი გახდა. გუნდში სიტუაცია აირია, როსელი დაიჭირეს, ბართომეუ პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა. “ბარსაში” გარდამტეხი ცვლილებების დრო იყო, სწორედ ამ დროს გაჩნდა ყველაზე დიდი შიში, რომ ფეხბურთის ბრილიანტი, ამ გაუგებრობებს შეეწირებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა. 

ახალი სეზონის დასაწყისში “ბარასას” სათავეში ლუის ენრიკე ჩაუდგა, რომელსაც საწყის ეტაპზე კონფლიქტი ჰქონდა ლეოსთან, მაგრამ ზამთრის არდადეგების შემდეგ, ყველაფერი დალაგდა და დაიწყო 2015 წელი. 

 

2015 – ახალი მწვერვალი

მესიმ ჩემპიონთა ლიგის თასი დაიბრუნა, „ბარსამ“ ბერლინში „იუვენტუსი“ დაამარცხა. ლეომ კი რიგით მეხუთე „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა. ტრიო შესანიშნავად გამოიყურებოდა და ახალი სეზონიც ძალიან მაღალ დონეზე დაიწყეს, თუმცა მესი ძველმა ტრავმამ შეაწუხა.

„მესიმ არგენტინულ ფეხბურთში ჩემი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.“ – დიეგო მარადონა

 

2016 – ტრიოს დასასრულის დასაწყისი

 2015/16 წლების სეზონი კლუბმა წარუმატებლად დაასრულა, „ბარსა“ „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა და ლიგას დაემშვიდობა, არადა მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ და საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდნენ მსოფლიოში. ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი გამოდგა, რომელმაც ბზარები გააჩინა. ახალი სეზონის დასაწყისში კლუბს კვლავ ლუის ენრიკე ხელმძღვანელობდა, მაგრამ ეს მისთვის უკანასკნელი სეზონის დასაწყისი გამოდგა.

 

2017 – რეკორდები გრძელდება

 2017 წელს მესიმ გაიტანა 54 გოლი და გააკეთა 19 საგოლე გადაცემა. „ბარსას“ მაისურით დაუგროვდა 500 გოლზე მეტი. წლის ერთ-ერთი მთავარი მატჩი მადრიდში შედგა, სადაც ლეომ ბოლო წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, მადრიდელებს მაისური სახეზე ააფარა. 

მიუხედავად ამისა, სეზონის დასასრული ვერ გამოდგა წარმატებული, ლუის ენრიკე გაუშვეს, ნეიმარი გაიყიდა, ეს ორი ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგამ განაპირობა, ნეიმარში სარეკორდო თანხა გადაიხადეს, იმიტომ, რომ პსჟ-თან მატჩის გმირი გახდა, ხოლო ლუის ენრიკე გაუშვეს იმიტომ, რომ “ბარსა” ფლეიოფში გასვლაზე განადგურდა, ჯერ ფრანგებთან, მერე იტალიელებთან. ენრიკეს წასვლის მერე, ვნახეთ, რომ ეს მწვრთნელის ბრალი არ ყოფილა.

ზაფხულში მოვიდა ვალვერდე, გუნდში ცვლილებები დაიწყო, მაგრამ ლეო მაინც შემართული დარჩა ტიტულების მოსაგებად. 

 

2018 – კაპიტნობის დასაწყისი

 მიუხედავად უმძიმესი მარცხებისა, ლეო მაინც აგრძელებდა მწვერვალზე ყოფნას, გუნდი ხან მიყვებოდა, ხან ვერა, მაგრამ თავად მწვერვალიდან არ დაშვებულა. 

2017/18 წლების სეზონი „ბარსასთვის“ ძალიან მძიმედ დასრულდა, მაგრამ ახალი სეზონი, ახალი შემართებით დაიწყო, მესის ჯერ კიდევ ლიგის ჯგუფური ეტაპიდანვე ეტყობოდა, რომ მორიგი „ოქროს ბურთისთვის“ აპირებდა ბრძოლას და ეს გუნდის წარმატებაზეც უნდა ასახულიყო.

„ის ვარჯიშებზე აკეთებდა იმას, რაც არასდროს მინახავს, მსოფლიოს საუკეთესო შემტევია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ საჭირო გახდა, საუკეთესო მცველობასაც შეძლებს.“ – ლუის ენრიკე

 

2019 – ლივერპულის ტრაგედია

 წესით ზაფხული იდეალურად უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ასე არ გამოდგა, „ბარსა“ ლივერპულში განადგურდა და ფინალში ვერ გავიდა, არადა გულშემატკივრები და მემგონი ფეხბურთელებიც, უკვე ზეიმობდნენ გამარჯვებას, „ბარსა“, შესაძლოა სწორედ ამ თავდაჯერებამ დაღუპა.

შოკში მყოფმა გუნდმა, კოპა დელ რეის ფინალიც წააგო. მესი მაინც არ დაუკარგეს იდეალური სეზონი და მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეძლო.

ახალი სეზონი დაიწყო კვლავ ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით და ხორვატიის მსგავსი ფორმით, რომელიც ვერ გამოდგა წარმატების მომტანი.

 

2020 – წავლის ზღვარზე

 ლეოს ძალიან ატკინეს გული, ჯერ ერთი წასვლა სურდა, ჩათვალა, რომ ვალი მოიხადა კლუბის წინაშე, მაგრამ არ გაუშვეს, მერე ფანებმა და ჟურნალისტებმაც ლანძღეს, მართალია მათი რიცხვი ბევრი არ ყოფილა, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია, როცა ასე სწრაფად ივიწყებენ ყველაფერს და ისე გექცევიან თითქოს არავინ იყო ამ კლუბისთვის.

ამიტომ ჩამოსტირის ლეოს სახე, მაგრამ ფაქტია, რომ „ბარსაში“ კიდევ ერთ სეზონს დაჰყოფს და სწორედ ამ სიჯიუტის შედეგად, ზუსტად 20 წელი გავიდა, რაც ლეო „ბარსელონაშია.“

„საფეხბურთო ისტორიას მხოლოდ სამი გენია ჰყავს, პელე, მარადონა და მესი.“ – ფაბიო კაპელო

 

პარტნიორები

 

ლეო მესის თამაშს მისი პარტნიორებიც განაპირობებდნენ, არა მხოლოდ თამაშის ხარისხს, არამედ სათამაშო სტილს, ლეო ადრეულ წლებში მათ სათამაშო სტილს ერგებოდა, მოგვიანებით კი სხვები იყვნენ იძულებულნი მას მორგებოდნენ.

პარტნიორობა ფეხბურთში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია, სადაც ყველაზე დიდ ინდივიდუალისტსაც კი სჭირდება მხარდაჭერა.

ლეოს ადაპტაციაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს რონალდინიომ და სამუელ ეტო’ომ, შემდგომ წლებში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო მანუელ პინტო, რომელიც მუდმივად მხარს უჭერდა და აგულიანებდა.

მესის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფაბრეგასთან, მასკერანოსთან, ლავეცისთან, აგუეროსთან, ალვესთან, ალბასთან, ნეიმართან და რა თქმა უნდა, ლუის სუარესთან.

ამ გვარების ჩამოთვლისთანავე თვალწინ დაგვიდგება ის კომბინაციები, რომელსაც ეს ფეხბურთელები მოედანზე ახორციელებდნენ. (პინტოსთან კომბინაციაზე რა მოგახსენოთ?!)

მესის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი კი უდავოდ პეპ გვარდიოლაა, ასევე დიდი როლი ითამაშეს ფრანკ რაიკაარდმა და ტიტო ვილანოვამ.

მესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, ლეო მეოჯახეა, სხვა არც არაფერი აინტერესებს, ყოველთვის ასეთი იყო, ბურთი და ოჯახი მისთვის უმთავრესია. მამა, დედა, და, ძმები, ცოლი და სამი შვილი.

ასევე არ დაგვავიწყდეს გარდაცვლილი ბებია, რომელიც ლეოს პირველი ქომაგი იყო, სწორედ მას დაჰყავდა ფეხბურთზე და მესი დღემდე მას უძღვნის გატანილ გოლებს.

„ოდესმე შვილიშვილებს მოვუყვები, რომ მესის ვწვრთნიდი, მასთან ბევრი საუბარი არ შეიძლება, რადგან ყველაფერი უსიტყვოდ ესმის, სამაგიეროდ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ მის თითოეულ სიტყვას, ასევე, არაფრით არ შეიძლება მისი მოედნიდან გაყვანა, თუნდაც ოვაციებისთვის, ეს დაუშვებელია, ის ამას ვერ ეგუება.“ – პეპ გვარდიოლა

ქველმოქმედება

 

თავის მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, ლეომ უდიდესი ქველმოქმედება გაიღო, ძირითადად ამას ჩუმად აკეთებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მისი ქველმოქმედება ვერ იმალება, ბოლო ასეთი შემთხვევა საავადმყოფოს შეეხება, არგენტინაში კლინიკის სრული დაფინანსება მესიმ გაიღო, აღნიშნულ კლინიკაში ბავშვთა ონკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობენ.

ასევე, ლეოს ძალიან დიდი თანხა აქვს გაღებული თავის ფონდის მეშვეობით და მუდმივად აფინანსებს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სწავლა-განათლებას. არის ჩართული UNICEF – ის რამდენიმე პროექტში.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია, ხოლო მეორე ადგილზე ტრავმირებული მესი. ის შეუდარებელია, XXI საუკუნის მთავარი გენია! – ხორხე ვალდანო

წყარო – მომზადებულია Marca-ს მიხედვით. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 17 სექ 2020, 19:07
    #5

    ბრავო ძალიან მაგარი სტატიაა მადლობა ავტორს

  • M10 S9 D11
    schedule 17 სექ 2020, 18:56
    #4

    ძაან მაგარი იყო ბრავო ავტორს

  • Bakero
    schedule 17 სექ 2020, 17:24
    #3

    👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👌

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 სექ 2020, 16:04
    #2

    ავტორს დიდი მადლობა!

  • Pique_3
    schedule 17 სექ 2020, 15:33
    #1

    ფეოლ საღოლ ძმაო👑👑❤❤ძაან გიჟი სტატიაა😌😌